
რატომ ვერ ვითარდება საქართველოში აქციების ბაზარი - გიორგი ამზაშვილის მოსაზრება
თბილისის საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის შეფასებით, საქართველოში აქციების ბაზრის განვითარებას ის გარემოება აფერხებს, რომ ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა მსგავს ფასიან ქაღალდებზე შედარებით ნაკლებია.
როგორც გიორგი ამზაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, დღეს საქართველოს საფინანსო ბაზარზე საბანკო დომინაციაა, რომლისთვისაც უფრო მეტად კორპორაციული ობლიგაციების ინსტრუმენტებია საინტერესო.
თუმცა გიორგი ამზაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ნელ-ნელა ვითარდებიან კერძო საპენსიო სქემები და საინვესტიციო ფონდები, რომელთათვისაც შესაძლოა, უფრო მრავალფეროვანი ინსტრუმენტები იყოს საინტერესო.
“მოთხოვნის მხარე უნდა იყოს კარგად ფორმირებული, სტაბილური და მდგრადი. როდესაც მოთხოვნის მხარე არის, მაშინ ჩნდება მიწოდებაც. ეს კლასიკური აკადემიური მოდელია საფონდო ბირჟის თვალსაზრისით, რომ მოთხოვნა უნდა გაჩნდეს გარკვეულ საინვესტიციო ინსტრუმენტებზე. ძირითადი მონაწილეები, როგორც წესი, არიან ხოლმე საპენსიო სქემები, საპენსიო ფონდების აქტივების მმართველები, სადაზღვევო კომპანიები და საინვესტიციო ფონდები. ეს მხარე საქართველოში არ არის ძლიერი.
ჩვენ გვაქვს ახლა საბანკო დომინაცია და საბანკო დომინაცია კარნახობს იმ ინსტრუმენტს, რომელიც ბანკს აწყობს. ეს [არის] ობლიგაცია, რომელიც მარტივია ბანკისთვის, ადვილი გასავლელია ეს ჯაჭვი, შეიძინა, შემდეგ წაიღო, რეპო ოპერაციაში გამოიყენა, გამოიტანა რეფინანსირება და ა.შ. კაპიტალის ბაზრის მხარე, რომელიც თავის სიტყვას იტყოდა, ეს მხარე განუვითარებელია.
ის კაპიტალი, რომელსაც სხვა მოთხოვნები უნდა ჰქონდეს, ასეთი ჯერჯერობით ფორმირებული არ არის. თუმცა, იმედს რაც გვაძლევს, არის ის, რომ ხდება კერძო საპენსიო სქემების ფორმირება. კერძო საპენსიო სქემები გაჩნდა საქართველოში, რამდენიმე სადაზღვევო კომპანიამ გააკეთა, რაც კარგი მაჩვენებელია. პირველი ნაბიჯები გადაიდგა და გარკვეული კაპიტალი ჩამოყალიბდა და მათი ფორმირება მოხდა”, - განაცხადა გიორგი ამზაშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge