
რუსეთმა 17 წლის ბრიტანელ მოსწავლეს უპრეცედენტო სანქციები დაუწესა - მიზეზები
ბრიტანელმა მოსწავლემ ალექსანდრ ბრაუდერმა კრიპტოვალუტის სქემები გამოავლინა, რომელთა საშუალებითაც რუსეთი მილიარდობით დოლარს ათეთრებდა, რის გამოც კრემლმა მის წინააღმდეგ უპრეცედენტო პერსონალური სანქციები დააწესა - ამის შესახებ გამოცემა Novaya Gazeta Europe 22 ივნისს გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში წერს.
მარტში ანალიტიკური ცენტრის "ჰენრი ჯექსონის საზოგადოება" სახელით გამოქვეყნებულ ანგარიშში, ბრაუდერმა კრიპტოვალუტის უკანონო გადარიცხვის სქემები აღწერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუბლით უზრუნველყოფილი სტაბილკოინი A7A5 არის "ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა დასავლეთისთვის" სანქციების პირობებში ფულის გათეთრებასთან ბრძოლაში.
მოზარდმა მიუთითა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა, ირანმა და ჩრდილოეთ კორეამ, ამ გზით დაახლოებით 350 მილიარდი დოლარი "გაათეთრეს".
ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ლონდონმა სანქციები დააწესა კომპანიების მთელი ჯგუფის - კრიპტოპლატფორმების, ბანკებისა და ფინანსური ქსელების წინააღმდეგ მათ შორის საქართველოში, რუსეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ყირგიზეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პანამასა და სალვადორში.
ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებით, ეს კომპანიები ანტირუსული სანქციებისგან თავის ასარიდებლად "ჩრდილოვან ფინანსურ სისტემებად" გამოიყენებოდა.
მოსკოვმა, თავის მხრივ, ალექსანდრ ბრაუდერი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. "დეზინფორმაციის გავრცელებისთვის" მას 2 ივნისს რუსეთში შესვლა აეკრძალა.
თუმცა, ბრაუდერმა აღნიშნა, რომ მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას სასჯელად არ მიიჩნევს.
"ამაყი ვარ, რომ მსოფლიოში პირველი მოსწავლე ვარ, რომელიც ავტორიტარულმა რეჟიმმა კორუფციის მხილებისთვის სანქციების სიაში შეიყვანა. [...] მე ვიპოვე მათი აქილევსის ქუსლი. A7A5-ის გარეშე ისინი ვერ შეძლებდნენ თავიანთი აგრესიული ომის დაფინანსებას", - ციტირებს რუსული ოპოზიციური გამოცემა ალექსანდრის სიტყვებს.
მან დასძინა, რომ რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ აშინებს.
"ეს ნიშნავს, რომ მტკივნეულ წერტილს მივაგენი", - აღნიშნა მან.
ალექსანდრ ბრაუდერი მიჰყვება მამამისის - ცნობილი ბრიტანელი ფინანსისტის, უილიამ ბრაუდერის გზას, რომელიც "მაგნიტსკის აქტის" მთავარი ინიციატორი იყო. 2012 წელს აშშ-ში მიღებული ეს კანონი სავიზო და ფინანსურ შეზღუდვებს აწესებს იმ მაღალი რანგის რუსი მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში ფიგურირებენ.
26 მაისს გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები 18 კრიპტოპლატფორმის, ბანკისა და ფინანსური კომპანიის წინააღმდეგ დააწესა, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი გვერდს უვლიდა შეზღუდვებს და უკრაინის წინააღმდეგ ომს აფინანსებდა.
სანქციები დაუწესდა დამატებით სამ კომპანიას, რომლებიც საქართველოშია რეგისტრირებული. უწყების ცნობით, სანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი საქართველო არ იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge