
როგორ იქცა "ზარის დარეკვა" ლონდონის საფონდო ბირჟის სიმბოლურ ცერემონიად
ფინანსურ სამყაროში ცოტას თუ ვხვდებით ისეთ სიმბოლოს, რომელსაც ისეთივე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, როგორიც საფონდო ბირჟაზე ზარის დარეკვას. ფორმით მარტივი, მაგრამ შინაარსით მნიშვნელოვანი ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე - ნიუ-იორკიდან ჰონგ-კონგამდე, ფრანკფურტიდან ლონდონამდე - კვლავ აუწყებს მსოფლიოს განსაკუთრებულ ფინანსურ თუ კორპორატიულ სიახლეებს..
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ზარის გამოყენების ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება. დროთა განმავლობაში მისი პრაქტიკული დანიშნულება (სავაჭრო დღის დაწყებისა და დასრულების მინიშნება) გლობალურად აღიარებულ სიმბოლურ ცერემონიად გადაიქცა. ეს ტრანსფორმაცია კი როგორც თავად ბირჟის, ისე თანამედროვე ბაზრის განვითარებას ნათლად ასახავს.
ზარი, როგორც სავაჭრო დღის დასაწყისისა და დასასრულის მანიშნებელი
ლონდონის საფონდო ბირჟის ადრეულ წლებში სავაჭრო გარემო სრულიად განსხვავებული იყო. ბირჟის დარბაზში ისმოდა ბროკერების ხმაური, შეკვეთები ხელით იწერებოდა, სწრაფად იცვლებოდა საბუთები და შეთანხმებები. ასეთ ქაოსურ, მაგრამ ორგანიზებულ გარემოში ზარს განსაკუთრებული ფუნქცია ჰქონდა, ის იყო სიგნალი, რომელიც დღის დაწყებას ან დასრულებას ოფიციალურად მიანიშნებდა.
იმ დროს ზარი სიმბოლო არ ყოფილა. იგი უფრო მეტად მანიშნებელი იყო.
ცვლილებები Big Bang-ის დროს
1986 წლის 27 ოქტომბერს ბრიტანეთის ფინანსურ სექტორში განხორციელებულმა რეფორმამ, რომელიც „Big Bang“-ის სახელითაა ცნობილი, ბაზრის წესები რადიკალურად შეცვალა. ელექტრონულმა სისტემებმა ტრადიციული სავაჭრო დარბაზი ჩაანაცვლა, ეკრანებით ვაჭრობამ კი ფიზიკური ზარის საჭიროება გააქრო.
ამის შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოფიციალური გახსნისა და დახურვის ცერემონიების გარეშე ფუნქციონირებდა. ეს იყო ეპოქა, როდესაც ბაზარი ტექნოლოგიურ ეფექტიანობაზე უფრო მეტად იყო ორიენტირებული, ვიდრე ინსტიტუციურ რიტუალებზე.