
"სააუქციონო სისტემა ბარიერია" - რატომ ვერ ვიზიდავთ წიაღის სექტორში FDI-ს?|ინტერვიუ მაია ზავრაშვილთან
კომპანია Colliers Georgia Mining & Minerals Solutions-ის მმართველი პარტნიორის მაია ზავრაშვილის განცხადებით, გლობალური ენერგეტიკული ტრანზიციის ფონზე, წიაღის სექტორის მიმართ საინვესტიციო ინტერესი მკვეთრად გაზრდილია, თუმცა მხოლოდ რესურსული პოტენციალი კაპიტალის მოსაზიდად საკმარისი არ არის. „ინვესტორები ეძებენ სტაბილურ იურისდიქციას, სადაც სარისკო კაპიტალი დაცული იქნება გამჭვირვალე წესებითა და სწრაფი გადაწყვეტილებებით“, - განაცხადა მაია ზავრაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც სამთომოპოვებით სექტორში არსებული ტენდენციები მიმოიხილა და ასევე, გაანალიზა ის ძირითადი ბარიერები, რაც საქართველოს წიაღის სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს. „საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს საინტერესო საშუალო ზომის მოთამაშეებისთვის, თუმცა ამისთვის აუცილებელია ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა და სააუქციონო სისტემის რეფორმირება“, - ამბობს მაია ზავრაშვილი, რომელიც წიაღის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელია.
- საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს, წიაღის სექტორში მხოლოდ 2.9 მილიონი დოლარის FDI ჩაიდო, რაც 2024 წელთან შედარებით, თითქმის სამჯერ ნაკლებია. დავუშვათ, რიცხვები ყველაფერს არ ამბობს და ადგილობრივი ინვესტორები უფრო აქტიურები არიან - რა ტენდენციებია დღეს წიაღის სფეროში?
- ვიდრე უშუალოდ საქართველოზე გადავალთ, ზოგადად, მიმოვიხილოთ წიაღისა და სამთო-მომპოვებელი სექტორი. როგორია ტენდენციები მსოფლიოში? მინდა აღვნიშნო, რომ ინტერესი საგრძნობლად გაზრდილია. ვგულისხმობ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალურ საინვესტიციო ინტერესს, რაც რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. უპირველესი ენერგეტიკული ტრანზიციაა, რაც ზრდის მოთხოვნას იმ ნედლეულზე, რომელიც აუცილებელია მაღალტექნოლოგიური წარმოებისთვის - მაგალითად, ბატარეებისა და ელექტრომოწყობილობების შესაქმნელად. აქ მთავარი როლი სპილენძს, იშვიათ მეტალებსა და ინდუსტრიულ მინერალებს ენიჭება. ბუნებრივია, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იზრდება საინვესტიციო ინტერესიც, თუმცა მხოლოდ რესურსული პოტენციალი საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია პრივილეგიები, რასაც ინვესტორები სხვადასხვა იურისდიქციაში ეძებენ - ვგულისხმობ გამჭვირვალობას, სტაბილურ წესებსა და ოპერატიულ გადაწყვეტილებებს...
- პრინციპში, ეს უფრო ლოგიკური მოთხოვნებია, ვიდრე - პრივილეგია. არა?
- ინვესტორისთვის ეს სწორედ პრივილეგიაა, რადგან ხშირად ცალკეულ ქვეყნებში ამ მიმართულებით სერიოზული დაბრკოლებებია. მხოლოდ მდიდარი ბუნებრივი რესურსები უცხოელი ინვესტორისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. ის ეძებს იმ მინიმალურ სტანდარტს, რაზეც ვისაუბრეთ - ეს ბიზნესგადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წიაღის სფეროში მოსაზიდი კაპიტალის 80-90% სარისკო კაპიტალია, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა და პროგნოზირებადობა სჭირდება. თუ უძრავ ქონებაში ინვესტორმა შეიძლება რისკები სხვაგვარად დააზღვიოს, წიაღის სექტორი ამ მხრივ ორმაგად სენსიტიურია.
- მარტივად რომ ვთქვათ - შეიძლება, რამდენიმე წელი კვლევა-ძიებითი სამუშაო ჩაატარო, ფული დახარჯო, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდეს...
- რა თქმა უნდა. ერთია - ბიზნესისთვის დამახასიათებელი საინვესტიციო რისკი, რომელსაც შეგნებულად იღებ, მაგრამ მეორეა ის რისკები, რომელთა მართვაც წინასწარი შეფასების სტადიაზეა შესაძლებელი. თუ ინვესტორი თვლის, რომ კონკრეტულ ქვეყანაში რისკი მომეტებულია, ის იქ უბრალოდ არ შევა.
- ამ კომპონენტების გათვალისწინებით, სად არის საქართველო ანუ რა არის ის ძირითადი ბარიერები, რომლებიც წიაღის სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს?
