
როგორ მოხვდა ტრაილერის მძღოლებისგან ამოღებული 2 მილიონი ლარი "ოცნების" სალაროში? - TI
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" (TI) თანახმად, საქართველოში მოქმედი TIR PARK-ებიდან, 8 ყველაზე სტრატეგიულ ავტოსადგომს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები მართავენ.
ორგანიზაციის თანახმად, 2014 წლიდან მოქმედი რეგულაციით, ნებისმიერი სატვირთო ავტომობილი ვალდებულია საზღვრის გადაკვეთამდე კერძო ავტოსადგომზე გაჩერდეს და გადაიხადოს 80 ლარი, რაშიც მხოლოდ რიგის მართვის მომსახურება შედის. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, პოლიცია მძღოლებს საზღვრისკენ მოძრაობას უკრძალავს.
გთავაზობთ TI-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თუ როგორ მუშაობს TIR PARK-ები და ვინ ფლობს მათ.
"მათ “ქართულ ოცნებას” და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 2014 წლიდან დღემდე, ჯამში 1,991,000 ლარი შესწირეს. საქართველოში სულ 35 ლიცენზირებული TIR PARK-ია და ისინი 9 საბაჟო გამშვები პუნქტის - სარფის, ყაზბეგის, წითელი ხიდის, სადახლოს (საავტომობილო), ლაგოდეხის, გუგუთის, ნინოწმინდას, ვალესა და კარწახის, მიმდებარედ არის მოწყობილი:
• სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილის #2-ში მოწყობილი TIR PARK-ის, შპს „ფიგოილის“ 50% წილის მფლობელია, საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის წევრი და “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველი, გიორგი ჭყონია. შპს „ფიგოილთან” დაკავშირებულმა პირებმა, “ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს, 2014 წლიდან დღემდე 797,000 ლარი შესწირეს; • წითელ ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში მოწყობილი TIR PARK-ის, შპს „ტირ პარკ მარნეული 2014-ის" ყოფილი მეწილეები არიან „ხალხის ძალის“ და პროპაგანდისტული არხის, „პოსტივის“ დამფუძნებლის, საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანი და მათ ოჯახთან დაახლოებული ბიზნესმენი - ოთარ ჩართოლანი. ორივემ 2016-2018 წლებში, როდესაც ამ კომპანიის წილებს ფლობდნენ, “ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს, 208,000 ლარი შესწირეს; • გუგუთის (სოფელ პატარა დმანისში) და სადახლოს საავტომობილო (სოფელ სადახლოში) საბაჟო გამშვებ პუნქტებთან მოწყობილი TIR PARK-ების, შპს „გუგუთი ვერტექსის" და შპს „პარკ ვერტექსის" მეწილეები და ხელმძღვანელი არიან თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და სანქცირებულ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან დაახლოებული ბიზნესმენები, ძმები გიორგი და რომან აბრამიშვილები. მათ, 2018 წლიდან დღემდე, “ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს, 774,000 ლარი შესწირეს; • ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, სოფელ მაწიმში მოწყობილი TIR PARK-ის, შპს „ნიუ ჯორჯიას" 30% წილის ყოფილი მფლობელია, „ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი და მათთან დაახლოებული ბიზნესმენი, მინდია საბანაძე, რომელმაც 2016-2017 წლებში, ამ კომპანიაში 30% ფლობის დროს, „ქართულ ოცნებას” 100,000 ლარი შესწირა.