
Rotana-ს პირველი სამთო-სათხილამურო სასტუმრო გუდაურში გაიხსნება - მაკრამ ელ ზირი პროექტის დეტალებზე
"Pontus Rotana Gudauri გამორჩეული, სიმბოლური პროექტი იქნება", - ამის შესახებ საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორ Rotana-ს კორპორაციული განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, მაკრამ ელ ზირმა BMG-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" განაცხადა.
კომპანია Pontus-სა და იტალიურ არქიტექტურულ ბიურო NOA-სთან ერთად, გუდაურში Rotana-ს ბრენდის პირველ სამთო-სათხილამურო სასტუმროს აშენებს. ეს გლობალური ბრენდისთვის ზამთრის კურორტების მიმართულებით პირველი ნაბიჯია, რაც ხაზს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული მიმართულების მზარდ პოტენციალს უსვამს.
მაკრამ ელ ზირის განმარტებით, სასტუმრო ინდუსტრიაში წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა პროდუქტების დივერსიფიკაციაა. Rotana-ს პორტფოლიო როგორც საქალაქო და საზღვაო სასტუმროებს, ისე უდაბნოსა და მთის ობიექტებს მოიცავს. გუდაურის პროექტი ბრენდისთვის პირველი სამთო-სათხილამურო კურორტია, რაც კომპანიის სტრატეგიული გაფართოების ახალი ეტაპია.
პროექტის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სასტუმრომ მხოლოდ ზამთრის სეზონზე არ იფუნქციონიროს. კომპლექსი ოთხივე სეზონისთვის სრულად იქნება ადაპტირებული, რათა ვიზიტორებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზოს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ განვიხილოთ მხოლოდ სათხილამურო კურორტად. ეს ობიექტი უნდა იყოს 365-დღიანი კურორტი. ზაფხულში ადამიანები წავლენ სალაშქროდ, შემოდგომაზე – სპაში, ზამთარში კი ისრიალებენ. ასე რომ, გვინდა, ეს იყოს 365-დღიანი კომპლექსი საქართველოში, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ტურისტული მიმართულებაა", - აღნიშნავს მაკრამ ელ ზირი.
პროექტის დიზაინსა და კონცეფციაზე მუშაობს იტალიური არქიტექტურული ბიურო NOA, რომელსაც ალპებში მსგავსი ობიექტების დაგეგმარებისა და მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვს. მაკრამ ელ ზირმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მთის კურორტებზე არქიტექტურა გარემოსთან მაქსიმალურ თავსებადობას უნდა ემსახურებოდეს და არა მის ხელოვნურ შეცვლას.
"პროექტის წარმატების გასაღები არის ლოკაცია და ისეთი კონსულტანტის ყოლა, რომელმაც იცის ეს ლოკაცია და შეუძლია შექმნას პროექტი, რომელიც შეერწყმება გარემოს. უნდა შეიქმნას არა ისეთი პროექტი, რომელიც ცვლის ლანდშაფტს, არამედ ისეთი, რომელიც ბუნების ნაწილი ხდება და იზიდავს ადამიანებს. დღეს ბევრი კონსულტანტი ვიცით, რომლებიც ქმნიან პროექტ-ოცნებებს, რომლებსაც მხოლოდ ჟურნალებში ან ბროშურებში ხედავთ, მაგრამ რეალურად არ ხორციელდება. თუმცა NOA-ს შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ ბევრი ოცნება, რომელიც რეალობად იქცა და გვინდა, რომ ადამიანები მოვიდნენ და ჩვენთან ერთად იოცნებონ ამ სასტუმროში", - განაცხადა მან.
Rotana-ს წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასა და ლოგისტიკურ უპირატესობებს დაუთმო, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთისა და ყურის ქვეყნების ტურისტული ბაზრისთვის.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ. მისი აზრით, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ან ყურის სხვა ქვეყნებიდან ფრენის მცირე ხანგრძლივობა (მხოლოდ 3-3.5 საათი) ამ მიმართულებას ავტომატურად ხდის მიმზიდველსა და ადვილად ხელმისაწვდომს. მოგზაურები ამ რეგიონიდან აქტიურად გეგმავენ როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის არდადეგებს, რაც გუდაურის სასტუმროზე სტაბილურ მოთხოვნას უზრუნველყოფს.
გუდაურის ახალი პროექტი სამმხრივ პარტნიორობას ეფუძნება, სადაც Rotana სასტუმროს ოპერატორია, Pontus - დეველოპერი, ხოლო NOA - პროექტის კონსულტანტი და არქიტექტორი.
მაკრამ ელ ზირის თქმით, Pontus-თან და მის ხელმძღვანელ ირაკლი ვარშალომიძესთან ჩამოყალიბებული მრავალწლიანი ნდობა და ერთობლივი მუშაობა პროექტის წარმატებით განხორციელების გარანტიაა. პარტნიორებს შორის უკვე არსებობს მყარი გამოცდილება - გონიოს პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ამჟამად მშენებლობის პროცესშია.
"ჩვენთვის, როგორც ოპერატორისთვის, ერთ დეველოპერთან და მფლობელთან მუშაობა პრივილეგიაა, რადგან ეს ნიშნავს ორმხრივ ნდობასა და საერთო წვლილს. ირაკლისთან, Pontus-თან და მათ გუნდთან მუშაობა გასული 3 წლის განმავლობაში ჩვენთვის ძალიან წარმატებული იყო. გონიოს პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე ნამდვილი ღირსშესანიშნაობა გახდება, რაც ამ პროექტზე მომუშავე თითოეული ადამიანის ერთობლივი მუშაობის შედეგია", - აღნიშნა მაკრამ ელ ზირმა.
BM.GE
წყარო: bm.ge