მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როცა დამარცხდები, დაგეკისრება თანხა და მანიპულაციებით ცდილობ აღსრულების შეფერხებას, ეს უფრო აზიანებს საინვესტიციო იმიჯს - შარაბიძე
როცა დამარცხდები, დაგეკისრება თანხა და მანიპულაციებით ცდილობ აღსრულების შეფერხებას, ეს უფრო აზიანებს საინვესტიციო იმიჯს - შარაბიძე

როცა დამარცხდები, დაგეკისრება თანხა და მანიპულაციებით ცდილობ აღსრულების შეფერხებას, ეს უფრო აზიანებს საინვესტიციო იმიჯს - შარაბიძე

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 01:00|bm.ge

"დამარცხებას ზოგჯერ აღიარებაც სჭირდება ხოლმე - როცა დამარცხდები, დაგეკისრება თანხა და შენ სხვადასხვა მანიპულაციებით ან მექანიზმებით ცდილობ აღსრულების შეფერხებას, ეს უფრო აზიანებს საინვესტიციო იმიჯს", - ამის შესახებ BMG-სთან იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებულ დავაზე აცხადებს.

მისი თქმით, დავის გაგრძელება და გასაჩივრება ქვეყნისთვის პრობლემურია - ერთი მხრივ, იზრდება კომპენსაციის თანხა, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო არბიტრაჟში დავების წარმოება უზარმაზარ ფინანსურ რესურსს მოითხოვს - საარბიტრაჟო მოსაკრებლები და მაღალკვალიფიციური იურისტების ჰონორარები მილიონობით დოლარს აღწევს.

„გაჭიანურება სწორი სტრატეგიაა თუ ჯობს, გადავიხადოთ დღეს, იმიტომ რომ 10 წელიწადში უფრო მეტის გადახდა მოგვიწევს - ამას აფასებს ვინმე? $400 მილიონია დღეს გადასახდელი და მას ემატება ყოველწლიურად პროცენტი, X თანხა. დღეს სახელმწიფოს ტაქტიკა აქვს ის, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი არ გადაიხადოს სხვადასხვა პროცესუალური მანიპულაციებით, არ აღასრულოს ეს გადაწყვეტილება.

თუ მაღალია ალბათობა იმისა, რომ განულდება ეს თანხა, ან შემცირდება ამ დავებში, მაშინ, შეიძლება, გამართლებული იყოს. მაგრამ თუ ამის ალბათობა დაბალია, ჩვენ 10 წელში მოგვიწევს გადავიხადოთ 800 მილიონი. იბადება კითხვა - ხომ არ ჯობდა გადახდილი ყოფილიყო 2026-ში, წელს, 400 მილიონი და აღარ დაგვეხარჯა თანხა შემდეგი 10 წელი სამართლებრივ ხარჯებში, და ბოლოს მაინც 800 მილიონი გადაგვეხადა“ - აცხადებს კახა შარაბიძე BMG-სთან.

მისივე შეფასებით, პრობლემის სათავე ხშირად, ხელშეკრულებების გაფორმების საწყის ეტაპზევე იჩენს თავს - მსხვილი ინვესტორების გვერდით დიდი გამოცდილებისა და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე გუნდია, მაშინ, როდესაც, სახელმწიფო მოხელეებს კერძო ბიზნესის სექტორში შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნიათ.

"როცა ვაფორმებთ ამ ტიპის საკმაოდ რთულ, კომპლექსურ ბიზნეს გარიგებებს, მეორე მხარეს არის ბიზნეს სუბიექტი დიდი გამოცდილებით, ხოლო ჩვენს მხარეს - სახელმწიფო მოხელე, რომელსაც ბუნებრივად არ ყოფნის კერძო გამოცდილება. ჩვენ ყოველთვის არათანაბარ პირობებში აღმოვჩნდებით ხოლმე მოლაპარაკებების ეტაპზე.

ასევე, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება ბიუროკრატიისგან, რომ ‘ჩემს დროს არ იყოს გადასახდელი და მერე იყოს’ - ამ მიზეზით გადადებენ ხოლმე აღსრულებას. მაგრამ შედეგები და რისკები ფასდება თუ არა - ეს არის მთავარი კითხვა ჩემთვის“ - აცხადებს კახა შარაბიძე.

მისივე შეფასებით, სახელმწიფო ხშირად არ ახდენს მოსალოდნელი რისკების ჯეროვან ანალიზს. გადაწყვეტილებები ხშირად მიიღება ემოციურ ან პოლიტიკურ ნიადაგზე, ხოლო უარყოფითი შედეგები მოგვიანებით დგება. ამასთან, დამკვიდრებულია ტენდენცია, როდესაც სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს საკუთარ შეცდომებზე და წაგებულ დავებს ყოველთვის ინვესტორს ან საერთაშორისო სასამართლოს აბრალებს.

„ყოველთვის ვაბრალებთ ინვესტორს და სასამართლოს - რა ვქნათ, ინვესტორი იყო ცუდი და სასამართლომ ასე გადაწყვიტა. არასოდეს არ დგება იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართული იყო მოლაპარაკებაში. იქნებ, არ შეფასდა რისკები თავის დროზე სწორად, იქნებ, მერე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება ვინმემ, რამაც შედეგი ნეგატიურად გამოიღო.

პრობლემა იწყება კონტრაქტის დადებისას, მოლაპარაკებების დროს - ჩვენს მხარეს არ ყოფნის ცოდნა და გამოცდილება, ამ რთულ, კომპლექსურ ბიზნეს გარიგებებში გაითვალისწინოს ყველაფერი. ხშირად სახელმწიფო ქირაობს ხოლმე იურიდიულ ფირმებს, იურისტებს, მაგრამ კონტრაქტი არ არის მარტო სამართლებრივი, ბიზნეს ნაწილში კი, ხშირად არ ყოფნით გამოცდილება.

მეორე პრობლემა არის ის, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს არ აანალიზებენ რისკებს. ხშირად ემოციური ან პოლიტიკური ეგოს გამო მიიღება გადაწყვეტილება და როცა მძიმე შედეგები დადგება, შეიძლება, არც მოუსწროს იმ ჩინოვნიკს, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება - ‘მერე რაღაც იქნება’ - ხშირად არის რაღაც ამგვარი ზერელე დამოკიდებულება“ - აცხადებს BLB-ის მმართველი პარტნიორი.

ამასთან, შარაბიძე აღნიშნავს, რომ კომპანიის იურისტები კლიენტებს ყოველთვის ურჩევენ, ხელშეკრულებებში დავების განმხილველ ორგანოდ ქართული სასამართლოს ნაცვლად, საერთაშორისო ან ადგილობრივი არბიტრაჟი მიუთითონ. მისი განმარტებით, მიზეზი ისაა, რომ ქართულ სასამართლოში დავების განხილვა წლები გრძელდება. ამასთან, ბიზნესსექტორს აკლია ნდობა გადაწყვეტილებების სტაბილურობის მიმართ; ხოლო, რთულ ბიზნესდავებში სასამართლო სისტემის კომპეტენცია ხშირად, არასაკმარისია.

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ საქართველოს თურქული კომპანია ENKA-ს წინააღმდეგ არბიტრაჟში დაკისრებული $400 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა - ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში. საქართველოს მთავრობა კი აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე აშშ-ს სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს.

საქართველოს ხელისუფლება აქამდე ამ კომპენსაციის გადახდის შეჩერებას ცდილობდა საფრანგეთის იურისდიქციაში, სადაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო კოლეგიამ განიხილა და ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში საქართველოს 383-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამასთან, კომპენსაციას თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი (SOFR+4%)-ის ოდენობით, რაც კომპენსაციის ძირს ერიცხება თითოეულ გადაუხდელ კვარტალზე, ამ დროისთვის ჯამური კომპენსაცია 400 მილიონ დოლარს მნიშვნელოვნად აღემატება. საფრანგეთის სასამართლოში განხილვების დასრულებამდე კომპენსაციის აღსრულება შეჩერებული იყო. თუმცა, ახლა უკვე აშშ-ის სასამართლოს განაჩენით მისი აღსრულების პროცესის დაძვრა არის განსაზღვრული.

საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორსმაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის "ნამახვანჰესის" $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული. ENKA-მ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულებელყოფას უკავშირდებოდა. "ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

BM.GE

თბილისის მერია „თქვენზე მორგებული უბნის“ იდეების კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია „თქვენზე მორგებული უბნის“ იდეების კონკურსს აცხადებს

BM.GE

გარემოსდაცვით კოდექსში და სამრეწველო ემისიებში დაგეგმილი ცვლილებები ბიზნესს ასოციაციის წევრებს გააცნეს

გარემოსდაცვით კოდექსში და სამრეწველო ემისიებში დაგეგმილი ცვლილებები ბიზნესს ასოციაციის წევრებს გააცნეს

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილი PASHA Holding-ის კომერციული და საერთაშორისო პროექტების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი PASHA Holding-ის კომერციული და საერთაშორისო პროექტების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

BM.GE