
რუსეთმა გერმანული Metro AG-ის აქტივები დროებით მმართველობაში გადაიყვანა
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, მოსკოვმა გერმანული სავაჭრო გიგანტის, Metro AG-ის ადგილობრივი აქტივები დროებით მმართველობაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ ეს აქტივები მართვაში გადასცა კომპანია UK Torg RUS-ს, რომელიც მიმდინარე წლის 8 სექტემბერს დაფუძნდა. რუსული კორპორაციული მონაცემების თანახმად, ახალი სუბიექტის 100%-იან წილს Metro-ს ადგილობრივი მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი, იოჰანეს ტოლაი ფლობს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პრეზიდენტის ოფიციალურ განკარგულებაში ქონების ჩამორთმევის კონკრეტული მიზეზები დასახელებული არ არის. თუმცა, როგორც მედია წერს, ეს გადაწყვეტილება მოსკოვსა და ბერლინს შორის უკრაინის ომის გამო შექმნილ მწვავე დაპირისპირებას უკავშირდება.
პროცესს წინ უსწრებდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართული დიპლომატიური შეხვედრა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გერმანელ კოლეგას, იოჰან ვადეფულს ესაუბრა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ლავროვმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გერმანელი კოლეგისგან ახალი არაფერი მოუსმენია.
ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა გერმანიის ბრალდებამ, რომლის თანახმადაც, ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობაზე პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება. ოფიციალურმა ბერლინმა საპასუხო ზომების ფარგლებში რუსეთის საკონსულოსა და კულტურული ცენტრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მოსკოვმა კი გერმანიის ეს ბრალდება შეთითხნილად გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ Metro AG-ის აქტივების ჩამორთმევა რუსეთში დასავლური ბიზნესის წინააღმდეგ მიმართული, უკვე დამკვიდრებული ერთიანი პოლიტიკის ნაწილია. მიმდინარე თვეში კრემლმა შვეიცარიული საკვები გიგანტის, Nestle-სა და ფრანგული საცალო ქსელის, Auchan-ის აქტივებიც დროებით მმართველობაში გადაიყვანა. რუსეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება „არამეგობრული“ სახელმწიფოების მხრიდან განხორციელებული მტრული ქმედებებით ახსნა.
ცნობისთვის, Metro რუსულ ბაზარზე 2001 წელს შევიდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 91 საბითუმო სავაჭრო ცენტრს ფლობდა, სადაც 9,000 ადამიანი იყო დასაქმებული. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სხვა დასავლური კომპანიებისგან განსხვავებით, ქსელმა რუსეთში საქმიანობა თანამშრომლებისა და მომხმარებლების წინაშე არსებული პასუხისმგებლობის მოტივით არ შეაჩერა.
BM.GE
წყარო: bm.ge