
საბურთალოს „სითი მოლში" ლუქს ბრენდებს დიდი სივრცე დაეთმობა - ლაშა კახიშვილი
IG Development Georgia-ს ფინანსური დირექტორი ლაშა კახიშვილი სექტორის მიმართულებით ზრდის პერსპექტივის თვალსაზრისით ლუქს ბრენდებს გამოყოფს. მან საკითხზე "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ლუქს ბრენდების შემოყვანა იმ თანხის ქვეყანაში დარჩენას შეუწყობს ხელს, რასაც ქართველები საზღვარგარეთ საყიდლებზე ხარჯავენ და ასევე, სავაჭრო ტურიზმსაც წაახალისებს.
Galt & Taggart-ის "თბილისის სავაჭრო უძრავი ქონების" კვლევის თანახმად, 2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 1.4 მლრდ ლარი დახარჯეს, საიდანაც 49% ლუქს ბრენდებზე მოდიოდა.
ლაშა კახიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ლუქს ბრენდებს, ჯამური მოწესრიგებული რითეილის ფართობების მხოლოდ 2% უკავია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და მომავალ წლებში აუცილებლად უნდა გაიზარდოს.
მან იმ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რაც IG Development Georgia-მ ამ მიმართულებით გადადგა და აღნიშნა, რომ გაფართოებულ "სითი მოლი საბურთალოში" სპეციალური დიდი სივრცე სწორედ ლუქს ბრენდებს დაეთმობა.
"რამდენიმე ბრენდი შემოვიყვანეთ უკვე სავაჭრო ცენტრში. ეს უნდა იყოს, ჩვენი აზრით, გაფართოებასთან ერთად ფუნდამენტი იმისა, რომ უკვე ლუქს ბრენდები შემოვიდეს საქართველოში და ეს ფული რეალურად საქართველოში დაიხარჯოს, ასევე ჩვენი აზრით, ეს ყველაფერი ტურიზმის დამაჩქარებელი და ბუსტერი უნდა გახდეს. ამიტომ, საბურთალოს [სითი მოლის] პროექტის ზრდა, რომელიც მიმდინარეობს და ძალიან მალე იქნება, უკვე პირველი ეტაპი დასრულებული, სადაც სპეციალურად ლუქს ბრენდებისთვის საკმაოდ დიდი სივრცე იქნება. ბრენდებს გეტყვით, როცა უკვე ხელმოწერილი იქნება ხელშეკრულებები და შემოვიყვანთ ქვეყანაში, თუმცა დიდ ბრენდებთან მიმართებით საკმაოდ დიდი წინსვლა გვაქვს.
ჩვენ ასევე ვცდილობთ დავითვალოთ, ლუქს ბრენდებიდან თანხა რეალურად რა ბრენდებში უფრო იხარჯება, რას უყურებენ ქართველები, სად ხარჯავენ უცხოეთში. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ პირველ ეტაპზე კონკრეტულად ის ბრენდები შემოვიყვანოთ, რომელიც შემდეგში დომინოს ეფექტით სხვა ბრენდების შემოსვლას დააჩქარებს", - განაცხადა ლაშა კახიშვილმა.