
როგორ გამოიყურება "გუდაურის პანორამა" და მიმდებარე ტერიტორია|ფოტო რეპორტაჟი
"გუდაურის პანორამა" და ე.წ. გუდაურის გადმოსახედის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია, დასუფთავებას და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საჭიროებს.
"გუდაურის პანორამა", რომელიც ოფიციალურად „გეორგიევსკის ტრაქტატის მემორიალის“ ან „ხალხთა მეგობრობის თაღის“ სახელით არის ცნობილი, საქართველოს სამხედრო გზაზე, ზღვის დონიდან 2 384 მეტრ სიმაღლეზე, ჯვრის უღელტეხილთან ახლოს მდებარეობს.
BMG-იმ "გუდაურის პანორამა" და მიმდებარე ტერიტორია შაბათს, 18 ივლისს დაათვალიერა.
ტურისტულ ლოკაციაზე, მიუხედავად მოღრუბლული ამინდისა, ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორების სიმცირე არ შეიმჩნეოდა.
ტურისტული ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია.
ბიზნესრეესტრის თანახმად, 2024 წელს 6,228 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი, სადაც “გუდაურის პანორამა” მდებარეობს, 5-წლიანი აღნაგობის უფლებით მოქალაქე ეროსი ელოშვილს გადაეცა.
BMG ეროსი ელოშვილს დაუკავშირდა. ის ირწმუნება, რომ გუდაურის გადასახედი და მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოუწესრიგებელია სველი წერტილები, პარკინგის ტერიტორია, ნაგვის ურნები და ასევე, ქაოსურადაა განლაგებული ჯიხურები, მისი მართვის ქვეშ არაა.
ეროსი ელოშვილმა არ დააკონკრეტა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ რა საინვესტიციო/საიჯარო ვალდებულებით გადასცა ტერიტორია, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი ვალდებულება “ტერიტორიის მოვლა-პატრონობა” იყო.
“გუდაურის პანორამის” მოიჯარე ამტკიცებს, რომ ტერიტორიაზე, რომელიც მისი მართვის ქვეშაა სველი წერტილები მოწესრიგებულია და შესაბამისი ფოტოებიც გამოგვიგზავნა. რაც შეეხება პოპკორნის ჯიხურს, რომელიც ფაქტობრივად, მიშენებულია “გუდაურის პანორამის” კედელთან, რომელიც არქიტექტურულა ძეგლად ითვლება, ეროსი ელოშვილმა BMG-ის უთხრა, რომ ჯიხური ძეგლიდან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული და კანონი არ ირღვევა.