
რუსეთში AI სექტორი ახალი რეგულაციების ქვეშ მოექცა - კანონს ხელი პუტინმა უკვე მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის განვითარების მხარდაჭერის შესახებ ახალ კანონს ხელი მოაწერა. არსებული ინფორმაციით, დოკუმენტი მსხვილი მოდელების კვლევისა და გამოყენების სამართლებრივ ჩარჩოს განსაზღვრავს.
როგორც ირკვევა, ახალი ინიციატივა ეროვნული უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. საკანონმდებლო აქტი პირველად ამკვიდრებს მსხვილი მოდელის ცნებას და ასეთ კატეგორიაში 1 მილიარდზე მეტი პარამეტრის მქონე მოდელებს ითვალისწინებს.
საყურადღებოა, რომ AI-ს განვითარების შესახებ ხელმოწერილი კანონი ტექნოლოგიების ლოკალიზაციას და მის რეგულირებულ ჩარჩოში მოქცევასაც ითვალისწინებს. კერძოდ, დადგინდა, რომ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს AI-ს ორი ტიპის ჯგუფი. პირველ კატეგორიაში შედის სუვერენული მოდელი, რომლის შემუშავებასა და კონტროლს სრულად რუსული მხარე განახორციელებენ. ამ შემთხვევაში ჩნდება ვალდებულება, რომ ყველა სახის მიღებული და დამუშავებული მონაცემი ადგილობრივ ცენტრებში იქნეს შენახული.
მეორე ჯგუფში შედის ისეთი ეროვნული მოდელები, რომელთა განვითარებისთვისაც უცხოური ღია კოდის კომპონენტების გამოყენებაც დაშვებულია, თუმცა ორივე ტიპის მოდელების შემთხვევაში, სისტემის მონაცემთა ბაზაზე რუსეთის ხელისუფლებას პრიორიტეტული წვდომა უნდა ჰქონდეს.
რაც შეეხება მართვის უფლებამოსილებას, AI-ს განვითარების ეროვნულ სტრატეგიას რუსეთის პრეზიდენტი დაამტკიცებს. ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის ზომებს მთავრობა განსაზღვრავს. ამასთან, სახელმწიფო ორგანოს უფლება ექნება, უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან სექტორებში მხოლოდ ადგილობრივი მოდელების გამოყენება სავალდებულოდ გამოაცხადოს.
ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის შესახებ კანონი ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა. კონტენტის მარკირებისა და სუვერენული მოდელების სავალდებულო გამოყენების ნორმები კი 2027 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.
