
როგორ აისახება კასპიის ზღვის დონის კლება შუა დერეფნის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებაზე? - TCRC
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კასპიის წყლის დონის კლება ევრაზიის ერთ–ერთ მთავარ გარემოსდაცვით და გეოეკონომიკურ გამოწვევად რჩება.
ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ზღვის დონის კლების პროცესი დაჩქარდება და კასპიისპირა სახელმწიფოების ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და უსაფრთხოების სექტორებზე მოახდენს გავლენას.
როგორ აისახება კასპიის ზღვის დონის კლება კასპიის ზღვის ირგვლივ განთავსებული სახელმწიფოების ეკონომიკაზე? როგორი გავლენა ექნება კასპიის ზღვის დონის კლებას შუა დერეფნის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებაზე? რა შესაძლებლობები არსებობს კასპიის ზღვის დონის კლების შესაკავებლად? - ამის შესახებ შეფასებას "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი" (TCRC) აქვეყნებს.
"კასპიის ზღვის ირგვლივ განთავსებულ სახელმწიფოებს შორის გამოსაყოფია ყაზახეთი, რომელიც ზღვის დონის კლების პროცესის საფრთხის ეპიცენტრშია. კასპიის სანაპირო ზოლის მოდელირების მონაცემების საფუძველზე, წყლის დონის კლების მიმართ მოწყვლადი ტერიტორიების 70% ყაზახეთზე მოდის.
ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში კასპიის ზღვის წყლის დონე დაახლოებით ორი მეტრით, ხოლო მისი ზედაპირის ფართობი 15 000 კვადრატული კილომეტრით შემცირდა. შემცირება განსაკუთრებით ყაზახეთის სანაპირო ყურეებშია შესამჩნევი.
მოდელირებამ აჩვენა, რომ წყლის აკვატორიის 25 000 კვადრატული კილომეტრი შემდგომი დაშრობის მიმართ პოტენციურად მოწყვლადია.
1995–2020 წწ. კასპიის ზღვის წყლის დონემ 2 მეტრით დაიკლო, 2021–2023 წლებში კლების პროცესი ინტენსიური გახდა და დამატებით 77 სანტიმეტრით დაიკლო. ეს პერიოდი დაემთხვა მდინარე ვოლგის წყლის დებეტის მკვეთრ შემცირებას.
კლიმატის ცვლილებისა და მდინარე ვოლგის მხრიდან კასპიის ზღვაზე წყლის მიწოდების დებეტის ყოველწლიური ბალანსის დარღვევა კასპიის ზღვის დაშრობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. ცნობისათვის, კასპიის ზღვაზე წყლის შემოდინების 86%-ს მდინარე ვოლგა უზრუნველყოფს.
კასპიის ზღვის კლების არასტაბილური სცენარით განვითარება ნეგატიურ გავლენას მოახდენს კასპიის რეგიონის ყველა სახელმწიფოს – ყაზახეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის, ასევე თურქეთისა და ევროკავშირის ეკონომიკურ ინტერესებზე.
ზღვის დონის კლება პირდაპირ გავლენას ახდენს რეგიონის ეკონომიკაზე, კერძოდ, სატრანსპორტო, ნავთობისა და გაზის, ასევე თევზჭერის დარგებზე.
აქტაუს, ბაქოს და თურქმენბაშის ნავსადგურები იძულებულნი არიან, რეგულარულად განახორციელონ ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები, რაც ზრდის ლოგისტიკურ ხარჯებს და ართულებს ნაოსნობის უსაფრთხოებას, რაც, პირველ რიგში, გემების ტვირთამწეობაზე აისახება.
აქტაუს ნავსადგურის მონაცემებით, არსებულ პირობებში გემები ნაწილობრივ დაუტვირთავები შემოდიან, კერძოდ, ტანკერები – 3.1 ათას ტონამდე, ფიდერული საკონტეინერო გემები – 0.3 ათას ტონამდე, ხოლო მარცვლეულის გადამზიდავი გემები – 1.2 ათას ტონამდე.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, კურიკის ნავსადგურში უკვე დასრულებული ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების შედეგად, ნავმისადგომების და მისასვლელი არხის გაღრმავება 5.5-დან 7 – 8 მეტრამდე გაიზარდა.
რაც შეეხება აქტაუს ნავსადგურს, დაღრმავების საშუალო სიღრმე 4.5 მეტრია, მაშინ როდესაც ნორმალური ნავიგაციისათვის 6.5 – 7 მეტრია საჭირო. შედეგად, გემების დატვირთვა მხოლოდ მათი ტევადობის 75%-მდეა შესაძლებელი.
აქტაუში ფსკერდაღრმავების სამუშაოები 2025 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მოსალოდნელია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ გემების ტვირთამწეობა სრულად იქნება ათვისებული.
ფაქტობრივად, მეცნიერები კასპიის ზღვის დაშრობის ორ მიზეზზე მიუთითებენ – კლიმატის ცვლილებაზე და მდინარე ვოლგის ჩამონადენის შემცირებაზე.
რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას – გეოგრაფიული მდებარეობის, ოკეანეებისგან დაშორებისა და მკვეთრად კონტინენტური კლიმატის გამო, კასპიის რეგიონი განსაკუთრებით მგრძნობიარეა გლობალური დათბობის მიმართ.
ბოლო 30 – წლიანი პერიოდის დაკვირვებები აჩვენებს, რომ კასპიის ზღვა თითქმის სამჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე დედამიწა მთლიანობაში. ეს ტენდენცია კი კასპიის ზღვის დონის კლებას აჩქარებს.
ამჟამად რთულია კასპიის ზღვის მომავალთან დაკავშირებით ზუსტი პროგნოზების გაკეთება. ბოლო წლებში სამეცნიერო პროგნოზების უმეტესობა საგანგაშო ხასიათს ატარებს, თავად თეორიები კი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
არსებობს მოსაზრება, რომ წყლის დონის კატასტროფული კლების გამო ზღვა შესაძლოა ორ ნაწილად გაიყოს. ამავდროულად, არსებობს განსხვავებული პროგნოზებიც, რომელთა თანახმადაც, 2030-დან 2050 წლამდე პერიოდში ზღვის დონემ შესაძლოა აწევა და მის საზღვრებში დაბრუნება დაიწყოს.სწორედ მაშინ იქნება შესაძლებელი – კასპიის ზღვის „სუნთქვაზე“ საფუძვლიანი საუბარი.
მიუხედავად იმისა, რომ კასპიის ზღვაში წყლის უმთავრესი ნაწილის შემოდინება მდინარე ვოლგიდან ხდება, კასპიის ზღვის ინტენსიური ვარდნის და მზარდი კლიმატური გამოწვევების ფონზე, წყლის რესურსების მართვის საკითხები ყაზახეთის ეკონომიკისა და ეკოლოგიისთვის საკვანძო ხდება.
2026 წლის დასაწყისიდან კასპიის ზღვის აკვატორიის არეალში 6 მილიარდი მ³ წყლის მასაა მიმართული, ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 35 მილიარდ მ³-ს გადააჭარბა.
ყველაზე მნიშვნელოვანი წყლის მოცულობის მიწოდება კასპიის ზღვისთვის 2024 წელს დაფიქსირდა. კერძოდ, ანომალიური წყალდიდობების შედეგად, კასპიის ზღვაში 17 მილიარდ მ³-ით მეტი, მთლიანი მოცულობის თითქმის ნახევარი წყალი მიეწოდა.
ყაზახეთის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ წყლის რესურსების განაწილება ამჟამად მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და ეკონომიკურ საჭიროებებსა და გარემოსდაცვით მიზნებს შორის ბალანსი კვლავ ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
ამ მიზნით, აქტაუს და კურიკის ნავსადგურების მიმდებარე ატირაუს რეგიონში, წყლის დამზოგავი ტექნოლოგიები დამატებით 800 ჰექტარ ფართობზე დაინერგა.
ყაზახეთისთვის წყლის დამზოგავი ტექნოლოგიების რესურსების ეფექტიანად და რაციონალურად გამოყენება ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, რომლის ძირითადი მიზანი წყლის დანაკარგების შემცირება, მოხმარების ოპტიმიზაცია და წყლის დეფიციტის პირობებში მდგრადი მართვის უზრუნველყოფაა.
მაგალითისათვის, ყაზახეთის მიერ ბოლო წლებში სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებებმა წყლის დამზოგავი სარწყავი ტექნოლოგიების დანერგვის ტემპი ხუთჯერ გაზარდა.
თუ 2024 წლამდე ასეთი სისტემების დანერგვის ტემპი წელიწადში საშუალოდ 30 000 ჰექტარს შეადგენდა, მომდევნო 2024 და 2025 წლებში ეს მაჩვენებელი წელიწადში 150 000 ჰექტარამდე გაიზარდა.
წყლის დამზოგავი ტექნოლოგიები ქმნის შესაძლებლობას, რომ იგივე სასოფლო-სამეურნეო წარმოება ნაკლები მდინარის წყლით განხორციელდეს, შესაბამისად, მდინარეებში მეტი წყალი დარჩება, რომლის მიმართვა კასპიის ზღვის აუზის კვებისთვის იქნება შესაძლებელი.
ამიტომ მიწის მასივების დამზოგავი მორწყვა შეიძლება როგორც კასპიის ზღვის წყლის ბალანსის დაცვის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქნეს განხილული.
ყაზახეთში გრძელდება 2025 წელს მიღებული წყლის ახალი კოდექსის დებულებების განხორციელება. დოკუმენტი ქვეყნის სამრეწველო საწარმოებში წყალსარგებლობის მასშტაბურ მოდერნიზაციას ითვალისწინებს.
კასპიის ზღვის პრობლემის გადასაჭრელად, ყაზახეთის პრეზიდენტმა 2025 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, გადაუდებელი ზომები მიიღონ კასპიის ზღვის წყლის რესურსების შესანარჩუნებლად",- აღნიშნულია შეფასებაში.
BM.GE
წყარო: bm.ge