
საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ძიუდოში 5-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერიც იბრძოლებს
ძიუდოში საფრანგეთის ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ტედი რინერმა 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წამოაყენა.
37 წლის სპორტსმენის განცხადებით, მისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა ქვეყანაში ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერებით გამოწვეულმა შეშფოთებამ განაპირობა. მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ პოლიტიკური გამოცდილების არქონისა და სისტემის გარეთ ყოფნის მიუხედავად, ქაოსთან შეგუებას არ აპირებს. რინერმა ასევე განმარტა, რომ ბრძოლა, დაცემა და ფეხზე წამოდგომა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში რინერმა დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო კამპანიის პარალელურად აქტიური სპორტული კარიერის გაგრძელებას გეგმავს. კერძოდ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იგი 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას აპირებს, თუ ამის შესაძლებლობას პრეზიდენტის თანამდებობა და ფრანგი ხალხი მისცემს.
აღსანიშნავია, რომ სპორტსმენი საარჩევნო მარათონში იმ დროს ჩაერთო, როდესაც წინასწარი გამოკითხვებით ცენტრისტ ემანუელ მაკრონის სავარაუდო შემცვლელთა შორის ულტრამემარჯვენე ლიდერი მარინ ლე პენი ლიდერობს.
რაც შეეხება რინერის განვლილ გზასა და ბიოგრაფიას, იგი 1989 წლის 7 აპრილს კარიბის ზღვაში მდებარე საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე, გვადელუპაში დაიბადა. მისი ოჯახი საცხოვრებლად პარიზში მაშინ გადავიდა, როდესაც მომავალი ჩემპიონი ჯერ კიდევ მცირე წლოვანი ასაკის იყო.
ბავშვობაში მშობლებმა იგი ადგილობრივ სპორტულ კლუბში შეიყვანეს, სადაც ფეხბურთს, ჩოგბურთსა და კალათბურთს თამაშობდა, თუმცა 5 წლის ასაკიდან არჩევანი ძიუდოზე შეაჩერა, რადგან ინდივიდუალურ სპორტში შედეგი მხოლოდ მის პირად ძალისხმევაზე იყო დამოკიდებული. 15 წლის ასაკში რინერი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა, 2006 წელს კი ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა.
პროფესიულ კარიერაში 204 სანტიმეტრი სიმაღლისა და 141 კილოგრამი წონის მქონე მძიმეწონოსანი ძიუდოისტი ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან სპორტსმენად იქცა. მან ინდივიდუალურ მძიმე წონით კატეგორიაში ოლიმპიური ოქროს მედლები 2012, 2016 და 2024 წლებში მოიპოვა, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში კი ოლიმპიური ჩემპიონი 2020 და 2024 წლებში გახდა.
ამასთან, 2008 წლის პეკინისა და 2020 წლის ტოკიოს თამაშებზე მან ინდივიდუალურ ჩათვლაში ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. რინერი მსოფლიოს 11-გზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია, 2010 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლამდე კი ტატამზე ზედიზედ 154 შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა.
2017 წლიდან იგი საფეხბურთო და სპორტულ კლუბ Paris Saint-Germain-ის ძიუდოს გუნდის ღირსებას იცავს, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე კი მარი-ჟოზე პერეკთან ერთად ოლიმპიური ცეცხლი აანთო.
ცნობისთვის, ტედი რინერი პირველი ფრანგი ძიუდოისტი არ არის, ვინც პოლიტიკაში ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა, რადგან სპორტის ამ სახეობის კიდევ ერთი ვარსკვლავი, დავიდ დუიე 2009 წელს ქვეყნის პარლამენტში აირჩიეს, 2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის მაისამდე კი იგი სპორტის მინისტრის პოსტს იკავებდა.
BM.GE
წყარო: bm.ge