
რკინიგზამ სამი სამგზავრო მატარებლის რემონტისთვის ჩინურ CRRC-თან $7.3 მილიონის კონტრაქტი გააფორმა
სს „საქართველოს რკინიგზამ“ ჩინურ კომპანია CRRC Nanjing Puzhen Co. Ltd.-თან 7.316 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტი GRT სერიის სამი სამგზავრო ელექტრომატარებლის კაპიტალურ რემონტსა და ნაწილობრივ მოდერნიზაციას ითვალისწინებს. სამუშაოები პირდაპირი შესყიდვის წესით განხორციელდება. აღნიშნული მატარებლები სწორედ ჩინური კომპანია CRRC Nanjing Puzhen-ის მიერ არის წარმოებული.
ხელშეკრულება 2026 წლის 28 მაისს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ჩინური კომპანია საკუთარ რესურსებსა და აღჭურვილობას გამოიყენებს სამივე ოთხვაგონიანი მატარებლის განახლებისთვის. პროექტის ფარგლებში ჩატარდება როგორც კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, ისე ტექნიკური სისტემების მოდერნიზაცია.
მოდერნიზაციის კომპონენტი მოიცავს 12-ვე ვაგონში არსებული საპირფარეშოების ჩანაცვლებას თანამედროვე, ნარჩენების შემგროვებელი ავზებით აღჭურვილი სისტემებით. ასევე შეიცვლება პირველი კლასის სამი ვაგონის 168 სავარძელი, დამონტაჟდება ახალი LED განათება, დაემატება 30 ვიდეოკამერა მინიმუმ 15-დღიანი ჩანაწერის შესაძლებლობით და ყველა საპირფარეშოში განთავსდება კვამლის დეტექტორები. პროექტი ასევე ითვალისწინებს 12-ვე ვაგონში იატაკის სრულ განახლებას და მეორე კლასის ცხრა ვაგონში 762 ახალი სავარძლის მონტაჟს.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 12 კალენდარულ თვეში უნდა დასრულდეს. ეს ვადა მოიცავს როგორც სარემონტო და მოდერნიზაციის პროცესს, ასევე საცდელ გარბენებს, ტესტირებასა და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას.
განახლებული მატარებლების საბოლოო მიღება-ჩაბარება მხოლოდ წარმატებული ტესტირების შემდეგ მოხდება. ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ თითოეულმა მატარებელმა მინიმუმ 686-კილომეტრიანი საცდელი გარბენი უნდა გაიაროს. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება ხარვეზები საკუთარი ხარჯით გამოასწოროს.
კონტრაქტის საერთო ღირებულება დღგ-ის გარეშე 6.2 მილიონი დოლარია, ხოლო დღგ-ის ჩათვლით — 7.316 მილიონი დოლარი. აქედან GRT-001-ის მომსახურების ღირებულება 2.1 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო GRT-002-ისა და GRT-005-ის — თითოეულის 2.05 მილიონ დოლარს.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს 12-თვიან საგარანტიო პერიოდს თითოეული მატარებლისთვის, რომლის განმავლობაში გამოვლენილი გაუმართაობების აღმოფხვრა მიმწოდებელს საკუთარი ხარჯით მოუწევს.
GRT სერიის ელექტრომატარებლები საქართველოს რკინიგზამ 2009 წელს მიიღო. მატარებლები ჩინეთში, CSR Nanjing Puzhen Rolling Stock-ის მიერ იყო წარმოებული. ოთხვაგონიანი ელექტრომატარებლები 130 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობს და თითოეული მათგანი 300 მგზავრზეა გათვლილი.
BM.GE
წყარო: bm.ge