
საერთაშორისო კომპანიის სტატუსი 3 კომპანიას მიენიჭა, ერთს კი გაუუქმდა - განკარგულებები
მთავრობის განკარგულებებით, საერთაშორისო კომპანიის სტატუსი 3 კომპანიას მიენიჭა, ერთს კი გაუუქმდა.
კერძოდ, საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა შპს სტატუსნეო ჯორჯიას. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, კომპანია 2025 წელს დაარსდა. მისი დირექტორი ინდოეთის მოქალაქე კარან ნანგრუა, მფლობელი სტატუსნეო ინკ/აშშ.
სტატუსი ასევე მიენიჭა შპს თიბიეს ბიზნეს საფორთს. კომპანია 2021 წელს დაფუძნდა. მისი დირექტორი და მფლობელი ზურაბ აიწურაძეა.
შპს ბრენდლინკ საქართველო კი დარეგისტრირდა 2024 წელს. დირექტორია ჩინეთის მოქალაქე კუი ჟაო. მესაკუთრე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შენჟენ ბრენდლინკ მედია ტექნოლოჯი კო/ჩინეთი.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსი გაუუქმდა შპს იუ ჯი თი ინთელიჯენთ სოფთვეა სოლუშენსს. დაარსდა 2013 წელს. დირექტორია ერმილე სულაძე, ხოლო მესაკუთრე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება იუ-ჯი-თი ჯგუფი.
საქართველოში საერთაშორისო კომპანიის სტატუსი 2020 წლის ბოლოდან არსებობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.
იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი:• უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;• შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;• შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი საწარმო/ები და ამ პარტნიორს/ებს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.