მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საერთაშორისო კონსულტანტები შეაფასებენ საქალაქო რკინიგზის განვითარების საუკეთესო ალტერნატივებს - კალაძე
საერთაშორისო კონსულტანტები შეაფასებენ საქალაქო რკინიგზის განვითარების საუკეთესო ალტერნატივებს - კალაძე

საერთაშორისო კონსულტანტები შეაფასებენ საქალაქო რკინიგზის განვითარების საუკეთესო ალტერნატივებს - კალაძე

BM.GE1 ივლისი, 2026, 12:03|bm.ge

თბილისის მერმა კახა კალაძემ "საქალაქო რკინიგზის" პროექტთან დაკავშირებით დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოცხადებული ტენდერის მიზანია შეირჩეს საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მოამზადებს პროექტის განვითარების ალტერნატივების შეფასებას, ეკონომიკურ დასაბუთებას და დაითვლის პროექტის სავარაუდო ღირებულებას. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა კომპანიებს 13 ივლისამდე შეეძლებათ. პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს თბილისი-მცხეთის; თბილისი-ლილოს; თბილისი-აეროპორტის და თბილისი-რუსთავის მიმართულებით მაღალი სიხშირის სამგზავრო რეგულარული მატარებლის ე.წ "მიწისზედა მეტროს" (საქალაქო რკინიგზის) პროექტის ეკონომიკური და ტექნიკური დასაბუთება.

კახა კალაძე აცხადებს, რომ პროექტში თბილისის მერიის გარდა ჩართულია "საქართველოს რკინიგზაც", რომლის ინფრასტრუქტურის გამოყენებითაც საქალაქო სამგზავრო რკინიგზის განვითარება იგეგმება.

„თბილისის მერიის ინიციატივით, „საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობით, დაგეგმილია საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება. საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესებით არის გამოცხადებული და ინტერესთა გამოხატვისთვის განსაზღვრული ვადა 13 ივლისს დასრულდება. პროექტის კონცეფცია თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას ეფუძნება, რომელიც ითვალისწინებს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან. ეს ძირითადად გულისხმობს არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ახალი სარკინიგზო მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობის განხილვაც“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს როგორც დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას, ისე გარემოსდაცვითი, სოციალური და ფინანსური მხარეების შეფასებას.

„პროექტის მიზანია, კვალიფიციურმა საკონსულტაციო კომპანიამ ჩაატაროს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც თბილისის აგლომერაციაში საქალაქო რკინიგზის დერეფნის განვითარებისთვის საუკეთესო ალტერნატივებს განსაზღვრავს. ასევე, შეფასდება გარემოსდაცვითი, სოციალური და ფინანსური მხარე. კონკურსში მონაწილე კომპანიებიდან საუკეთესო პრეტენდენტი შეირჩევა, გარკვეული სატენდერო პროცედურების შემდეგ კი კვლევითი სამუშაოები დაიწყება. ამის შემდეგ გვექნება სრული სურათი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აღნიშნული მიმართულებით. პროექტი დედაქალაქის სატრანსპორტო გეგმის ნაწილს წარმოადგენს და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“, - აღნიშმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კვლევის პროცესს, ტექნიკურ ზედამხედველობას და კოორდინაციას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო გაუწევს.

ADB-ის სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 393 ათასი დოლარია. აქედან 333 ათასი დოლარი კონსულტანტების ანაზღაურებასა და პროექტთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებზეა გათვალისწინებული, ხოლო დამატებით 60 ათასი დოლარი რეზერვის (Provisional Sum) სახით არის გამოყოფილი.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კონსულტანტმა უნდა შეაფასოს თბილისისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი სარკინიგზო სისტემის ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიზანშეწონილობა. პროექტის კონცეფცია ეფუძნება თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას და ითვალისწინებს დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, მარნეულთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და თბილისის აღმოსავლეთ რაიონებთან საქართველოს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით.

კვლევის ფარგლებში უნდა განისაზღვროს სარკინიგზო დერეფნების განვითარების ოპტიმალური ვარიანტები რუსთავის, მცხეთის, მარნეულის, ლილოს აღმოსავლეთ ნაწილისა და ფონიჭალის მიმართულებებით. ძირითადი აქცენტი არსებული სარკინიგზო ქსელის გამოყენებაზე გაკეთდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ახალი მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობაც განიხილონ.

ტენდერის პირობებით, კონსულტანტმა უნდა მოამზადოს მგზავრთნაკადების პროგნოზი 10-, 20- და 30-წლიანი პერიოდისთვის, შეაფასოს ავტომობილებიდან სარკინიგზო ტრანსპორტზე გადასვლის პოტენციალი, განსაზღვროს სადგურების ლოკაციები, მოძრავი შემადგენლობის მოთხოვნები, დეპოების განთავსება და სატარიფო პოლიტიკის სხვადასხვა მოდელი.

თბილისსა და რუსთავს შორის მიწისზედა მეტროს მშენებლობის იდეა "ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში წარადგინა. იდეა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე გააჟღერა და განაცხადა, რომ მასზე თბილისის მერია და საქართველოს რკინიგზა იმუშავებდნენ. პრეზენტაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე სამგორი ლილოსა და აეროპორტს უნდა დაკავშირებოდა, მეორე ეტაპზე კი რუსთავის თბილისთან დაკავშირება იგეგმებოდა, თუმცა შემდგომში აღნიშნული პროექტის განვითარება შეჩერდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა იცვლება დღეიდან სავალუტო სესხებზე - ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია ძალაში შევიდა

რა იცვლება დღეიდან სავალუტო სესხებზე - ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია ძალაში შევიდა

BM.GE

ელექტროენერგიის ბირჟის სრულად ამოქმედება მერვედაც გადავადდა

ელექტროენერგიის ბირჟის სრულად ამოქმედება მერვედაც გადავადდა

BM.GE

რა გავლენას ახდენს EU-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერება საქართველოს ეკონომიკაზე - Moody's-ის შეფასება

რა გავლენას ახდენს EU-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერება საქართველოს ეკონომიკაზე - Moody's-ის შეფასება

BM.GE

თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა

თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა

BM.GE