
საჭიროების შემთხვევაში ბიზნესი მაღალკვალიფიციური კადრების უცხოეთიდან მოწვევას შეძლებს - მინისტრის მოადგილე
„ჩვენი მიზანია, რომ გვქონდეს ეფექტიანი და მოქნილი შრომის ბაზარი, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს შესაძლებლობას, ეკონომიკური ზრდა გავხადოთ კიდევ უფრო ინკლუზიური,“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ბიზნესასოციაციის ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.
უწყება წერს, რომ შეხვედრას კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს როგორც „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში, ისე მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.
ცინცაძის განცხადებით, კანონმდებლობის დახვეწის პროცესში ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული, თუმცა ამავდროულად დაცულია სახელმწიფოს ინტერესებიც.
„ბევრი მიმართულებით კანონმდებლობა დაიხვეწა, ფაქტობრივად, უფრო მეტად მორგებული გახდა, ერთი მხრივ, ბიზნესის ინტერესებზე და მის საჭიროებებზე, მეორე მხრივ, აღნიშნული კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესის საჭიროებებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის, რაც გულისხმობს, მათ შორის, მიგრაციის ეფექტიან კონტროლს.
ზოგადად, მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ჩარჩო საკმაოდ ფაქიზია, მოითხოვს გარკვეულ გამოცდილებას, პრაქტიკის ჩამოყალიბებას. ეს არის დინამიკური პროცესი, რასაც ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები შევიტანოთ. თუმცა, ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ჩარჩო როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფო ინტერესებს ადეკვატურად პასუხობს", – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტზე, განსაკუთრებით საინჟინრო და ტექნიკურ სპეციალობებში. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი კადრი არ მოიძებნება, ბიზნესს უცხოეთიდან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოწვევის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
„კერძო სექტორს საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთიდან მოიწვიოს მაღალკვალიფიციური მუშახელი, რაც, ერთი მხრივ, არ შეაფერხებს ბიზნესსაქმიანობას და უზრუნველყოფს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას. მეორე მხრივ, მიგრაციული პროცესები უნდა იყოს ლეგალური, საკანონმდებლო ჩარჩოში და გარკვეულ რეგულაციებში მოქცეული, როგორიც ეს აპრობირებული პრაქტიკაა გლობალურად და არაერთ განვითარებულ ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ზუსტად ამ გამოწვევებს პასუხობს აღნიშნული ცვლილებები,“ – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
შეგახსენებთ, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა, ხოლო 1-ელი მაისიდან დაიწყო მათი აღსრულება. ახალი წესებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში დასაქმებისთვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ მიღება ევალება, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს. დამსაქმებელი ვალდებულია ვაკანსია მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე Worknet-ის სისტემაში განათავსოს და უცხოელი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასაქმოს, თუ შესაბამისი ადგილობრივი კადრი ვერ მოიძებნა. რეგულაციების შესრულებას შრომის ინსპექციის სამსახური აკონტროლებს, ხოლო დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა როგორც დამსაქმებლის, ისე უცხოელი დასაქმებულის ან თვითდასაქმებულის მიმართ არის გათვალისწინებული. ცვლილებების დეკლარირებული მიზანი ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვა, არალეგალური დასაქმების შემცირება და შრომითი მიგრაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეგულირებაა.
BM.GE
წყარო: bm.ge