
"FDI გრანტის" პროგრამას ინვესტიციების სააგენტო გააგრძელებს|რას სთავაზობს სახელმწიფო უცხოელ ინვესტორებს?
"FDI გრანტის" პროგრამას, "აწარმოე საქართველოს" შემდეგ, ინვესტიციების სააგენტო გააგრძელებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 282-ე დადგენილებიდან ირკვევა, რომლითაც ცვლილება 2020 წლის 30 ნოემბრის 717-ე დადგენილებაში შევიდა. შესაბამისად საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროში შემავალ სსიპ „ინვესტიციების სააგენტოს" სახელმწიფო პროგრამის „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის“ მართვა გადააბარა.
ძველი დოკუმენტის მიხედვით, "FDI გრანტის" პროგრამას 2020 წლის შემდეგ საინვესტიციო სააგენტოს წინამორბედი, ასევე ეკონომიკის სამინისტროში შემავალი სსიპ აწარმოე საქართველოში ახორციელებდა.
ცვლილების შედეგად კი 22 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, როგორც პროგრამის განმახორციელებელი გრანტის გამცემი ინვესტიციების სააგენტო იქნება.
დადგენილებაში გაწერილია, რომ „სახელმწიფო პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის“ მიზანს წარმოადგენს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის, ცოდნისა და ტექნოლოგიის შემოდინებისა და განსაზღვრულ ეკონომიკურ სექტორებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა“.
ახალი დოკუმენტით მხოლოდ პროგრამის მმართველ უწყება იცვლება სექტორები და პროგრამის პირობები კი რომლითაც ხელშეწყობა მოხდება იგივე რჩება.
უფრო კონკრეტულად, 2020 წელს გამოცემული დადგენილებით, სააგენტო ახორციელებს:
• პროგრამის კოორდინაციასა და პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებას; • პროგრამით დაინტერესებული კომპანიების საკონსულტაციო მომსახურებით უზრუნველყოფას; • აფორმებს ხელშეკრულებას პროგრამის ბენეფიციართან და უზრუნველყოფს მის დაფინანსებას (გრანტის გაცემას) სააგენტოს ასიგნებებიდან, პროგრამით განსაზღვრული წესითა და პირობებით; • დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს განაცხადის ფორმას, მისი წარდგენისა და პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის პროცედურას და შესაბამისობის დადგენაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულს.; • ახორციელებს ბენეფიციართა მხრიდან ხელშეკრულებითა და ამ პროგრამით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს, ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პერიოდულობითა და წესით; • უფლებამოსილია, ბენეფიციართან გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაადგინოს პროგრამის დამატებითი პირობები.
აღნიშნული პროგრამით შემდეგი დარგების ხელშეწყობაა შესაძლებელი: წარმოებულ ან ექსპორტზე ორიენტირებული/მომუშავე ბიზნესსერვისების/ პროცესების აუთსორსინგი (BPO − საქართველოდან სხვა ქვეყანაში/უცხოურ ბაზარზე მომსახურების მიწოდებას/აუთსორსინგს); დასაწყობება და ლოგისტიკური ცენტრების შექმნა; საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება (MRO)
სააგენტო უფლებამოსილია, გრანტი გასცეს კომპანიის მიერ სამუშაო ძალის გადამზადება/ტრენინგისთვის, ასევე ინფრასტრუქტურის ან/და კომუნიკაციების მოწყობისთვის. რაც კომპანიამ უნდა გამოიყენოს ტრენერების სახელფასო ანაზღაურებისთვის (ადგილობრივი და უცხოელი); სატრენინგო მომსახურების ღირებულების დასაფარად; უცხოელი ტრენერების ჩამოყვანის შემთხვევაში, ტრენერების მგზავრობასა და განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად; გადასამზადებელი თანამშრომლების საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ვიზიტის შემთხვევაში, თანამშრომლების მგზავრობასა და განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად; სასწავლო სივრცის დაქირავების საჭიროების შემთხვევაში, ქირის ხარჯისთვის; გადამზადების მიზნებისთვის აუცილებელი აღჭურვილობის შეძენის/ქირავნობის ხარჯისთვის (ჩაფხუტები, სპეცტანსაცმელი და ა. შ.).
ასევე საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის (მიწის მოსამზადებელი სამუშაოები) ან/და რემონტის ხარჯებისთვის;
საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციების მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვსი (გზის გაყვანა/შეკეთება; ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისა და შესაბამისი ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოები; საკანალიზაციო გაყვანილობებისა და სისტემების მოწყობა, საწარმოსთან წყლისა და გაზის მიყვანა; ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა).
პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მექანიზმი სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავდება და განისაზღვრება ინვესტიციების მოცულობის, დასაქმებულთა რაოდენობის და სხვა პირობებით. სახელმწიფო გრანტის მოცულობა შეიძლება იყოს 1 მლნ ლარი და 750 000 ლარი.
ცნობისთვის, მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ინვესტიციების სააგენტოს ამოქმედების გადაწყვეტილება დაახლოებით ორი თვის წინ გამოაცხადა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ასეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ადრეც არსებობდა და ის „ქართული ოცნების“ მთავრობამ 2017 წლის ივნისში გააუქმა. სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ დადგენილებას მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა ხელი. სააგენტოს გაუქმების შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯებისა და ბიუროკრატიული აპარატის შემცირების მოტივით, სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად 2016 წლის ნოემბერში გააკეთა და თქვა, რომ სააგენტო "მეწარმეთა სააგენტოს" შეუერთდებოდა, რომელსაც შემდეგ “აწარმოე საქართველოში” დაერქვა. წელს კი, "აწარმოე საქართველოშის“ ბაზაზე „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია” და “ინვესტიციების სააგენტო” ცალ-ცალკე ჩამოყალიბდა. კორპორაციის ხელმძღვანელად ირაკლი გაბრიაძე დაინიშნა, ხოლო ინვესტიციების სააგენტოს - მიხეილ ხიდურელი.
ცნობისთვის, 2020-2023 წლების საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ FDI გრანტის სახელმწიფო პროგრამა შეიმუშავა და განახორციელა. პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანიებს საშუალება აქვთ ინვესტირებული თანხის 15%-მდე უკან დაიბრუნონ. პროგრამას ორი ბენეფიციარი ჰყავდა - მულტინაციონალური კომპანიები: Lineate და Girteka.
BM.GE
წყარო: bm.ge