
რუსთაველის რეაბილიტაცია ზეგ დაიწყება – როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში
23 ივლისიდან თბილისში რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რა პერიოდშიც ქალაქის მთავარ გამზირზე, ასევე მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შეიზღუდება.
სატრანსპორტო შეზღუდვების არეალი
• ძირითადი მონაკვეთი: შეზღუდვა იმოქმედებს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ სარეაბილიტაციო არეალში. • დამატებითი ქუჩები: გადაადგილება სრულად აიკრძალება ვასო აბაშიძის ქუჩაზეც. • მოძრაობის ცვლილება: ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა (ვანო სარაჯიშვილის ქუჩიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე) გახდება ორმხრივი.
ალტერნატიული მარშრუტები მსუბუქი ტრანსპორტისთვის
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ავტომობილები გადაადგილებას შემდეგი სქემებით შეძლებენ:
პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ივანე თარხნიშვილის, ვასილ ბარნოვის, კოტე მაყაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, დანიელ ჭონქაძის, ამაღლების, ლადო ასათიანისა და შალვა დადიანის ქუჩების გავლით.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილებისთვის შემოვლითი გზა გაივლის რევაზ თაბუკაშვილისა და სანდრო ინაშვილის ქუჩებზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გიორგი ახვლედიანისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩებზე.
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ტრანსპორტი იმოძრავებს რევაზ თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, მარი ბროსეს ქუჩებისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს გავლით.
ამასთან, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა ვანო სარაჯიშვილის ქუჩიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე დროებით ორმხრივი გახდება.