
რკინიგზამ ახალციხის სადგურის რეაბილიტაციისთვის ₾2.8-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს რკინიგზამ ქალაქ ახალციხეში სარკინიგზო სადგურის და მისი ბაქნის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 2.78 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი Design-Build მეთოდით განხორციელდება, რაც გულისხმობს, რომ გამარჯვებული კომპანია ვალდებულია როგორც სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაციის პროექტის შემუშავებაზე, ასევე მისი რეკონსტრუქციის სამუშაოების განხორციელებაზე.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 2,784,504 ლარს შეადგენს დღგ-ის გარეშე. წინადადებების მიღება 29 მაისს დაიწყება და 3 ივნისს დასრულდება.
პროექტი ახალციხეში, დაახლოებით 2,850 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება და მოიცავს სარკინიგზო სადგურისა და ბაქნის რეაბილიტაციას. ტექნიკური დავალების მიხედვით, სადგურის შენობის ფართობი დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი იქნება.
დოკუმენტაციის თანახმად, სადგურში უნდა განთავსდეს მოსაცდელი დარბაზი, სალარო, დაცვის ოთახი, სადგურის მორიგის ოთახი, სასერვერო, საწყობი, საპირფარეშოები, მათ შორის შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცეები, ასევე ლიფტი. პროექტი ასევე ითვალისწინებს გათბობა-გაგრილების სისტემას, ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს, ენერგოეფექტურ განათებასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას.
რაც შეეხება ბაქანს, ტექნიკური პირობებით მისი სიგრძე 120 მეტრი, ხოლო სიგანე 5 მეტრი უნდა იყოს. დაგეგმილია მოაჯირების, ტაქტილური ფილების, უსაფრთხოების მანიშნებლების, LED განათებისა და ღია გადახურული მოსაცდელის მოწყობაც.
ტენდერის პირობებით, პროექტის პირველი ეტაპი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღეში ესკიზების წარმოდგენას ითვალისწინებს. სრული საპროექტო დოკუმენტაცია 45 დღეში უნდა მომზადდეს, ხოლო საბოლოო ექსპერტიზის გავლილი პროექტის დამტკიცების შემდეგ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა 5 თვე იქნება.
ტენდერში მონაწილე კომპანიებს სავალდებულო გამოცდილების მოთხოვნებიც უწესდებათ. კერძოდ, პრეტენდენტს 2022 წლიდან დღემდე უნდა ჰქონდეს შესრულებული მინიმუმ 200,000 ლარის საპროექტო მომსახურება და არანაკლებ 5 მილიონი ლარის სამშენებლო ან სარეაბილიტაციო სამუშაოები სამოქალაქო დანიშნულების ობიექტებზე.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება ხელშეკრულების ღირებულების 30%-მდე ავანსი მიიღოს შესაბამისი საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.
შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადები სხვადასხვა კომპონენტისთვის განსხვავებულია. კონსტრუქციულ ნაწილზე გარანტია 25 წელს შეადგენს, სახურავზე — 10 წელს, ფასადსა და მოსაპირკეთებელ სამუშაოებზე — 5 წელს, ხოლო საინჟინრო სისტემებზე — 3 წელს.
ცნობისთვის, გასულ თვეს რკინიგზასთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაციაც დააანონსა. პრემიერმა განაცხადა, რომ აგვისტოში დასრულდება აღნიშნული ხაზის რებილიტაცია, რომელიც 2009 წლიდან გაუქმებული იყო.
"გადაადგილების დრო ძველ დროსთან შედარებით 6 საათიდან შემცირდება 3 საათამდე, ანუ განახევრდება გადაადგილების დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე", - განაცხადა კობახიძემ.
სადგურის ფოტო - სამხრეთის კარიბჭე
BM.GE
წყარო: bm.ge