
რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა?
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის ლიდერმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.
თურქეთის კომუნიკაციების სამინისტროს ცნობით, საუბრისას ერდოღანმა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და კოორდინაციის მიმართულებით მზაობა გამოხატა.
ამასთან, თურქეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ანკარა ყოველთვის მზად არის, წვლილი შეიტანოს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებაში და საჭიროების შემთხვევაში, მედიატორის როლიც შეასრულოს.
გარდა ამისა, სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღე და სახელმწიფო დუმის არჩევნებში მისი პოლიტიკური პარტიის გამარჯვება მიულოცა.
კრემლის ინფორმაციით, მხარდაჭერისათვის პუტინმა ერდოღანს მადლობა გადაუხადა და შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობა დაადასტურა. უნდა აღინიშნოს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ამჟამად საფრთხეს სწორედ რუსეთის სამხედრო იერიშები, დრონები და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული შეტევები ქმნის.
BM.GE
წყარო: bm.ge