![სად არის [აზარტული ტურნირებისთვის შეღავათების დაშვების] ეკონომიკური დასაბუთება?! - სოფო ხორგუანი](/_next/image?url=https%3A%2F%2Fbm.ge%2Fuploads%2Ffiles%2F2026%2F10%2F29%2F327028%2Fsofo-khorguani_w_h.jpeg&w=3840&q=75)
სად არის [აზარტული ტურნირებისთვის შეღავათების დაშვების] ეკონომიკური დასაბუთება?! - სოფო ხორგუანი
“სად არის [საერთაშორისო აზარტული ტურნირებისთვის საგადასახადო შეღავათების დაშვების] ეკონომიკური დასაბუთება?!" - ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც საპარლამენტო ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი სოფო ხორგუანი სვამს.
საქმე ის არის, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებას მხოლოდ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი შეძლებს. ტურნირში მონაწილეთა სულ მცირე 80% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. ღონისძიების ორგანიზებისთვის ცალკე ნებართვა იქნება საჭირო, რომლის წლიური სანებართვო მოსაკრებელი 100 000 ლარს შეადგენს. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კაზინო კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩასატარებლად გამოიყენებს და ღონისძიების საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს გადააჭარბებს. მოქმედი განაკვეთით, კლუბის თითოეულ მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კვარტალში 4 000-დან 14 000 ლარამდეა. თუ ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს არ აღემატება ან მაგიდა მხოლოდ ასეთი ღონისძიებისთვის არ გამოიყენება, მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება შენარჩუნდება.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების (შოთა ბერეკაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი ბარვენაშვილი) ავტორობით მომზადებული და დაჩქარებული წესით, ორ დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ინიციატივა კონკრეტული ინტერესების ლობირებას ემსახურება და არანაირი ეკონომიკური გათვლა თუ დასაბუთება არ გააჩნია.
სოფო ხორგუანის თქმით, ხელისუფლების არგუმენტი, თითქოს ცვლილებები „პოკერ-ტურიზმისა“ და უცხოელების მოზიდვისკენ არის მიმართული, რიცხვებით არ დასტურდება - კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შინაარსი ზოგადია.
“კანონპროექტის ავტორებს არ წარმოუდგენიათ არცერთი კონკრეტული გაანგარიშება, თუ რა სარგებელს მოუტანს ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ბიუჯეტს. რიცხვები სად არის?! [ამბობენ, რომ] ესპანეთში ასე ხდება, საფრანგეთში ასე ხდება... მივყვები ამ ლოგიკას, მაგრამ მაშინ ისიც უნდა ვნახოთ, როგორი მოთხოვნები აქვთ ესპანეთში, მაგალითად, რამხელაა ჯარიმა, როგორია [რეგულაციები],“ - აცხადებს სოფო ხორგუანი.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საერთაშორისო აზარტული ტურნირებისთვის საგადასახადო შეღავათების სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე გავლენა დამოკიდებული იქნება გაცემული ნებართვებისა და ჩატარებული ტურნირების რაოდენობაზე, საპრიზო ფონდების მოცულობასა და საგადასახადო შეღავათების მასშტაბზე.
დეპუტატის შეფასებით, საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობისთვის სათამაშო ბიზნესისთვის დაწესებული დაბალი მოსაკრებლები და საგადასახადო შეღავათები პირდაპირ მიუთითებს ლობიზმზე.
"კონკრეტული [ბიზნესჯგუფის] ინტერესის ლობიზმიც ჩანს", - დასძინა მან.
გიორგი გახარიას პარტიის წევრს მიაჩნია, რომ სათამაშო ბიზნესის ამგვარი წახალისება ქვეყნის მდგრად განვითარებას ვერ მოიტანს და ამასთანავე, ზრდის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის რისკებს.
“უნდა დავასრულოთ უპასუხისმგებლობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყანაში პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით”, - განაცხადა სოფო ხორგუანმა.
BM.GE
წყარო: bm.ge