
“ჩვენს ბიზნესს რატომღაც უყურებენ როგორც შავ ხვრელს და შავ ჭირს”- რას ცვლის საგადასახადო შეღავათები კაზინოებისთვის?
სათამაშო ბიზნეს ასოციაცია აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ არაერთი საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებული, საგადასახადო შეღავათების ახალი ინიციატივა კი ონლაინ სივრცეში უკვე დანერგილი წარმატებული მოდელის მიწის ობიექტებზე გავრცელებას გულისხმობს, რაც საქართველოს საერთაშორისო პოკერის ტურნირებისა და ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ქცევაში დაეხმარება.
გიორგი მამულაიშვილის თქმით, ძალიან დიდი ინტერესია უცხოელებისგან საქართველოში მიიღონ მონაწილეობა პოკერის ტურნირებში, მსგავსი საგადასახადო შეღავათები კი ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას გაზრდის.
პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, თუ ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, კაზინო შესაბამისი კლუბის მაგიდისთვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლდება. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ასეთ ტურნირებში მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ცვლილება შედის ექვს სხვადასხვა კანონში, მათ შორის საგადასახადო კოდექსში. .პარლამენტში კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დღეს დაიწყო. ინიციატორები უმრავლესობის დეპუტატები არიან. მათი განმარტებით, საერთაშორისო პოკერისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარებამ შესაძლოა ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების დამატებითი ნაკადი მოიზიდოს და ეკონომიკურ აქტივობას შეუწყოს ხელი. კანონპროექტის მიხედვით, საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებას მხოლოდ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი შეძლებს. ტურნირში მონაწილეთა სულ მცირე 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. ღონისძიების ორგანიზებისთვის ცალკე ნებართვა იქნება საჭირო, რომლის წლიური სანებართვო მოსაკრებელი 100 000 ლარს შეადგენს.
“ჩვენ დიდი ხანია უკვე გვაქვს საუბარი როგორც სახელმწიფოსთან, ასევე კანონმდებლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო საერთაშორისო ბაზარზე გავიდეს. ეს იგივე ცვლილებებია, რაც მოხდა ივლისში, როცა საქართველომ შემოიღო საერთაშორისო ლიცენზია. ეს არ არის არანაირი განსხვავებული რეჟიმი. 2024 წლიდან ეს შეღავათი ისედაც იყო შემოღებული ონლაინ კაზინოებისთვის და ამან დაანახა სახელმწიფოს ის, რომ ბევრი უცხოელია დაინტერესებული საქართველოს ბაზრით. შესაბამისად, რადგანაც ონლაინში ასეთმა ცვლილებებმა გაამართლა, კანონმდებელმა გადაწყვიტა ეს მიწის ობიექტებზეც გაავრცელოს, რაც საშუალებას ქმნის უფრო მეტად განვითარდეს საქართველო საერთაშორისო კუთხით და უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს ქვეყანამ. ]
ძალიან დიდი ინტერესია უცხოელებისგან საქართველოში მიიღონ მონაწილეობა პოკერის ტურნირებში. თუ გადავხედავთ განვითარებულ ქვეყნებს, პოკერი ეს არის ჩვეულებრივი სპორტული მიმართულება. პოკერში არა მარტო ტურნირები ტარდება, სკოლებია გახსნილი. შესაბამისად, ეს ქვეყნისთვისაც კარგია, ბიზნესისთვისაც კარგია და აქ არ შეიძლება იმ პარალელის გავლება, რომ ეს ინიციატივა გინდა თუ არა ხელისუფლებისგან არის წამოსული და ხელისუფლებას რაღაცა ინტერესი აქვს. ეს ჩვეულებრივი ნაბიჯია, რაც მოჰყვა პირველ ცვლილებას, რომელიც განხორციელდა 2024 წლის დეკემბერში.~
საკმაოდ ბევრი დაინტერესდა საქართველოთი, იმიტომ რომ საქართველო სტაბილური ქვეყანაა, საკმაოდ განვითარებული გვაქვს საბანკო სისტემა, საკმაოდ განვითარებული გვაქვს თვითონ ბიზნესი... ქვეყნისთვის ეს ძალიან კარგი ნაბიჯია, იმიტომ რომ საქართველო დღეს ითვლება აზარტული თამაშების ჰაბად ევროპასა და აზიას შორის.
ჩვენს ბიზნესს რატომღაც უყურებენ როგორც შავ ხვრელს და შავ ჭირს, თუმცა ეს ასე არ არის, ჩვენ ეკონომიკაში შეგვაქვს ჩვენი წვლილი. ძალიან სამწუხარო არის ის, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ძალიან ხშირად და ძალიან ხშირად ხდება არასწორი ციფრებით მანიპულირება. ეს ჩვენთვის მიუღებელია.
აზარტული თამაშების ბიზნესი აფინანსებს როგორც სპორტსმენებს, ასევე აკეთებს საქველმოქმედო ღონისძიებებს. ბევრი ადამიანი გავიდა აზარტული თამაშების წყალობით საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოზე დღეს ლაპარაკობენ როგორც შემდგარ ქვეყანაზე კანონმდებლობის მხრიდან და როგორც ქვეყანაზე, რომელმაც განავითარა არა მარტო აზარტული თამაშები.
თუ ადრე საქართველოს შესახებ არავინ იცოდა, დღეს საქართველოს ეკითხებიან, როგორ დაამყარონ ხიდი ევროპასა და აზიას შორის",-აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge