
საერთაშორისო IT კომპანიებს საქმიანობის ნებართვისთვის რთული ბიუროკრატიის გავლა უწევთ - შორენა კოპალეიშვილი
“იმდენად რთული ბიუროკრატიული პროცესების გავლით უწევთ საერთაშორისო IT კომპანიებს, რომ დღეს გავრცელებულია რამდენიმე კომპანიაში ის აზრი, რომ რეალურად რამდენად გვიღირს...”- ამის შესახებ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის ხელმძღვანელმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა.
როგორც ცნობილია, 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების აღება სავალდებულო გახდა.
“ჩვენ შემოვიტანეთ IT ბინადრობა, რომ გავაჩინოთ ინტერესი და ინვესტიციები მოვიზიდოთ, მაგრამ ამავე დროს გაჩნდა დამატებითი ბიუროკრატიული ბერკეტები, რაც გულისხმობს შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებას უცხოელ მოქალაქეებზე.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საერთაშორისო IT კომპანიებში რეალურად დასაქმებულია უმეტესწილად უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამიტომ იმდენად რთული ბიუროკრატიული პროცესების გავლით უწევთ ამ კომპანიებს, რომ დღეს მუსირებს რამდენიმე კომპანიაში ის აზრი, რომ რეალურად რამდენად გვიღირს... ისინი ვერ ახერხებენ ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამიტომ რეგულაციების შემოტანის დროს უნდა ვიყოთ მაქსიმალურად კომუნიკაციაში თავად ბიზნესთან და სექტორთან.
რაც შეეხება უკვე საქართველოს, როგორც მიმზიდველ იურისდიქციას, დროა, დავიწყოთ საუბარი ამ სექტორის განვითარებაზე არა წლიდან წლამდე ჭრილში, არამედ უფრო ხანგრძლივ და დროში გაწელილი პერსპექტივით. ამაში ვგულისხმობ რას: ალბათ ერთადერთი ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც იყო მიღებული, ეს იყო ის საგადასახადო შეღავათები, რომელიც ჰქონდა დაწესებული სახელმწიფოს, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საგადასახადო შეღავათი ზოგადად თავისი ბუნებით ეს არ არის მუდმივად არსებული შეღავათი. ის რაღაცა დროს წესდება სახელმწიფოს მიერ და შემდეგ ხდება მისი გაუქმება.
ამიტომ უნდა ალბათ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რამდენად მზად არის სექტორი ამ შეღავათების გარეშე მდგრადობა შეინარჩუნოს.
მაგალითად, სომხეთი, მიუხედავად იმისა, რომ იქ არსებობს სუბსიდიები, იქაც არსებობს შეღავათები, მეტწილად მაინც უფრო მსხვილი საერთაშორისო კომპანიების მოზიდვაზე აკეთებს აქცენტს და არ არის უშუალოდ მიბმული ამ საგადასახადო შეღავათებზე.
ასევე მნიშვნელოვანია ვიფიქროთ საექსპორტო პროდუქტების დივერსიფიცირებაზე. ძირითადად ეს IT კომპანიები მომსახურებას აწვდიან უცხოეთში და ძირითადი ბაზრები ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის სახელმწიფოები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალურად შენარჩუნდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამ სახელმწიფოებს შორის”,-აცხადებს შორენა კოპალეიშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge