
Rivian-ის მესამე კვარტალის შემოსავალმა $2.16 მილიარდს მიაღწია და მოლოდინს გადააჭარბა
2026 წლის მესამე კვარტალში საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერის, Rivian-ის შემოსავალი წლიურად 38%-ით, $2.16 მილიარდამდე გაიზარდა და უოლ-სტრიტის მიერ პროგნოზირებულ $1.99 მილიარდს გადააჭარბა. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $1.17 მილიარდის წმინდა ზარალი დააფიქსირა, ამჯერად უარყოფითი სალდო $913 მილიონამდე შემცირდა. კორექტირებულმა ზარალმა ერთ აქციაზე 48 ცენტი შეადგინა, რაც LSEG-ის ანალიტიკოსების მიერ განსაზღვრულ 62 ცენტზე უკეთესი მაჩვენებელი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში Rivian-მა მომხმარებლებს რეკორდული რაოდენობის, 19,248 ავტომობილი მიაწოდა, რაშიც მთავარი როლი ახალმა, შედარებით ბიუჯეტურმა R2 მოდელმა შეასრულა.
სეგმენტების მიხედვით, პროგრამული უზრუნველყოფისა და მომსახურების მიმართულებამ $605 მილიონის შემოსავალი და $256 მილიონის საერთო მოგება მოიტანა, რაც 42%-იან მარჟას უტოლდება. ავტომობილების წარმოებისა და რეალიზაციის მიმართულებიდან შემოსავალმა თითქმის $1.55 მილიარდს მიაღწია. საერთო ზარალმა კი მხოლოდ $80 მილიონი შეადგინა. კომპანიის მთლიანი საერთო მოგება წლიურად $24 მილიონიდან $176 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო EBITDA-ს კორექტირებული ზარალი $167 მილიონით გაუმჯობესდა და $435 მილიონამდე შემცირდა.
გაუმჯობესებული შედეგების გათვალისწინებით, Rivian-მა 2026 წლის პროგნოზებიც გაზარდა. განახლებული მონაცემებით, ავტომწარმოებელი მიმდინარე წელს 67,000-დან 70,000-მდე ელექტრომობილის მიწოდებას გეგმავს, ნაცვლად მანამდე ნავარაუდები მინიმუმ 65,000 ერთეულისა.
ამას გარდა, დაბეგვრამდე კორექტირებული ზარალის მოლოდინი $1.75-$1.85 მილიარდამდე შემცირდა, ხოლო კაპიტალური დანახარჯების მოცულობა $1.4-$1.5 მილიარდამდე დაკორექტირდა.
Rivian-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არ-ჯეი სკარინჯმა აღნიშნა, რომ R2 მოდელი წლის ბოლოსთვის დადებით საერთო მარჟას მიაღწევს, მთლიანი ბიზნესის მომგებიანობისთვის კი წარმოების მასშტაბის 160,000 ერთეულამდე გაზრდაა იქნება აუცილებელი.
აღსანიშნავია, რომ კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, საფონდო ბირჟის დახურვის შემდგომ სესიაზე Rivian-ის აქციების ფასი თითქმის 7%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, R2 მოდელი Rivian-ის არსებულ ფლაგმანურ R1S-თან შედარებით უფრო კომპაქტური და დაბალფასიანი ყველგანმავალია, რომლის პირველი მიწოდებაც მომხმარებლებთან მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.
BM.GE
წყარო: bm.ge