- ობიექტური რომ ვიყო, ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ცუდი სამთო-მომპოვებელი იურისდიქცია გვაქვს. ასეთ „დიაგნოზს“ ჩვენს ბიზნესგარემოს ნამდვილად ვერ დავუსვამთ. ბუნებრივია, გვაქვს ნაკლოვანებები და გამოწვევები: ბევრი ბიზნესპროცესია გასაუმჯობესებელი, რეგულაციები - გასამარტივებელი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ტემპი - ასაჩქარებელი, თუმცა მსგავსი პრობლემები ბევრ ქვეყანას ახასიათებს. საინვესტიციო თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა ინტერესს ნამდვილად ინარჩუნებს. ჩვენ არ გვაქვს იმ მასშტაბის მადნები, რომლებითაც მსოფლიო გიგანტებს დავაინტერესებთ, თუმცა საშუალო და მცირე ზომის კომპანიებისთვის საქართველო მიმზიდველია. ჩვენი მიზანი უნდა იყოს იმ ბარიერების მოხსნა, რომლებიც მათ დისკომფორტს უქმნის, რათა უფრო თამამად შემოვიდნენ ბაზარზე და სრულად აითვისონ არსებული პოტენციალი.
- უფრო მეტად რომ დავკონკრეტდეთ - რა არის საქართველოს საინვესტიციო კლიმატის ის სუსტი წერტილები, რატომაც ინვესტორი შემოიფარგლება მხოლოდ ინტერესით და არ გადადის ინვესტირების სტადიაზე?
- როდესაც ინვესტორები მარეგულირებელ გარემოს აანალიზებენ, მათთვის ხშირად გაუგებარია სააუქციონო კონკურენციის აუცილებლობა. ერთის მხრივ, ემუშავები ინვესტორს, რომელსაც სარისკო კაპიტალი შემოაქვს - აქ ხომ არ ვყიდით კონკრეტულ აქტივს, რომლის კაპიტალიზაციაც წინასწარ ცნობილია?! თქვენ ყიდით შესაძლებლობას, რაშიც მან დიდი ინვესტიცია უნდა ჩადოს ისე, რომ არ იცის, გაამართლებს თუ არა. ასეთ დროს სახელმწიფოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ინვესტორების სელექცია აკეთოს; მან აქცენტი მათ მოზიდვაზე უნდა გააკეთოს.
- შეიძლება ითქვას, რომ სააუქციონო სისტემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერია შემსწავლელი კომპანიებისთვის?
- დიახ, შემსწავლელი კომპანიებისთვის. აქ არ ვგულისხმობ მცირე კარიერებს (მაგალითად, ინერტულ მასალებს), სადაც რისკები დაბალია და ბიზნესი დამკვიდრებულია. საუბარია ობიექტებზე, სადაც საჭიროა ძებნა-ძიებითი ანუ შესწავლის ფაზის გავლა, რათა დადგინდეს კომერციულად ღირებული მარაგების არსებობა. ამ პროცესს საშუალოდ 10-15 წელი სჭირდება. თუ გადავხედავთ გლობალურ სტატისტიკას, ვნახავთ, რამდენი პროექტი გადადის რეალურად მოპოვების ეტაპზე და რამდენს არ უმართლებს. ასეთ მაღალრისკიან პირობებში ელექტრონული აუქციონის კომპონენტის დამატება ინვესტორებისთვის ხშირად ალოგიკურია.
- ამ მხრივ, როგორია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა?
- ელექტრონული აუქციონი ნამდვილად არ არის საუკეთესო პრაქტიკა. ბევრ ქვეყანაში მოქმედებს ინვესტორების პრეკვალიფიკაციის სისტემა. სახელმწიფოს აქვს ხედვა, რა ტიპის ინვესტიცია და სტანდარტები სჭირდება. თუ ინვესტორი აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მისთვის გზა ხსნილია. ხშირად მოქმედებს პრინციპი: ვინც პირველი წარადგენს განაცხადს კონკრეტულ ობიექტზე, გადაწყვეტილებაც მის სასარგებლოდ მიიღება.
- დღეს გვაქვს თუ არა წიაღის სფეროში მკაფიო ხედვა - ვიცით, რა ტიპის ინვესტორებს ვეძებთ და სად?
- ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ გვაქვს. დოკუმენტების დონეზე არსებობს სტრატეგია, სადაც აღნიშნულია, რომ გვჭირდება ხარისხიანი და კვალიფიციური ინვესტორები. თუმცა, მთავარია, ეს სტრატეგიული განაცხადები პრაქტიკაში აღვასრულოთ. იგივე ეხება წიაღის ახალ კოდექსსაც, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ...
- დიახ, წიაღის რეფორმის მეორე ფაზა ახალი კოდექსის მიღებას ითვალისწინებდა, რაც დღემდე არ მომხდარა. თქვენ, როგორც წიაღის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, გკითხავთ - რაზე მეტყველებს, როცა 6 წელია, წიაღის კოდექსზე მუშაობა მიდის, მაგრამ ახალი კანონი ამ დრომდე არაა მიღებული - წიაღის სფერო პრიორიტეტი არ არის სახელმწიფოსთვის?
- მე ამას დარგის კომპლექსურობით ავხსნიდი. შესაძლოა, პროცესი უფრო სწრაფადაც წარმართულიყო, თუმცა ვიცი, რომ მუშაობა გრძელდება. მას შემდეგ, რაც მინერალური რესურსების სააგენტო გარემოს დაცვის სამინისტროს დაუბრუნდა, მქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა რანგის ხელმძღვანელებთან. მათთვის ეს თემა პრიორიტეტულია. კონკრეტულ ვადებზე საუბარი ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ დარგის მენეჯერებისთვის ეს მიმართულება უმნიშვნელოვანესია.
BM.GE
წყარო: bm.ge