
Ryanair-ის ხელმძღვანელი ევროპის ისტორიაში ავიაბილეთების ყველაზე დიდ გაძვირებას პროგნოზირებს
ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო'ლირიმ Euronews-ს განუცხადა, რომ საწვავის ხარჯების მატების გამო 2027 წელს ავიაბილეთების ფასები საგრძნობლად მოიმატებს.
ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ხელმძღვანელი მოელის, რომ 2027 წელს მთელ ევროპაში ავიაბილეთების ფასები შესაძლოა 20%-მდე გაიზარდოს, რადგან საავიაციო საწვავის ფასების ზრდა ავიახაზებს მძიმე დარტყმას აყენებს, ირანის ომი კი ნავთობის გაძვირებას კვლავ იწვევს.
ო'ლირის თქმით, 2027 წლის აპრილიდან ავიაკომპანიების უმრავლესობას საავიაციო საწვავის გაძვირებისგან ფინანსური დაზღვევა (ჰეჯირება) აღარ ექნება.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, 16 ოქტომბერს დასრულებულ კვირაში ევროპასა და დსთ-ის სივრცეში საავიაციო საწვავის საშუალო ფასმა ბარელზე 207.61 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 128%-ით მეტია.
ო'ლირის განცხადებით, ბევრ ევროპულ ავიაკომპანიას, მათ შორის Ryanair-ს, 2026 წლის განმავლობაში ძლიერი ჰეჯირების პოზიციები ჰქონდა, თუმცა მათი დაცვა 2027 წლის აპრილიდან გაცილებით შეიზღუდება. მან Euronews-ს განუცხადა, რომ Ryanair-მა მიმდინარე წლისთვის საწვავის ფასი ბარელზე დაახლოებით 67 დოლარად დააფიქსირა, თუმცა დასძინა, რომ "მომავალ წელს ჩვენთვის ნავთობის ფასი გაორმაგდება".
"თქვენ ნახავთ, როგორ გაიზრდება მომავალ წელს ავიაბილეთების ფასები ევროპაში, ვფიქრობ, 10, 15, შესაძლოა 20%-ითაც კი. მომდევნო 12 თვის განმავლობაში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის ისტორიაში ბილეთების ყველაზე დიდ გაძვირებას იხილავთ", - აღნიშნა მან 20 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გაძვირებულმა საავიაციო საწვავმა იმ ავიაკომპანიების მოგების მარჟა შეამცირა, რომლებსაც ჰეჯირების მექანიზმები არ გააჩნიათ. ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, მათ შორის საავიაციო ნავთის ფასები მკვეთრად ირანის ომის დაწყებისა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვის შემდეგ გაიზარდა. ოთხშაბათს საერთაშორისო ეტალონის, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსებით ვაჭრობა 109.86 დოლარად მიმდინარეობდა, რაც ბოლო ხუთი თვის მაქსიმუმთან ახლოსაა.
ო'ლირის თქმით, გაზრდილ საწვავის ხარჯებთან ერთად, 2027 წელს ევროპულ საავიაციო ბაზარზე გაკოტრებებისა და შერწყმების გამო ბილეთების ნაკლები რაოდენობა (ადგილები) იქნება ხელმისაწვდომი.
BM.GE
წყარო: bm.ge