
რუპერტ მერდოკის შვილმა Vox-ი და New York Magazine $300 მილიონად შეიძინა
მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის უმცროსი შვილი, ჯეიმს მერდოკი საკუთარ მედიაიმპერიას აფუძნებს. მისმა კუთვნილმა კომპანიამ, Lupa Systems-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ Vox Media-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, $300 მილიონად გამოცემებს: New York Magazine-ს, Vox.com-სა და პოდკასტების პლატფორმა Vox Media Podcast Network-ს ყიდულობს.
არსებული ინფორმაციით, Vox Media-ს თანადამფუძნებელი, ჯიმ ბანკოფი მერდოკის მიერ შეძენილი სამივე მედიააქტივის გენერალური დირექტორის პოზიციას შეინარჩუნებს.
როგორც ირკვევა, ლიბერალური მიმართულების გამოცემა Vox-ის შეძენით, ჯეიმს მერდოკი მამის კუთვნილი მედიაკონგლომერატის, News Corp-ის პირდაპირი იდეოლოგიური კონკურენტი ხდება. მერდოკმა საჯაროდაც განაცხადა, რომ ეს შესყიდვა სრულად შეესაბამება კომპანიის არსებულ პორტფელსა და ინვესტიციებს, ისევე როგორც მათ ინტერესს არამარტო კულტურის თანამედროვე ტენდენციების მიმართ, არამედ ამბიციური ჟურნალისტიკისადმიც.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმს მერდოკს მამასთან და მის მედიაკონგლომერატთან, რომელიც Fox News-სა და The Wall Street Journal-ს აერთიანებს, იდეოლოგიური უთანხმოების გამო საჯარო დაპირისპირება ჰქონდა, რის შედეგადაც მან News Corp-ი 2020 წელს დატოვა. მანამდე ის 21st Century Fox-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზეც მუშაობდა.
აღსანიშნი ფაქტია, რომ ჯეიმს მერდოკმა და მისმა მეუღლემ, კეთრინმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიას $1 მილიონზე მეტი შესწირეს. ამასთან, მერდოკი მუდმივად საუბრობს კლიმატის ცვლილების პრობლემზე. მან 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ კონსერვატიული მედიასაშუალებები მკაცრად გააკრიტიკა.
რაც შეეხება თავად კომპანია Vox Media-ს, მან ციფრული მედიის ბუმის პერიოდში, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობის დროს, ეზრა კლაინის, მეტიუ იგლესიასისა და მელისა ბელის ლიდერობით, აუდიტორიის მოზიდვა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა შეძლო. თუმცა, ბოლო წლებში მედიაჯგუფის გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა.