
რას ეფუძნება "ფასების კომისიის" დასკვნა | განმარტება
ფასების საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და დასკვნა მოამზადა. როგორც კომისიის დასკვნით სხდომაზე შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, საქართველოს ეკონომიკისთვის სამი მნიშვნელოვანი სექტორი შეისწავლეს: კვების პროდუქტების სექტორი, FMCG სექტორი, მედიკამენტების სექტორი და საწვავი. დასკვნა კი რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით შეიმუშავეს.
"პირველი - შეხვედრების ფარგლებში ჩვენ 62 კომპანიას შევხვდით, რომლებიც იყვნენ სექტორში ძირითადი მოთამაშეები, ასევე შევხვდით ასოციაციებს და არაკომისიურ ფარგლებში 82 კომპანიის საოპერაციო ხარჯები შევისწავლეთ, შევისწავლეთ მათი ბიზნეს პროცესები, ასევე შევისწავლეთ მათი ფინანსური სტაბილურობა - ეს ერთი ნაწილი იყო.
ასევე, კომისიის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საველე კვლევები და ამ საველე კვლევების ფარგლებში, განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებზე ხდებოდა მონიტორინგი ფასებზე. მონიტორინგი ჩატარდა 28 თებერვლიდან 25 თუ 26 აპრილამდე. ამ პერიოდში მონიტორინგი ხდებოდა ძირითადად საბაზისო პროდუქტებზე, სადაც ჯგუფი აკვირდებოდა ფასებს სხვადასხვა ქსელებში და ფასების საქციელს", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, ფასების კომისიის დასკვნაში ასახულია თუ როგორ ფუნქციონირებს საქართველოში FMCG ბაზარი და რომელ ბაზრებს ჰგავს.
"ჩვენი მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, ბაზრის ორი მოდელი არსებობს: ერთი არის გასაშუალოებული მოდელი, რომელიც დაფუძნებულია პროდუქტის გასაშუალოებულ ფასზე და რომელიც მუშაობს ფასდაკლებების გარეშე ან მცირე ფასდაკლებებით.
ბაზრის მეორე მოდელი არის ის, რომელიც მუშაობს საშუალო და ღრმა ფასდაკლებებით. ასეთი ბაზარია დღეს საქართველოში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ რაც არის ბაზრის მდგომარეობა. FMCG სექტორში ბაზარი მუშაობს საშუალო და ღრმა ფასდაკლებებით. უნდა აღინიშნოს, რომ შესწავლის დროს გამოვლინდა, რომ მსგავსი ბაზრები არსებობს აღმოსავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანაში, ეს არ არის ახალი მოდელი, ეს არის არსებული ორი მოდელიდან ერთ-ერთი, რომელიც საქართველოშია, ამას თავისი გარემოებები აქვს.