
„სადგურის მოედნისა“ და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ გარევაჭრობამ მასობრივი ხასიათი მიიღო - ინსპექცია
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის, გოგი ჩიქოვანის განცხადებით, ბოლო პერიოდში სადგურის მოედნისა და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარევაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციებისა და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხებამ სისტემატური ხასიათი მიიღო.
მისივე თქმით, ამ მიზეზით გახშირდა საავტომობილო გზებზე ქვეითების გადასვლისა და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების შემთხვევები, ტერიტორიაზე კი უკანონო საქმიანობის გამო ანტისანიტარია და გარემოს ნარჩენებით დაბინძურება ფიქსირდებოდა.
აღნიშნული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე თევდორე მღვდლის, აბასთუმნისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე სპეციალური ღონისძიება ჩატარდა.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად, ტროტუარები და ქუჩის სავალი ნაწილი თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისა და ნარჩენებისგან სრულად გაწმინდა. უნებართვო კონსტრუქციების გატანისა და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, მეტროს შესასვლელები, ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა.
მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტავენ, რომ ამ ტიპის ღონისძიებების მიზანი მოქალაქეებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, ასევე დედაქალაქში უნებართვო გარევაჭრობისა და ანტისანიტარიის აღკვეთაა.
„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად ახორციელებს დედაქალაქში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობის კონტროლს, სხვადასხვა კონსტრუქციების და ნაგებობების უკანონო განთავსებით იერსახის დამახინჯების მონიტორინგსა და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვის აღკვეთას. უკვე არაერთი ღონისძიება წარმატებით განხორციელდა მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით, მოწესრიგდა სხვადასხვა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიები და საჯარო სივრცეები“, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.
BM.GE
წყარო: bm.ge