
რუსეთიდან ამანათები თითქმის ექვსჯერ გაიზარდა - 2025 წელს საქართველოში 1.1 მილიონი გზავნილი შემოვიდა
2025 წელს რუსეთიდან საქართველოში შემოსული ამანათების რაოდენობა თითქმის ექვსჯერ გაიზარდა. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, თუ 2024 წელს რუსეთიდან 193 ათასი გზავნილი შემოვიდა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 1.1 მილიონს გადააჭარბა. ზრდა უკავშირდება რუსული ონლაინ-პლატფორმების - Ozon-ისა და Wildberries-ის - მიერ საქართველოში საქმიანობის გაფართოებას. მიუხედავად ამისა, ამანათების საერთო ბაზარზე რუსეთი კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჩინეთს, რომელიც როგორც რაოდენობით, ისე ღირებულებით ლიდერობს.
2025 წელს საქართველომ უცხოეთიდან ჯამში 19.9 მილიონი ამანათი გამოიწერა, რომელთა საერთო ღირებულებამ 2.05 მილიარდი ლარი შეადგინა. შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, რომელიც საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციას მიეწოდა, გასულ წელს ამანათების რაოდენობა 4.8 მილიონით, ანუ 32%-ით გაიზარდა, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 604 მილიონი ლარით, ანუ 42%-ით. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთ წელიწადში დაფიქსირებული ღირებულებითი ზრდა აღემატება 2020 წელს მთელი წლის განმავლობაში გამოწერილი ამანათების საერთო ღირებულებას, რომელიც 558 მილიონ ლარს შეადგენდა.
რუსეთიდან შემოსული ამანათების ჯამური ღირებულება 2025 წელს 52.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2024 წელს 16 მილიონ ლარს შეადგენდა. სტატისტიკის მიხედვით, რუსეთიდან გამოწერილი ერთი ამანათის საშუალო ღირებულება 47 ლარია.
მიუხედავად რუსეთიდან გზავნილების სწრაფი ზრდისა, უცხოური ონლაინ-ვაჭრობის მთავარი წყარო კვლავ ჩინეთია. გასულ წელს საქართველომ ჩინეთიდან 13.7 მილიონი ამანათი მიიღო, რაც მთლიანად ქვეყანაში შემოსული ამანათების 69%-ს შეადგენდა. მათი საერთო ღირებულება 874.2 მილიონი ლარი იყო, რაც მთლიანი ბაზრის 43%-ია.
სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთიდან გამოწერილი ერთი ამანათის საშუალო ღირებულება 64 ლარს შეადგენდა, რაც თითქმის 4.7-ჯერ ნაკლებია დღგ-ის გარეშე განბაჟების 300-ლარიან ზღვარზე. შესაბამისად, ჩინეთიდან შეძენილი პროდუქციის დიდი ნაწილი დამატებული ღირებულების გადასახადს არ ექვემდებარებოდა. მონაცემების მიხედვით, ჩინეთიდან 874 მილიონი ლარის პროდუქცია შემოვიდა, რომლის ადგილობრივ ბაზარზე შეძენის შემთხვევაში მომხმარებლებს, მინიმუმ, 18%-ით მეტი - დაახლოებით 157 მილიონი ლარის დამატებით - გადახდა მოუწევდათ.
ჩინეთიდან ამანათების ზრდა უკავშირდება საერთაშორისო ელექტრონული კომერციის პლატფორმების - Temu-ს, Shein-ის, Alibaba-სა და Pinduoduo-ს - მიერ საქართველოს ბაზარზე აქტიურ გაფართოებასა და უფასო მიწოდების სერვისების შეთავაზებას.
2025 წელს საქართველოში შემოსული ამანათები ქვეყნების მიხედვით - დალაგებულია ამანათების ჯამური ფასის მიხედვით:
# ქვეყანა ამანათების რაოდენობა ჯამური ფასი - ლარებში ამანათის საშუალო ფასი ლარებში 1 ჩინეთი 13,679,179 ამანათი; 874,155,168 ლარი; 64 ლარი; 2 შეერთებული შტატები 1,701,851 ამანათი; 382,912,566 ლარი; 225 ლარი; 3 გერმანია 152,315 ამანათი; 115,337,268 ლარი; 757 ლარი; 4 საბერძნეთი 951,008 ამანათი; 98,189,054 ლარი; 103 ლარი; 5 იტალია 876,537 ამანათი; 97,634,624 ლარი; 111 ლარი; 6 რუსეთი 1,108,196 ამანათი; 52,510,746 ლარი; 47 ლარი; 7 გაერთიანებული სამეფო 122,293 ამანათი; 42,006,641 ლარი; 343 ლარი; 8 თურქეთი 661,078 ამანათი; 37,594,225 ლარი; 57 ლარი; 9 ესპანეთი 99,105 ამანათი; 19,328,445 ლარი; 195 ლარი; 10 ლატვია 274,639 ამანათი; 13,138,613 ლარი; 48 ლარი; სხვა ქვეყნები 259,130 ამანათი; 312,474,494 ლარი. 1,206 ლარი.
სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ 2025 წელს ქვეყანაში შემოსული ამანათების 97% 300 ლარზე ნაკლები ღირებულების იყო. კერძოდ, 19.3 მილიონი გზავნილის საერთო ღირებულებამ 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა. დღგ-ით დაბეგვრას მხოლოდ 582,364 ამანათი დაექვემდებარა, რომელთა ჯამური ღირებულება 849 მილიონი ლარი იყო. ამ სეგმენტში ერთი გზავნილის საშუალო ღირებულება 1,455 ლარს შეადგენდა, ხოლო დაუბეგრავი ამანათების შემთხვევაში საშუალო ფასი 62 ლარი იყო.
ამანათების სექტორიდან ბიუჯეტში 2025 წელს დამატებული ღირებულების გადასახადის სახით 152 მილიონი ლარი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 18 მილიონი ლარით მეტია.
ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ უცხოური ონლაინ-ვაჭრობა საქართველოში სწრაფად იზრდება. თუ 2020 წელს ქვეყანაში 4.9 მილიონი ამანათი შემოვიდა, 2025 წელს მათი რაოდენობა თითქმის 20 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო ჯამური ღირებულება 558 მილიონი ლარიდან 2.05 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge