
რკინიგზამ ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული სადგურების რეაბილიტაციისთვის ₾4.8 მლნ-ის ტენდერი გამოაცხადა
„საქართველოს რკინიგზამ“ ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ისტორიული სადგურებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 4.8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 813 156 ლარს შეადგენს, ხოლო წინადადებების მიღება 27 ივნისს დაიწყება და 2 ივლისს დასრულდება.
ტენდერი Design-Build მოდელით ტარდება და ერთ ხელშეკრულებაში აერთიანებს როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე ამ პროექტების საფუძველზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. შესყიდვის საგანი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე სარკინიგზო ობიექტების აღდგენაა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ექვს ისტორიულ ობიექტს მოიცავს. მათ შორისაა ბაკურიანის, დაბის, ცემის, ლიბანისა და წაღვერის სადგურები, ასევე ბორჯომი-ბაკურიანის რკინიგზის ადმინისტრაციული შენობა და სამგზავრო ბაქნები.
პროექტის მიზნად დასახელებულია ავარიული და დაზიანებული ელემენტების კონსერვაცია, სადგურების ავთენტური იერსახის შენარჩუნება და აღდგენა, სამგზავრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე ტურისტული მიმზიდველობის ზრდა. დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები უნდა განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სტანდარტების დაცვით და ისტორიული ელემენტების მაქსიმალური შენარჩუნებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს სადგურების სახურავების, ფასადების, ფანჯრებისა და კარებების აღდგენას, ინტერიერის რეაბილიტაციას, სამგზავრო ბაქნების მოწესრიგებას, ასევე საინჟინრო სისტემების – ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, გათბობისა და უსაფრთხოების სისტემების განახლებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობაც.