მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთის წილის მკვეთრი კლება და ჩინეთის ზრდა - რა ტენდენციებს აჩვენებს საქართველოს საგარეო ეკონომიკის უახლესი ინდექსი
რუსეთის წილის მკვეთრი კლება და ჩინეთის ზრდა - რა ტენდენციებს აჩვენებს საქართველოს საგარეო ეკონომიკის უახლესი ინდექსი

რუსეთის წილის მკვეთრი კლება და ჩინეთის ზრდა - რა ტენდენციებს აჩვენებს საქართველოს საგარეო ეკონომიკის უახლესი ინდექსი

BM.GE14 ივლისი, 2026, 23:00|bm.ge

საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) და EBIT GROUP-ის მიერ მომზადებული უახლესი ინდექსის თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის საგარეო ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, თუმცა ანალიტიკოსები ამას ძირითადად სეზონურ მოვლენად მიიჩნევენ.

საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი (GFEDI) 2026 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა და 9,012,968 ერთეული შეადგინა.

ინდექსი ხუთი კომპონენტისგან შედგება: იმპორტი, ექსპორტი, ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან. კვარტალურ ჭრილში ხუთივე კომპონენტიდან მხოლოდ იმპორტმა აჩვენა ზრდა 4.5%-ით - ხოლო დანარჩენმა ოთხმა კომპონენტმა კლება დააფიქსირა.

საერთაშორისო ვაჭრობის სურათი

ექსპორტმა კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 9.3%-იანი კლება აჩვენა და 1.94 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, თუმცა წლიურ ჭრილში სურათი საპირისპიროა - ექსპორტი 22.6%-ით არის გაზრდილი, რაც ინდექსის ხუთივე კომპონენტს შორის ყველაზე მყარი წლიური ზრდაა. ამ ზრდას სათავეში ჩინეთი და თურქეთი უდგანან: ჩინეთში საქართველოდან მიწოდება სამჯერ მეტად გაიზარდა, ხოლო თურქეთში ექსპორტი თითქმის გაორმაგდა.

იმპორტმა კვარტალურად 4.5%-ით მოიმატა, თუმცა ეს ზრდა ძირითადად „სხვა" ქვეყნების კატეგორიაში დაფიქსირებულმა მკვეთრმა ცვლილებამ განაპირობა, რაც, ავტორთა შეფასებით, შესაძლოა ნაკადების ხელახალ კლასიფიკაციასაც უკავშირდებოდეს და არა აუცილებლად რეალურ სავაჭრო აქტივობის ზრდას. წლიურ ჭრილში იმპორტი 3.0%-ით შემცირებულია, ძირითადად აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან შემცირებული მიწოდების ხარჯზე.

რუსეთის წილის შემცირება

ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი მიგნება რუსეთთან ეკონომიკური კავშირების დინამიკას ეხება. ფულადი ნაკადების მოცულობა რუსეთიდან ერთი წლის განმავლობაში 85%-ით შემცირდა - 643 მილიონიდან 95 მილიონ დოლარამდე, რასაც ავტორები 2022 წლის შემდეგ არსებული ზრდის ტალღის დასრულებას უკავშირებენ. შედეგად, რუსეთის წილი საერთო ინდექსში წლიურ ჭრილში 15.9%-დან 11.3%-მდე შემცირდა, რითაც მისი, როგორც დომინანტი პარტნიორის, პოზიცია თურქეთის მსგავს დონემდე დაეცა.

ევროკავშირი ლიდერობს, ჩინეთი დაწინაურდა

ევროკავშირმა კვარტალურ ჭრილში 13.1%-იანი კლება განიცადა, თუმცა წლიურად მისი მაჩვენებელი 4.4%-ით გაიზარდა, რითაც მან საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი შეინარჩუნა და ინდექსში წილი 18.3%-დან 19.7%-მდე გაზარდა.

აღსანიშნავია ჩინეთის პოზიციის გამყარებაც - ექსპორტის მკვეთრი ზრდის ხარჯზე ქვეყანამ წლიურად 55.2%-იანი ზრდა აჩვენა და მეოთხე ადგილზე გავიდა, აშშ-ს გადაუსწრო. ამერიკის შეერთებული შტატების წილი კი, უპირატესად იმპორტის შემცირების გამო, 9.8%-დან 7.3%-მდე დაეცა.

ტურიზმი და ინვესტიციები

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კვარტალურად 25.2%-ით შემცირდა, რაც ავტორთა შეფასებით, დიდწილად სეზონურ ფაქტორებს უკავშირდება, პირველი კვარტალი საქართველოსთვის ტურისტულად ყველაზე პასიური პერიოდია. წლიური მაჩვენებელი კი თითქმის უცვლელი დარჩა (−1.2%).

უცხოური პირდაპირი ინვესტიციები კვარტალურად 30.8%-ით შემცირდა, თუმცა ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ძირითადად გაერთიანებული სამეფოს მიერ წინა კვარტალში დაფიქსირებული ერთჯერადი, არაპროპორციულად დიდი ტრანზაქციის არარსებობით არის განპირობებული, ვიდრე ინვესტორული აქტივობის რეალური კლებით.

საერთო შედეგი

ანგარიშის მიხედვით, საგარეო ეკონომიკური აქტივობის მასშტაბი კვარტალურ ნომინალურ მშპ-ს 98.2%-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო ეკონომიკური ნაკადების მოცულობა თითქმის შიდა ეკონომიკის ტოლფასია. ავტორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად საერთო აქტივობის მაღალი დონისა, სტრუქტურა გასულ წელთან შედარებით უფრო დივერსიფიცირებულია, ვინაიდან შემცირდა დამოკიდებულება ფულადი ნაკადების ერთ, კონკრეტულ წყაროზე.

ინდექსი ეყრდნობა აშშ დოლარში გამოსახულ მონაცემებს და მოიცავს საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ჩინეთთან, ირანთან, ისრაელთან, იაპონიასთან, ყაზახეთთან, რუსეთთან, თურქეთთან, უკრაინასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, აშშ-სთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰორმუზის სრუტის ავლით, DP World-მა საამიროებში ახალი პორტის მშენებლობა გადაწყვიტა

ჰორმუზის სრუტის ავლით, DP World-მა საამიროებში ახალი პორტის მშენებლობა გადაწყვიტა

BM.GE

რატომ დაეცა Oracle-ის აქციები 62%-ით?

რატომ დაეცა Oracle-ის აქციები 62%-ით?

BM.GE

"ძველი საწყობის ფასში ვაქირავებთ ახალ საწყობს" - რას სთავაზობს "მეტა ჰაბი" მომხმარებელს?

"ძველი საწყობის ფასში ვაქირავებთ ახალ საწყობს" - რას სთავაზობს "მეტა ჰაბი" მომხმარებელს?

BM.GE

ესპანეთში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე ხანძარს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე ხანძარს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა

BM.GE