
რომ არა ეკონომიკური ზრდა, საქართველოში იქნებოდა ის, რაც საფრანგეთსა და ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხდება - პაატა კვიჟინაძე
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა რომ არ ყოფილიყო, ქვეყანაში შეიქმნებოდა ისეთივე ვითარება, როგორიც ამჟამად საფრანგეთსა და ევროპის მრავალ სხვა სახელმწიფოშია.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სავარაუდოდ, იგულისხმა საფრანგეთში ცხოვრების ხარჯების ზრდის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციები, რომელიც პერიოდულად, მწვავდება.
"2026 წელთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტი 3.2 მილიარდი ლარით იზრდება, თუ არ გავითვალისწინებთ ევრობონდების რეფინანსირებას. ხშირად კითხულობენ, თუ რას გვაძლევს ეს ეკონომიკური ზრდა. სწორედ ეკონომიკური ზრდის შედეგად გაიზარდა ბიუჯეტი 3 მილიარდ 200 მილიონი ლარით. რომ არ ყოფილიყო ეკონომიკური ზრდა, საქართველოში იქნებოდა ის, რაც ახლა საფრანგეთსა და ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხდება", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს მომავალი წლის გადამუშავებული ბიუჯეტის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სხვადასხვა მიმართულებით გაიცა 25 რეკომენდაცია, რომელიც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, სოციალურ მიმართულებებს, თავდაცვას და ასე შემდეგ.
"მთავრობამ სრულად გაითვალისწინა 20 რეკომენდაცია, 5 - ნაწილობრივ... 2027 წლის ბიუჯეტში სოციალური გასაცემი თანხები ასე ნაწილდება: პენსიები - 685 მილიონი ლარი, პენსიასთან გათანაბრებული შშმ პირები, მაღალმთიან რეგიონებში პენსიები და დაგროვებითი საპენსიო სისტემა - 60 მილიონი ლარი. სულ საპენსიო მიმართულებით 834 მილიონი ლარია განსაზღვრული. რაც შეეხება ხელფასებს, საჯარო სექტორში ზრდა 700 მილიონი ლარია. ეს ზრდა ძირითადად შეეხება ძალოვან უწყებებს, ექიმებს, მასწავლებლებს და ასე შემდეგ. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებაზე 155 მილიონი ლარი დაიხარჯება, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე - 243 მილიონი ლარი, მოხუცებსა და ბავშვებზე ზრუნვაზე - 34.5 მილიონი ლარი. სულ ამ მიმართულებებზე მილიარდ 965 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
გარდა ამისა, ასევე სოციალური მიმართულებით მიიმართება სხვა თანხები. მაგალითად, საავადმყოფოების მშენებლობა 65 მილიონი ლარით დაფინანსდება, უმაღლესი განათლება - 70 მილიონი ლარით, სპორტის განვითარება და ინფრასტრუქტურა - 165 მილიონი ლარით. ეს დამატებით კიდევ 300 მილიონ ლარამდეა.
ბიუჯეტის დამატებული რესურსის დაახლოებით 70% პირდაპირ სოციალურ მიმართულებებზე დაიხარჯება. დანარჩენი 30% ისევ საზოგადოების საჭიროებებზე ნაწილდება. მაგალითად, რკინიგზის განვითარება დაფინანსდება 250 მილიონი ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურის მომსახურება და გაუმჯობესება 133 მილიონი ლარით, აგრარული პროგრამები - 70 მილიონი ლარით, მელიორაცია - 70 მილიონი ლარით, გაზის საბადოების კვლევა-ძიება - 90.3 მილიონი ლარით“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
BM.GE
წყარო: bm.ge