როგორ გახდა SITUATIONIST პირველი ქართული ბრენდი პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ კალენდარში?
BM.GE|bm.ge
ქართული მოდის ბრენდი SITUATIONIST-ისთვის მიმდინარე წელი საიუბილეოა - ბრენდი უკვე ათი წელია არსებობს და აქედან ბოლო შვიდი წელია, საფრანგეთის მოდის კვირეულის ოფიციალურ კალენდარშია წარმოდგენილი.
დღესდღეობით, SITUATIONIST (სიტუაციონისტი) ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ძირითად კალენდარში იკავებს ადგილს.
ბრენდის შექმნის ისტორიაზე, საერთაშორისო აღიარებაზე, საწარმოო პროცესების მართვასა და სამომავლო გეგმებზე BM.GE-სთან SITUATIONIST-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, ირაკლი რუსაძე საუბრობს.
მისი თქმით, SITUATIONIST-ის განვითარების გზა ფინანსური თვალსაზრისით მარტივი არ ყოფილა. ბრენდის შექმნას არ ახლდა მსხვილი საწყისი კაპიტალი. ირაკლი რუსაძის თქმით, პირველი ნაბიჯების გადადგმა პირადი რესურსებითა და პარალელური სამსახურებიდან მიღებული შემოსავლებით შეძლო.
"საწყისი ინვესტიცია, სიმართლე გითხრათ, ფაქტობრივად არ გვქონია. პირადად ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილებში და მხოლოდ ის შემოსავალი იყო იმის საფუძველი, რომ პირველად გამეკეთებინა კოლექცია და გავსულიყავი თბილისის Mercedes-Benz Fashion-ზე", - ამბობს ის.
ეს პირველი ჩვენება გარდამტეხი აღმოჩნდა. როგორც რუსაძე ჰყვება, თბილისში გამართულ კვირეულს იტალიის მოდის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ბრენდის პოტენციალი დაინახეს და მილანის მოდის კვირეულზე მიიწვიეს.
"მილანის მოდის კვირეულის მხრიდან პირველი დიდი შემოთავაზება იყო, რომ მათი კალენდრის ფარგლებში გვქონდა ჩვენება და ეს პროექტი სრულად მათი მხარდაჭერით განხორციელდა. ეს იყო ძალიან ამაღელვებელი და მოულოდნელი, რადგან მაშინ ბევრი რამ ახალი იყო ჩვენთვის და ზუსტად არ ვიცოდით, როგორ უნდა გვემუშავა. ჩვენება ლეონარდო და ვინჩის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმში მოეწყო, სადაც ინდუსტრიის პროფესიონალებთან ერთად ვიმუშავეთ. ამ ყველაფერმა ეტაპობრივად განავითარა ინტერესი და გაყიდვები", - აღნიშნავს ბრენდის კრეატიული დირექტორი.
მილანის შოურუმში მუშაობისას ბრენდით პარიზის მოდის კვირეულის ორგანიზატორები დაინტერესდნენ. სწორედ მათი რეკომენდაციითა და ინიციატივით შეავსო SITUATIONIST-მა განაცხადი პარიზის კალენდარში მოსახვედრად.
მოდის სამყაროში პარიზის კვირეული უმაღლესი სტატუსის მქონედ მიიჩნევა. იქ მოხვედრა მკაცრ ფილტრაციასა და კონკურენციას უკავშირდება.
"სიტუაციონისტს ათი წელი უსრულდება, ბოლო შვიდი წელია პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ კალენდარში ვართ. ეს ჩვენი ბრენდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რადგან დღესდღეობით კონკურენცია დიდია და პარიზში ადგილის მოპოვება ძალიან რთულია. სხვა კვირეულებთან - მილანთან, ნიუ-იორკთან თუ ლონდონთან შედარებით, პარიზის კვირეული განსხვავებულ მასშტაბს ატარებს, სადაც ყველა დიდი ბრენდია წარმოდგენილი. წლიდან წლამდე ახალ ბრენდებს თითქმის არ უმატებენ, ან იშვიათად მხოლოდ ერთს. იქ მოხვედრა ფაქტობრივად უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება, ამიტომ, ჩვენთვის გამოყოფილი ადგილი და დრო დიდი მონაპოვარია", - ამბობს ირაკლი რუსაძე BM.GE-სთან.
