
რომელი ევროპული ავიახაზებია ყველაზე უსაფრთხო? - Airline Safety Index 2026
კომპანია AirAdvisor-მა ევროპის ავიაკომპანიების უსაფრთხოების 2026 წლის ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ევროპაში მოქმედი 10 უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი და 10 ტრადიციული ავიაგადამზიდი გასული 10 წლის განმავლობაში შესრულებულ ფრენებზე დაყრდნობით შეაფასა.
თითოეული ავიაკომპანია 100-ბალიანი სისტემით ექვს კატეგორიაში შეფასდა:
• 40% - უსაფრთხოების ისტორია (2016-2025 წლებში IATA-ს უსაფრთხოების ანგარიშებში დაფიქსირებულ ინციდენტებზე დაყრდნობით); • 20% - სერტიფიცირება და აუდიტი; • 15% - ოპერაციული უსაფრთხოების სისტემები; • 10% - ავიაპარკის ასაკი და ტექნიკური პროფილი; • 10% - პილოტების მომზადება; • 5% - ფინანსური სტაბილურობა.
როგორც AirAdvisor-ში აცხადებენ, ოპერაციული უსაფრთხოების, ფლოტის, ტრენინგებისა და ფინანსური სტაბილურობის ქულები საჯარო მარეგულირებელ და კომპანიის მონაცემებს ეფუძნება. მათივე თქმით, ინდექსი "შედარებითი ხასიათისაა" და არ უნდა იქნას აღქმული იმის საზომად, არის თუ არა რომელიმე კონკრეტული ავიაკომპანია უსაფრთხო ან სახიფათო.
საბოლოო რეიტინგში საბერძნეთის ეროვნულმა ავიაგადამზიდმა Aegean Airlines-მა 10-წლიან პერიოდში ნულოვანი ინციდენტით 100-დან 89 ქულა დააგროვა და Ryanair-ს (86/100) და Austrian Airlines-ს (85.5/100) გადაასწრო.
Aegean-მა უსაფრთხოების კომპონენტში მაქსიმალური 40/40 ქულა მიიღო, ასევე მაღალი შეფასებები დაიმსახურა ოპერაციულ უსაფრთხოებაში (13/15), ავიაპარკში (9/10) და ფინანსურ სტაბილურობაში (5/5).
მხოლოდ უნაკლო საავიაციო ისტორია სათავეში მოსახვედრად საკმარისი არ არ არის - British Airways-მა, SAS-მა და Eurowings-მა ამ კატეგორიაში ასევე 40/40 ქულა დააგროვეს, თუმცა ხუთეულს მიღმა დარჩნენ, რადგან ინდექსი ექვს ფაქტორს ერთობლივად აფასებს.
უსაფრთხოების 10-წლიანი ინდექსის საუკეთესო ხუთეულიდან სამი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა: Ryanair (მე-2 ადგილი), Norwegian (მე-4 ადგილი) და SunExpress (მე-5 ადგილი). მთლიან კვლევაში ლოუქოსტერების საშუალო ქულამ 100-დან 79.2 შეადგინა, ხოლო ტრადიციული გადამზიდველებისამ - 82.8 (სხვაობა მხოლოდ 3.6 ქულაა).
დაბალბიუჯეტიან და ტრადიციულ ავიაკომპანიებს ინციდენტების თითქმის იდენტური ისტორია აქვთ, ხოლო უსაფრთხოების მართვის სისტემებში მათ საშუალოდ ერთნაირი ქულები დააგროვეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბილეთის ფასი ძალიან ცოტას ამბობს იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ავიაკომპანია.
ევროპის ავიაკომპანიების უსაფრთხოების ინდექსი 2026
100-ბალიანი შეფასებით, ევროპის 20 წამყვანი ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გადანაწილდა:
• Aegean Airlines - 89/100 • Ryanair - 86/100 • Austrian Airlines - 85.5/100 • Norwegian - 85/100 • SunExpress - 84.5/100 • Air France - 83.5/100 • British Airways - 83.5/100 • Iberia - 83.5/100 • Turkish Airlines - 83/100 • Lufthansa - 83/100 • KLM - 82.5/100 • easyJet - 82/100 • Eurowings - 81.5/100 • SAS - 81.5/100 • Wizz Air - 79.5/100 • Transavia - 79/100 • Vueling - 77/100 • Jet2 - 73/100 • SWISS - 72.5/100 • Pegasus Airlines - 64.5/100
BM.GE
წყარო: bm.ge