
როგორი მოლოდინი აქვს მსოფლიო ბანკს 2026 წელს?
მსოფლიო ბანკმა 2026 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5%-მდე შეამცირა და არსებულ ტენდენციას COVID-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკისთვის ყველაზე მძიმე დარტყმა უწოდა.
როგორც ირკვევა, 2025 წელს დაფიქსირებული 2.9%-იანი ზრდის შემდეგ, გლობალური ეკონომიკის შეფერხება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომითა და ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი მატებით არის განპირობებული, რაც ინფლაციის ახალ ტალღას იწვევს.
განახლებული მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით. ორგანიზაციის ეკონომისტები აფრთხილებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ენერგომომარაგების შეფერხების გაღრმავებისა და ფინანსურ ბაზრებზე ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, გლობალური ზრდის ტემპი შესაძლოა 1.3%-მდე შემცირდეს.
პარალელურად, შექმნილმა ვითარებამ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა განვითარებად ეკონომიკებს მიაყენა, სადაც 2026 წელს ზრდის ტემპი პოსტპანდემიურ მინიმუმამდე, 3.6%-მდე შემცირდება. ყველაზე მკვეთრი კორექტირება ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ავღანეთისა და პაკისტანის რეგიონმა განიცადა, რომლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.7 პროცენტული პუნქტით, 1.6%-მდე შემცირდა. ნეგატიური გავლენა ენერგორესურსების ექსპორტიორ ქვეყნებზეც გავრცელდა. კერძოდ, არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკური ზრდის მოლოდინი იანვრის 5%-იანი პროგნოზიდან 2.4%-მდე შემცირდა, ანალოგიური ტენდენცია კი ერაყსა და მეზობელ სახელმწიფოებშიც ფიქსირდება.
რაც შეეხება მსხვილ ეკონომიკებს, აშშ-ის ზრდა 2.2%-ის, ჩინეთის 4.2%-ის, ხოლო ევროზონის მაჩვენებელი 0.8%-ის დონეზეა პროგნოზირებული, ინდოეთი კი 6.6%-იანი მაჩვენებლით კვლავ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად რჩება.
ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის მსგავსი ნეგატიური პროგნოზები სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებმაც წარადგინეს. მიმდინარე თვეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) განაცხადა, რომ კონფლიქტის გახანგრძლივებამ შესაძლოა ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ღრმა გლობალური რეცესია გამოიწვიოს. მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც (IMF) შეამცირა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3.1%-მდე და აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ეკონომიკური განვითარების დინამიკა სრულად შეაჩერა.
BM.GE
წყარო: bm.ge