
რომელ ვალუტაში ვისესხოთ? - "თიბისი კაპიტალის" რეკომენდაციები ბიზნესს
"თიბისი კაპიტალი" ბიზნესს ურჩევს, საკრედიტო პორტფელის დივერსიფიცირება მოახდინოს და სესხი მხოლოდ ერთ, კონკრეტულ უცხოურ ვალუტაში არ აიღოს.
როგორც "თიბისი ჯგუფის" მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ BMG-ის გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიებისთვის ოპტიმალურია ლარის, დოლარისა და ევროს დაბალანსებული მიქსი, რაც მომგებიანობის ზრდასთან ერთად, რისკებს ამცირებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს როგორც ვალუტების გლობალური დინამიკა, ისე რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები.
როგორც ოთარ ნადარაია განმარტავს, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც შემოსავალს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იღებენ, ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტება აუცილებელია, მიუხედავად საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობისა.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვურჩევთ, რომ ლარის გარკვეული წილი სესხებში აუცილებლად უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ლარი ჯერ კიდევ უფრო ძვირია, ვიდრე უცხოური ვალუტა. ეს წილი დაახლოებით 35%-დან მერყეობს და გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება 40-45%-ზეც ავიდეს", - აღნიშნავს ნადარაია.
უცხოური ვალუტის პორტფელში "თიბისი კაპიტალი" უპირატესობას დოლარს ანიჭებს და ბიზნესს ურჩევს, რომ ევროს წილი შედარებით მცირე იყოს.
"ჩვენ არასდროს ვურჩევთ ერთ უცხოურ ვალუტას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ევროში საპროცენტო განაკვეთები ცოტათი ნაკლებია, მაინც ვფიქრობთ, რომ სესხებში ევროს წილი უფრო მცირე უნდა იყოს. ბევრი შეფასებით, ევრო დოლართან მიმართებით კვლავ სუსტია, დოლარი კი ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებს", - განმარტავს ეკონომისტი.
ოთარ ნადარაია ყურადღებას უკრაინაში მიმდინარე ომზე და იმ გავლენაზე ამახვილებს, რაც, შესაძლოა, კონფლიქტის პოტენციურ დასრულებას საქართველოს ეკონომიკასა და სავალუტო რისკებზე ჰქონდეს. მისი შეფასებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10% სწორედ ამ ომის თანმდევ ეფექტებს (მათ შორის მიგრაციას) უკავშირდება.
"თუ კონფლიქტი რეზოლუციისკენ წავიდა, ომი მორჩა და რუსეთს სანქციებიც მოეხსნა, ეს უფრო მყარი ევროს სცენარია. ისტორიულისგან განსხვავებით, შესაძლებელია, რომ დღევანდელ რეალობაში უფრო მყარ ევროს არ დაემთხვეს ჩვენთან მაღალი ეკონომიკური ზრდა. რატომ? იმიტომ, რომ ამ სცენარში შეიძლება ვიხილოთ მიგრანტების გადინება და იმ შემოსავლების შემცირება, რომელიც 2022 წლის მერე მივიღეთ. ასეთ სცენარში, ევროში სესხის ქონა ბიზნესისთვის უფრო საშიშია", - აცხადებს ნადარაია.
მთავარი ეკონომისტის თქმით, სესხის ვალუტის შერჩევისას აუცილებელია სექტორული სპეციფიკის გათვალისწინება. მაგალითად მან უძრავი ქონების ბაზარი მოიყვანა, სადაც ფასდადება სრულად დოლარზე აღარ არის მიბმული.
"ბევრი ფიქრობდა, რომ უძრავ ქონებაში ფასი სულ დოლარშია. ჩვენი აზრით, დღეს უძრავი ქონების ფასდადება დაახლოებით 62%-ით ლარშია. ეს იმასაც ნიშნავს, რომ სესხის სრულად ლარში აღებაც რისკია - თუ ლარი გამყარდა, უძრავი ქონების ფასი ლარში ისე არ გაიზრდება, როგორც ლარი გამყარდება", - აღნიშნავს ის.
ოთარ ნადარაია ხაზს უსვამს "თიბისი კაპიტალის" მთავარ მიგნებას, რომლის მიხედვითაც, სწორად შერჩეული მულტისავალუტო პორტფელი კომპანიებს ფინანსური რესურსის გაიაფების საშუალებას აძლევს.
"რამდენიმე უცხოური ვალუტის კომბინაცია რისკის კუთხით ლარს უტოლდება. ეს ნიშნავს, რომ ეს რამდენიმე უცხოური ვალუტა უფრო იაფია. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ბიზნესისთვის როგორც მომგებიანობის ზრდა, ასევე რისკების შემცირება ერთდროულად", - აჯამებს "თიბისი ჯგუფის" მთავარი ეკონომისტი.
BM.GE
წყარო: bm.ge