მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რაზე გაამახვილა ყურადღება ქართულმა დელეგაციამ ბრიუსელში 11 ივნისის შეხვედრაზე? - საგარეოს პასუხი
რაზე გაამახვილა ყურადღება ქართულმა დელეგაციამ ბრიუსელში 11 ივნისის შეხვედრაზე? - საგარეოს პასუხი

რაზე გაამახვილა ყურადღება ქართულმა დელეგაციამ ბრიუსელში 11 ივნისის შეხვედრაზე? - საგარეოს პასუხი

BM.GE26 ივნისი, 2026, 21:20|bm.ge

"არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება - საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ - უსამართლოა", - ამის შესახებ სადეპუტატო კითხვის პასუხად საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილში წერია.

კერძოდ, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ საგარეო უწყებას მიმართა კითხვით 2026 წლის 11 ივნისს, ბრიუსელში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით. პარლამენტის წევრს აინტერესებდა, რა იყო ქართული მხარის არგუმენტები საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების სავარაუდო დარღვევების ნაწილში.

საგარეო უწყების პასუხში აღნიშნულია, რომ შეხვედრისას საქართველოს დელეგაციამ ყველა საკითხთან დაკავშირებით წარმოადგინა პოზიციები, რის შესახებაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელა საჯარო კომუნიკაცია.

საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის დროებით შეჩერების თაობაზე ევროკომისიის 2026 წლის 6 მარტის აღმასრულებელ რეგულაცია ეფუძნება ანგარიშს, რომელიც ტენდენციურად აფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას.

“შესაბამისად, არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა. მიუხედავად ამისა, სავიზო დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები”, - განმარტავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და იმ საკითხებს ასახელებენ, რაც ქართულმა მხარემ შეხვედრისას დააყენა:

“ხაზი გაესვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის, გაერთიანების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თანასწორობის დაცვას. აღინიშნა, რომ ქვეყანაში მოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი ეროვნული მექანიზმები და გრძელდება შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერება. ასევე, ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უზრუნველყოფის დასტურია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების მიერ რეგულარულად ორგანიზებული საპროტესტო აქციები. აღინიშნა, რომ, მიუხედავად 2024 წლის აქციების ძალადობრივი ხასიათისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თუ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო მოხელეების, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენების და სხვა დარღვევების გამოსავლენად.

ხაზი გაესვა, რომ 2024 წლის ძალადობრივი პროტესტის დაშლის ოპერაციისას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ერთ ეპიზოდში ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლის ბრალდებით, ამჟამად დაკავებულია 5 პირი და მათ მიმართ მიმდინარეობს სასამართლო საქმის წარმოება. ხაზი გაესვა, რომ უსაფუძვლოა არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნა, მაშინ, როდესაც ისინი მიღებულია საქართველოს ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ეწინააღმდეგება არც ერთ საერთაშორისო კონვენციას თუ შეთანხმებას, რომლის წევრიც არის საქართველო.

ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით შექმნილია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მიგრაციის მართვის, არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და რეადმისიის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და შესაბამის სააგენტოებთან.

აღინიშნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ქონების მოძიების სამმართველოს შექმნა, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. სამუშაო ჯგუფმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია აღნიშნული საკითხით პოლიტიკური მანიპულირება.

საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას”, - წერია საგარეო უწყების განმარტებაში.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ 6 მარტს საქართველოში გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში შეუჩერა. მექანიზმი, რომელიც გასული წლის ბოლოს მიიღეს, პირველად საქართველოსთან მიმართებით გამოიყენეს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საჯარო სერვისების ფორუმზე არ მიიწვიეს ადამიანები, რომლებიც წლებია მუშაობენ ამ საკითხზე - IDFI

საჯარო სერვისების ფორუმზე არ მიიწვიეს ადამიანები, რომლებიც წლებია მუშაობენ ამ საკითხზე - IDFI

BM.GE

უხვი ნალექის ფონზე, რეგიონებში ხვნა-თესვის და მოსავლის აღების სამუშაოები ფერხდება - ფერმერთა ასოციაცია

უხვი ნალექის ფონზე, რეგიონებში ხვნა-თესვის და მოსავლის აღების სამუშაოები ფერხდება - ფერმერთა ასოციაცია

BM.GE

დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე "თავდაცვის ძალები 2035" - პრემიერი

დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე "თავდაცვის ძალები 2035" - პრემიერი

BM.GE

წალენჯიხაში სქურის გზის პროექტირება მიმდინარეობს. წლის ბოლომდე დაიწყება სამუშაოები - ირაკლი კობახიძე

წალენჯიხაში სქურის გზის პროექტირება მიმდინარეობს. წლის ბოლომდე დაიწყება სამუშაოები - ირაკლი კობახიძე

BM.GE