
ჰორმუზის სრუტის გახსნის პერსპექტივამ ნავთობის ფასები შეამცირა
ომანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულმა კონსულტაციებმა ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენასა და დროებითი ერთობლივი სანავიგაციო დერეფნის შექმნის მოლოდინი გააჩინა.
როგორც ირკვევა, მხარეები აკვატორიის ნაღმებისგან ერთობლივად გაწმენდის პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ. ომანის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ტექნიკური მოლაპარაკებები მუდმივი დერეფნის პარამეტრებისა და სრუტის მომავალი ადმინისტრირების მოდელის საბოლოოდ შესათანხმებლად გაგრძელდება.
დიპლომატიურმა პროგრესმა გლობალურ ენერგობაზრებზე ფასების ვარდნა გამოიწვია. Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება 5.5%-ით შემცირდა და ბარელზე $86.8 შეადგინა. WTI-ის ფასი კი 4.2%-ით დაეცა და $80.3-მდე ჩამოვიდა.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მისი ფასი საშუალოდ 5%-ით არის შემცირებული და მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება 63 ევროს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge