
რუსეთი უარყოფს ლაბორანტის შავი ჭირით გარდაცვალებას, თუმცა ადგილზე საკარანტინო ზომები რჩება
რუსეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეროვნული სააგენტოს [Роспотребнадзор] განცხადებით, ჩატარებულმა კვლევამ ვერ გამოავლინა პათოგენი, რომელიც ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალებას უკავშირდება.
კერძოდ, Роспотребнадзор-ის ინფორმაციით, დარია შიპილოვას ბიოლოგიურ მასალაში მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული პათოგენები ვერ აღმოაჩინეს, ინსტიტუტში კი მიკროორგანიზმებთან დაკავშირებული არანაირი ინციდენტი არ დაფიქსირებულა. რუსეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი ამტკიცებს, რომ ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის დაღუპულ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფ რამდენიმე პირს COVID-19-სა და რინოვირუსული ინფექციის შემთხვევები გამოუვლინდათ, ხოლო სხვა ინფექციური აგენტები არ აღმოუჩენიათ.
ირკუტსკის გუბერნატორმა იგორ კობზევმა განაცხადა, რომ სპეციალურმა ექსპერტთა კომისიამ გარდაცვალების მიზეზად „დაუზუსტებელი პნევმონია“ დაასახელა, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მდგომარეობა სტაბილურად შეაფასა. „ვითარებას ექსპერტებთან ერთად სრულად ვაკონტროლებთ“.
რუსეთის მთავრობის უარყოფის მიუხედავად, ადგილზე საკარანტინო ზომები მაინც რჩება მათ შორის, საავადმყოფოებში. ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის ალუმინის ქარხანაში ნიღბის ტარებაც კი სავალდებულოც გახდა.
2 ოქტომბერს ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი. გარდაცვლილი 28 წლის ლაბორანტი დარია შიპილოვაა. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, ერთი კვირით ადრე მას სამუშაო ადგილზე გაუტყდა ჭირის გამომწვევი შემცველი სინჯარა, რის შემდეგაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. შიპილოვასთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი კი კარანტინში მოათავსეს. რუსეთში მომხდარ შავი ჭირის შესაძლო შემთხვევას აშშ-ც სწავლობს.
„როგორც ჩანს, ლაბორატორიის თანამშრომელი ინფიცირებული იყო და არსებობდა შიში, რომ დაავადება შესაძლოა გავრცელებულიყო. როგორც ნებისმიერი სხვა მსგავსი შემთხვევის დროს თუ რამე გარეთ გაჟონავს ის შეიძლება სწრაფად გავრცელდეს, ამიტომ ჩვენ სიტუაციას ყურადღებით ვადევნებთ თვალს და მონიტორინგს ვუწევთ“, – განაცხადა რუბიომ.
BM.GE
წყარო: bm.ge