
როგორ შეუძლია საგადასახადო პოლიტიკას გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და შეამციროს თამბაქოს მოხმარების ზიანი
თანამედროვე მსოფლიოში ნიკოტინისა და თამბაქოს ბაზარი სწრაფად იცვლება. ტრადიციული სიგარეტის პარალელურად, სულ უფრო ფართოდ ვრცელდება ელექტრონული სიგარეტები, გასახურებელი თამბაქო, ორალური ნიკოტინის პროდუქტები და სხვა ალტერნატიული საშუალებები, რომელთა მოხმარების პროცესში არ მიმდინარეობს წვა და ზრდასრული მომხმარებელი ნიკოტინის სასურველ დოზას იღებს. უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოტინისა და თამბაქოს შემცველი არცერთი პროდუქტი არ არის უსაფრთხო და რისკისგან თავისუფალი, თუმცა, სამეცნიერო კვლევების თანახმად, წვის ფაქტორის გამორიცხვიდან გამომდინარე, აღნიშნული პროდუქტები, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, ნაკლები ზიანის შემცველია. სწორედ ამ ცვლილებების ფონზე ჩნდება კითხვა - როგორ უნდა დაარეგულიროს და დაბეგროს სახელმწიფომ აღნიშნული პროდუქტები ისე, რომ პოლიტიკის გატარების შედეგად, შემცირდეს მოწევასთან დაკავშირებული ზიანი და გაუმჯობესდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს ადამ ჰოფერი, აშშ-ს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ორგანიზაციის, Tax Foundation-ის აქციზური საგადასახადო პოლიტიკის დირექტორი.
„იმისათვის, რომ განხორციელდეს ნიკოტინის ეფექტური საგადასახადო პოლიტიკა, აუცილებელია მოხდეს ზიანის შემცირების კონცეფციის გააზრება. ამ მიდგომის მიხედვით, სახელმწიფო პოლიტიკის მიზანი ნიკოტინის მოხმარების სრულად გაქრობა კი არ უნდა იყოს, არამედ ყველაზე მავნე ფორმების - პირველ რიგში, წვის პროცესზე დაფუძნებული სიგარეტის ჩანაცვლება, შედარებით ნაკლები ზიანის მქონე ალტერნატივებით“ - აღნიშნავს ჰოფერი.
სწორი საგადასახადო ბაზისის შერჩევა
სხვა აქციზური გადასახადებისგან განსხვავებით, სადაც დაბეგვრა პირდაპირ ზიანის გამომწვევ ელემენტზეა მიბმული - მაგალითად, ალკოჰოლის შემცველობაზე ან ნახშირბადის ემისიაზე, თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შემთხვევაში, მსგავსი მკაფიო კომპონენტი არ არსებობს.
გადასახადების მოცულობა თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტებისთვის, სიგარეტებთან შედარებით
„მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა უფრო მეტი კვლევა ალტერნატიული პროდუქტების პოტენციურ გრძელვადიან ზიანთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ისინი ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ნაკლები ზიანის შემცველია. ამიტომ ნიკოტინისა და თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებზე საგადასახადო პოლიტიკა უნდა ასახავდეს პროდუქტის რისკის დონეს და ქმნიდეს საფასო განსხვავებას ნაკლებად მავნე პროდუქტებსა და ტრადიციულ სიგარეტს შორის. საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით, თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებზე დაწესებული საგადასახადო პოლიტიკა საკმაოდ სუსტია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში კვლავ, დაახლოებით, 1.2 მილიარდი მწეველია, მაშინ როცა, მაგალითად, ვეიპის მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 100 მილიონს შეადგენს.
ნიკოტინისა და თამბაქოს თანამედროვე საგადასახადო პოლიტიკის მთავარი მიზანი მათ მიერ გამოწვეული ზიანის შემცირება უნდა იყოს. შესაბამისად, თუ მთავრობები თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების დაბეგვრას გადაწყვეტენ, სისტემა უნდა ეფუძნებოდეს ფარდობითი რისკის პრინციპს - რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო განაკვეთი პროდუქტის რისკის პროპორციული უნდა იყოს“ - აღნიშნავს ჰოფერი.
იდეალურ შემთხვევაში თითოეული პროდუქტზე უნდა არსებობდეს მეცნიერულად დადასტურებული, ზუსტად განსაზღვრული, რისკის პროპორციული ზომები. აღნიშნული მონაცემები შესაძლებელია დადარდეს სიგარეტის მაჩვენებლებს, რათა განისაზღვროს პროდუქტების ფარდობითი ზიანი და რისკი; თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი სამეცნიერო სიზუსტისა და კონსენსუსის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, თითოეული პროდუქტისათვის ზუსტი შეფასებებისა და ინდივიდუალური საგადასახადო განაკვეთების ნაცვლად, კატეგორიებზე დაფუძნებული მიდგომა შესაძლებელს ხდის განსხვავებული საგადასახადო განაკვეთების განსაზღვრას და პროდუქტების შედარებითი რისკების ფართო დიაპაზონის გათვალისწინებას.
აქედან გამომდინარე, საგადასახადო სისტემამ არა მხოლოდ პროდუქტის ტიპი, არამედ მისი რეალური რისკიც უნდა გაითვალისწინოს.
ადამ ჰოფერი ამტკიცებს, რომ რისკის პროპორციაზე დაფუძნებული გადასახადები ქმნის ნეიტრალურ და გამჭვირვალე საფუძველს ეფექტური რეგულირებისთვის, და უზრუნველყოფს იმას, რომ ნაკლები ზიანის შემცველი პროდუქტები იმ ზრდასრული მწეველებისთვის, რომლებიც მოწევაზე თავის დანებებას არ აპირებენ, უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივად დარჩეს.
ინფორმაციისთვის, ადამ ჰოფერი არის Tax Foundation-ის აქციზური საგადასახადო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი. მას მიღებული აქვს დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში.
Tax Foundation | Principled, Insightful, Engaged
BM.GE
წყარო: bm.ge