რა კონცეფციას ატარებს SITUATIONIST?
როგორც ირაკლი რუსაძე ამბობს, ბრენდის იდენტობა არ არის ორიენტირებული ერთი დიზაინერის სახელსა და გვარზე. მისი კონცეფცია კოლექტიურ შრომასა და იდეოლოგიას ეფუძნება. სახელი "SITUATIONIST" 1960-იანი წლების რევოლუციურ მოძრაობასთან ასოცირდება - "სიტუაციონისტური ინტერნაციონალი" სოციალ-რევოლუციონერთა საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელიც ავანგარდისტ ხელოვანებს, ინტელექტუალებსა და პოლიტიკურ თეორეტიკოსებს აერთიანებდა და ებრძოდა საზოგადოებრივ წყობას, სადაც ნამდვილი ადამიანური გამოცდილება პასიური კომერციული მოხმარებით ჩანაცვლდა.
"ბრენდის სახელის მოფიქრების დროს ჩემ გვერდით იყო დავით გიორგაძე, რომელიც ასევე ბრენდის არტ-დირექტორია. მივიჩნიეთ, რომ კონკრეტული სახელის და გვარის ქვეშ ბრენდის გაერთიანება არ იქნებოდა სწორი, რადგან ეს არის ბევრი ადამიანის ძალისხმევა და მთლიანი გუნდის ერთობლივი მუშაობა. ამასთან, "სიტუაციონისტი" ინტერნაციონალური სიტყვაა და კარგად გამოხატავს სიტუაციების შექმნის იდეას. ჩვენი ერთ-ერთი იდეოლოგიაა, რომ შევქმნათ ტანსაცმელი ხასიათისთვის და არა უბრალოდ სხეულისთვის. 60-იანი წლების სიტუაციონისტების რევოლუციური ხედვაც გარკვეულწილად იკვეთება ჩვენს ბრენდში", - ამბობს ის.
დიზაინერის თქმით, ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ნიშა მაღალი ხარისხის სტანდარტია, რაც საწარმოო პროცესზე აისახება. SITUATIONIST მასობრივ წარმოებას ემიჯნება და თითოეულ ნივთს ინდივიდუალურ ხასიათს ანიჭებს.
"ჩვენთან დასაქმებული მკერავები ფლობენ სხვადასხვა ქსოვილთან, მათ შორის ბუნებრივ ტყავსა და აბრეშუმთან მუშაობის გამოცდილებას. ჩვენ არ გვაქვს ვიწრო სპეციალიზაცია, რაც მკერავს საშუალებას აძლევს, ერთი ნივთი თავიდან ბოლომდე თავად შეასრულოს. ვემიჯნებით მასობრივ წარმოებას, რომელიც ტანსაცმელს ნაკლებად პერსონალურს ხდის. გვაქვს სპეციალური იარლიყი, რომელზეც ხელს შემსრულებლები აწერენ. შესაბამისად, მომხმარებელმა იცის არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ იმ კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ნივთი შეკერა, რაც პროდუქტს უნიკალურობას მატებს", - განმარტავს რუსაძე.
სამოსის პარალელურად, ბრენდმა ახლახან აქსესუარების ხაზის განვითარება დაიწყო და წარმოების ეს ხაზი იტალიაში გადაიტანა. კრეატიული დირექტორის თქმით, საქართველოში ტყავის ჩანთებისა და სათვალეების წარმოების ტექნოლოგიური ბაზის არარსებობის გამო, აუთსორსინგი ხარისხის შესანარჩუნებლად აუცილებელი ნაბიჯი აღმოჩნდა: "საქართველოში ამ ტიპის წარმოება პრაქტიკულად არ არსებობს, ჩვენთვის კი ხარისხი პრიორიტეტულია. მაგალითად, ჩვენი სათვალეები მზადდება იმავე ქარხანაში, სადაც Dior-ის სათვალეები იწარმოება. აქსესუარების მაღალი ხარისხი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბრენდის იმიჯსა და სანდოობას საერთაშორისო ბაზარზე".
თანამშრომლობა ბიონსესთან და გლობალური ცნობადობა
SITUATIONIST-ის კოლექციები ხშირად ხვდება საერთაშორისო ვარსკვლავების ყურადღების ცენტრში. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კოლაბორაცია მეგავარსკვლავ ბიონსესთან თანამშრომლობა აღმოჩნდა, რაც ბრენდისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
"თანამშრომლობა ასე დაიწყო: პარიზის მოდის კვირეულზე ჩვენი ერთ-ერთი ჩვენება ბიონსეს სტილისტმა ნახა, დაინტერესდა და პირადად დამიკავშირდა. ამის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა "Renaissance" ტურისთვის. ბიონსე თავის გუნდთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ლუქების კონცეფციის შემუშავებაში. შევქმენით ესკიზები, მუდბორდი, რასაც მოჰყვა მოზომება საფრანგეთში. მან არიზონაში კონცერტი სწორედ სიტუაციონისტის კოსტუმით გახსნა, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო. მოგვიანებით, შემდეგი ტურის - "Cowboy Carter"-ის ფარგლებში, სტილისტი კვლავ დაგვიკავშირდა. ამჯერად მუშაობა უფრო მასშტაბური იყო, რადგან სამოსი მოცეკვავეებისა და მთელი გუნდისთვისაც მომზადდა.
ვფიქრობ, ქართული ბრენდისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასეთ ვარსკვლავებს საზოგადოებრივი ყურადღების მართვა და ბრენდების წარმატებული პოპულარიზაცია შეუძლიათ. ეს ძალიან დიდ ცნობადობას ნიშნავს როგორც დამწყები დიზაინერებისა და მცირე ბრენდებისთვის, ისე მსხვილი მოდის სახლებისთვისაც, რომლებსაც მსგავს პროექტებში მონაწილეობის დიდი სურვილი და საჭიროება აქვთ", - ამბობს რუსაძე.
საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატების მიუხედავად, ბრენდმა მიმდინარე წელს სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო და თბილისში პირველი ფლაგმანური მაღაზია გახსნა, რათა ქართველი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
"წლების განმავლობაში ძალისხმევა მიმართული იყო იქითკენ, რომ ბრენდის იმიჯი საერთაშორისო ბაზარზე ყოფილიყო ძლიერი და თავიდან "სიტუაციონისტს" გარეთ უფრო იცნობდნენ. თუმცა, წელს გავაკეთეთ პირველი ფლეგმანური მაღაზია საქართველოში, რადგან გვინდა, ბრენდი ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი და მათზე ორიენტირებული იყოს. მაღაზიის გახსნიდან მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა, ამიტომ ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარს ვაკვირდებით და ვსწავლობთ".
რაც შეეხება საექსპორტო მიმართულებებს, ირაკლი რუსაძე აღნიშნავს, რომ ინტერესი სხვადასხვა ქვეყნიდან სტაბილურია, თუმცა პანდემიის შემდგომმა პერიოდმა გლობალურ მოდის ინდუსტრიას თავისი კვალი დაატყო.
"გარე ბაზრებიდან დიდი დაინტერესება გვაქვს ნიდერლანდებიდან, ბრიტანეთიდან, აშშ-დან და აზიის ქვეყნებიდან. კოვიდამდე ბაზარი უფრო აქტიური იყო, თუმცა პანდემიის შემდეგ, ისევე როგორც სხვა სფეროებს, მოდის ინდუსტრიასაც ახლიდან დაწყება დასჭირდა და პროცესები შედარებით ნელი ტემპით მიდის. ზოგადად, იმისთვის, რომ საქართველოში მოდის ინდუსტრია ჩამოყალიბდეს და ეს ყველაფერი დიდ ბიზნესად იქცეს, კიდევ ბევრი სხვადასხვა რგოლის ჩართულობა და შრომაა საჭირო. კერძო სექტორი პერიოდულად აქტიურობს და მათთვისაც მოგებიანია მსგავს პროექტებში მონაწილეობა", - ამბობს SITUATIONIST-ის თანადამფუძნებელი.
SITUATIONIST-ის გუნდი ზრდას განაგრძობს. ამჟამად ბრენდი აქტიურად ემზადება პარიზის მოდის კვირეულისთვის, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება, სადაც 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარადგენენ. პარალელურად, ახალი კოლაბორაციებიც იგეგმება, რომელთა დეტალებსაც ბრენდი ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.