მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება - TBC Capital
რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება - TBC Capital

რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება - TBC Capital

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 17:31|bm.ge

რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ მაკროეკონომიკურ განახლებაშია აღნიშნული.

"თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა ბალანსმა 2026 წლის მეორე კვარტალში მშპ-ის 0.4% შეადგინა და, უკვე ზედიზედ მეხუთე კვარტალია, პროფიციტში ნარჩუნდება. მკითხველს შევახსენებთ, რომ, პრაქტიკული თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენი მსოფლიოს მიმართ წმინდა კრედიტორი იყო, ანუ უცხოურ ვალუტაში რეზიდენტების ჯამური შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა. 2025 წლამდე მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებული პროფიციტი მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის მესამე კვარტალში ფიქსირდებოდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე.

ამავდროულად, სახეზეა გარკვეული შენელებაც - მეორე კვარტალის პროფიციტი მხოლოდ მცირედით აღემატება პირველი კვარტლის იმავე მაჩვენებელს (მშპ-ის 0.1%), ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის უცვლელია. ეს პირდაპირი უცხოელი ინვესტორებისთვის გადახდილი დივიდენდების წლიურ ჭრილში ფაქტობრივად გაორმაგებას უკავშირდება, რამაც სხვა წყაროებით გაზრდილი შემოდინებები გადაფარა. ჯამურად, რეინვესტიციებისა და სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მშპ-ის 0.2% შეადგინა, რაც 2025 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირებულ 1.3%-იან მაჩვენებელს შესამჩნევად ჩამორჩება.

თანხობრივად, იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 158 მილიონი აშშ დოლარით გაუმჯობესდა. აღნიშნულში მთავარი წვლილი ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) მომსახურების ექსპორტმა, ფულადმა გზავნილებმა და საქონლით ვაჭრობის შემცირებულმა დეფიციტმა შეიტანა. საპირისპირო მხარეს, გაიზარდა დივიდენდების გადახდა და შემცირდა ტრანსპორტირებისა და ტურიზმის წმინდა ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები.

უფრო დეტალურად, წლის პირველ ნახევარში ICT მომსახურების წმინდა ექსპორტი წლიურად 73%-ით გაიზარდა და ეკონომიკურ ზრდაში მთავარი კომპონენტის პოზიციაც შეინარჩუნა, თუმცა 2025 წლის მეოთხე კვარტალიდან, დაახლოებით, ერთ დონეზე ნარჩუნდება. წლიურად 11%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები, რაშიც უდიდესი წვლილი ევროკავშირიდან და აშშ-დან გადმორიცხულმა თანხებმა შეიტანა, ხოლო საქონლის ექსპორტის მძლავრი დინამიკისა და, მეტწილად ავტომობილების იმპორტის კლებით გამოწვეული, იმპორტის შედარებით სუსტი ზრდის ფონზე, შემცირდა საქონლით ვაჭრობის დეფიციტიც.

თავის მხრივ, დივიდენდების წმინდა გადინება 2026 წლის პირველ ნახევარში წლიურად 55%-ით გაიზარდა და 816 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. გარკვეული შემცირება დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებშიც, ხოლო ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლები წლიურად 2%-ით შემცირდა.

მიუხედავად ამისა, გასული ხუთი კვარტლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის ჯამურმა პროფიციტმა, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, 360 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რამაც ლარის გამყარებასა და ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების აქტიურ დაგროვებას შეუწყო ხელი. თუმცა, რეზერვების დაგროვების უდიდესი ნაწილი ფინანსური ანგარიშის, კერძოდ კი ბანკების მიერ მოზიდული უცხოური დაფინანსების, ხარჯზე მოხდა.

ფინანსური ანგარიში აჩვენებს, თუ როგორ დაიხარჯა მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი საზღვარგარეთ ან როგორ დაფინანსდა დეფიციტი საზღვარგარეთიდან. თუ ფინანსური და მიმდინარე ანგარიშის ბალანსების ჯამი დადებითია, ეს სებ-ს სავალუტო რეზერვების დაგროვების საშუალებას აძლევს. 2026 წლის მეორე კვარტალში, ქვეყანაში ფინანსური ნაკადების წმინდა შემოდინებამ მიმდინარე ანგარიშის დადებით ბალანსზე მკვეთრად მეტი - დაახლოებით 0.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რამაც სებ-ის მთლიანი რეზერვების რეკორდული, 969 მილიონი აშშ დოლარით ზრდა განაპირობა.

პირველი კვარტალისგან განსხვავებით, როდესაც პორტფელური შემოდინებების ძირითადი წყარო რეზიდენტების მიერ უცხოური აქტივების გაყიდვა იყო, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ფინანსური შემოდინებები ძირითადად საზღვარგარეთ ახალი ვალდებულებების აღებას ასახავდა, რომლის მთავარი წყაროც ბანკები იყვნენ. ბანკებმა 2026 წლის მეორე კვარტალში საზღვარგარეთიდან სესხების, ობლიგაციებისა და არარეზიდენტების დეპოზიტების სახით რეკორდული 921 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდეს, ხოლო უცხოურ აქტივებში მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების გათვალისწინების შემდეგ, ამ არხიდან ქვეყანაში წმინდა შემოდინებამ 664 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სებ-ის რეზერვების კვარტალური ნაზრდის ორ მესამედზე მეტია. თუმცა საბანკო ნაკადები ფინანსური ანგარიშის ყველაზე ცვალებადი კომპონენტია, რაც ნაწილობრივ ბანკების მიერ უცხოური ლიკვიდობის ბუფერების კორექტირებას ასახავს.

გარდა ამისა, მეორე კვარტალში 156 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა წმინდა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა რეინვესტიციების გამორიცხვით, ხოლო, ბოლო პერიოდში გაზრდილი ინტერესის შედეგად, არარეზიდენტების მიერ საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების შესყიდვამ მთავრობის მიერ საგარეო ვალის დაფარვას 57 მილიონი აშშ დოლარით გადააჭარბა. ამ ფონზე, ქვეყნის რეზიდენტებმა დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარი დააბანდეს უცხოურ აქციებსა და საინვესტიციო ფონდებში. ივნისის ბოლოსთვის, რეზიდენტების (მათ შორის ბანკების) მფლობელობაში არსებული უცხოური პორტფელური აქტივების ღირებულებამ, რომელიც 2022 წლის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, 5.1 მილიარდ აშშ დოლარს, ანუ მშპ-ის 12.6%-ს მიაღწია.

ჯამურად, ვინაიდან გასული ხუთი კვარტალის განმავლობაში მთლიანი სავალუტო შემოდინებები გასავლებს აღემატებოდა, სებ-ის სავალუტო რეზერვები 2.6 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, საიდანაც მიმდინარე ანგარიშის დადებითი ბალანსის წვლილი 0.4 მილიარდს უტოლდებოდა, წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წვლილი 0.6 მილიარდს, ბანკების წვლილი 1.2 მილიარდს, ხოლო მთავრობის წვლილი 0.3 მილიარდ აშშ დოლარს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეინვესტიციების გამორიცხვით მიმდინარე ანგარიშის დადებითმა ბალანსმა რეზერვებზე სავალუტო გადინებების ზეწოლა მოხსნა, ხოლო დამატებითი რეზერვების დაგროვება კაპიტალის, განსაკუთრებით კი საბანკო, ნაკადების ზრდის შედეგად გახდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ რეზერვების დაგროვება კვლავ გრძელდება. ეროვნულმა ბანკმა ივლისსა და აგვისტოში სავალუტო ბაზარზე დამატებით 1 მილიარდი აშშ დოლარი შეისყიდა, რის შედეგადაც, მთლიანი რეზერვები 8.1 მილიარდ დოლარამდე, წმინდა რეზერვები კი 5.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სარეზერვო ოქროს ფასის შემცირების მიუხედავად, ბოლო მონაცემებით, რეზერვების ზრდა გაგრძელდა სექტემბერშიც და მთლიანმა მოცულობამ 8.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეფასებული რეზერვების ადეკვატურობის დონის 128.7%-ს უტოლდება.

თიბისი კაპიტალის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი მესამე კვარტალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება, ძირითადად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის ფონზე, რამაც რუსეთიდან და ყირგიზეთიდან ფულადი გზავნილების სანქციებით გამოწვეული კლება დააბალანსა. ამ ნაკადის კუთხით, მოსალოდნელია, რომ შემოდინებები გაგრძელდება, თუმცა მათი ნაწილი სავარაუდოდ სხვა ფულადი გზავნილების სისტემებზე, ნაწილი კი სხვა არხებზე გადაინაცვლებს, ამიტომ გაურკვევლობის დონე მაღალია. ამავდროულად, ICT ექსპორტის მაღალი საბაზო ეფექტი და დივიდენდების გაზრდილი გადინება მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაზე, სავარაუდოდ, მცირედით უარყოფითად იმოქმედებს. შესაბამისად, თიბისი კაპიტალის განახლებული პროგნოზით, რეინვესტიციების გამორიცხვით მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი წელს მშპ-ის 1.0%-ის ნაცვლად დაახლოებით 0.7-0.8%-ს გაუტოლდება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007726-macro-update-georgia

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილის შვილი ფლობს "ვიპ ფეის", რომელიც სებ-ის რეგულირების ქვეშაა

ნანა ყეინიშვილის შვილი ფლობს "ვიპ ფეის", რომელიც სებ-ის რეგულირების ქვეშაა

BM.GE

წლის ბოლომდე საკადრო ოპტიმიზაცია კიდევ იქნება - „საქართველოს რკინიგზის" დირექტორი

წლის ბოლომდე საკადრო ოპტიმიზაცია კიდევ იქნება - „საქართველოს რკინიგზის" დირექტორი

BM.GE

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ხვდება ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩს

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ხვდება ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩს

BM.GE

ბროკერები დუბაიდან, ისრაელიდან და ესპანეთიდან თბილისში:ქართული პროექტებისთვის ახალი საერთაშორისო ბაზრები იხსნება!

ბროკერები დუბაიდან, ისრაელიდან და ესპანეთიდან თბილისში:ქართული პროექტებისთვის ახალი საერთაშორისო ბაზრები იხსნება!

BM.GE