
"საავტორო მეღვინეობა კანონმდებლობით ცალკე უნდა გამოიყოს" - "ხომლის მარანი" ღვინის სააგენტოს პასუხობს
"ხომლის მარნის" დამფუძნებელი თამაზ ომანაძე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის მხრიდან ღვინის "არაოფიციალური" დაწუნება პრობლემურ ტენდენციაზე მიუთითებს.
საქმე ისაა, რომ მიმდინარე თვეს თამაზ ომანაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში სადეგუსტაციო კომისიის მიერ მათი ღვინის დაწუნების ფაქტზე ისაუბრა - ღვინის, რომელიც ევროპაში 900 ფუნტად იყიდება. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული უარყო და განმარტა, რომ მცირე მარნების პროდუქცია სავალდებულო დეგუსტაციას არ ექვემდებარება.
მეღვინე საკუთარ საქმიანობას "საავტორო მეღვინეობას" უწოდებს და სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ ეს მიმართულება კანონმდებლობით ცალკე გამოიყოს, რადგან ის მასობრივი წარმოების სტანდარტებს არ უნდა ექვემდებარებოდეს.
"ხომლის მარნის ღვინოები იყიდება ლონდონის ცნობილ პრემიუმ ღვინის ბუტიკში - Hedonism Wines-ში, სადაც ხომლის უსახელოური - £900, ხოლო ცოლიკაური - £500 ღირს. როდესაც მსოფლიო დონის ექსპერტები ამ ნდობას გამოხატავენ, ადგილობრივი სადეგუსტაციო კომისიის რამდენიმე წევრის მხრიდან "არაოფიციალური" დაწუნება მიუთითებს იმაზე, რომ მათი კრიტერიუმები განსხვავდება თანამედროვე მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებისგან.
წარმოიდგინეთ, მხატვარს, რომელიც ქმნის ტილოს, კომისიამ დაუწუნოს ნახატი მხოლოდ იმის გამო, რომ მათთვის ფერები არ არის სტანდარტული, ან მოსთხოვონ, თუ რომელი ტილო ან ფუნჯი გამოიყენოს. სწორედ ასეა მეღვინეობაშიც - როდესაც კომისია მეღვინეს უწესებს ჩარჩოებს, თუ როგორი გემო, გამჭვირვალობა ან არომატი უნდა ჰქონდეს მის საავტორო ნაწარმს, ეს კლავს შემოქმედებით პროცესს და ღვინოს უსულო ინდუსტრიულ პროდუქტად აქცევს.
საავტორო მეღვინეობა ჩემთვის არის, პერსონალური პასუხისმგებლობა ვენახიდან ბოთლამდე. ეს მიმართულება კანომდებლობით ცალკე უნდა გამოიყოს, რადგანაც ის არ ექვემდებარება მასობრივი წარმოების სტანდარტებს.
თუ ღვინის ხარისხის ამაღლება გსურთ, გეოგრაფიული ადგილწარმოშობის ზონებში უნდა გამოიყოს ისტორიული ქვეზონები, ტერუარები, რათა ხაზი გაესვას თითოეული ადგილის უნიკალურობას", - აცხადებს "ხომლის მარნის" დამფუძნებელი.
განცხადებაში თამაზ ომანაძე დარგში არსებულ გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას და აკრიტიკებს რთველის სუბსიდირების პროგრამას. მისი შეფასებით, სუბსიდირებამ ხარისხის ხარჯზე რაოდენობა გაზარდა.
"ხარისხიანი ყურძნის მოყვანა და მისგან ღვინის წარმოება არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფო დახმარებაზე. სუბსიდირებამ გაზარდა რაოდენობა ხარისხის ხარჯზე.
თუ უცხოელი ექსპორტიორი იხდის სოლიდურ თანხას პროდუქტში, სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისია არ უნდა იყოს ბარიერი ექსპორტის გზაზე. ამასთან, მევენახე-მეღვინეს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, თავად მოახდინოს საუკეთესო ენდემური ვაზის ჯიშების სელექცია და არ იყოს ვალდებული, ის მხოლოდ სერტიფიცირებული სანერგეებიდან შეიძინოს. ქართული ღვინის ძალა მის მრავალფეროვნებასა და ავთენტურობაშია", - წერს თამაზ ომანაძე.
თამაზ ომანაძე განცხადებაში 1-ელი მაისიდან დაგეგმილ რეგულაციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცვლილება ფუნდამენტურ გადახედვას საჭიროებს.
"მიმაჩნია რომ პირველი მაისიდან დაგეგმილი ახალი რეგულაციები, საჭიროებს ფუნდამენტურ გადახედვას, რათა არ მოხდეს ქართული ღვინოების უნიკალურობის სტანდარტიზაცია", - წერს მეღვინე.
დღეიდან, კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი, უფასო თანხმობის საფუძველზეა შესაძლებელი. თუ პირი ვენახს თვითნებურად გააშენებს, ის მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას ვერ შეძლებს.
ჩვენი ღვინო, რომელიც საქართველოში სადეგუსტაციო კომისიამ დაიწუნა, დღეს ევროპაში 900 ფუნტად იყიდება - "ხომლის მარანი"
ღვინის ეროვნული სააგენტო „ხომლის მარნის“ დამფუძნებლის განცხადებაზე ინფორმაციას აქვეყნებს
BM.GE
წყარო: bm.ge