
ჩინელ ჯაშუშთან ურთიერთობის თაობაზე ჯენსენ ჰუანგმა წერილი გამოაქვეყნა - Nvidia-ში გამოძიება დაიწყო
Nvidia-ს გენერალურმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა ჩინელ ჯაშუშთან ურთიერთობა აღიარა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი კომპანიის დირექტორთა საბჭომ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო. თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში ჰუანგმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა აიღო და ოჯახსა და გუნდს ბოდიში მოუხადა.
"ჩემს კოლეგებს NVIDIA-ში,
მე ბოდიში მაქვს მოსახდელი ჩემი ოჯახისა და თითოეული თქვენგანის წინაშე.
მე ჩემს მეუღლეს ვუღალატე. ჩემმა საქციელმა ტკივილი მიაყენა მას და ჩვენს შვილებს. იმას, რაც ჩავიდინე, არანაირი გამართლება არ აქვს. ღრმად ვწუხვარ.
მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ოჯახი სიყვარულითა და მხარდაჭერით მავსებდა. ისინი ჩემგან პატიოსნებასა და ერთგულებას იმსახურებენ. ამის ნაცვლად, მე მათ იმედები გავუცრუე და ზიანი მივაყენე ცხოვრებას, რომელიც ერთად ავაშენეთ. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს საქციელზე, იმ ტკივილზე, რაც გამოვიწვიე, და მზად ვარ მივიღო კრიტიკა, რაც ამას მოჰყვება.
ჩემს მეუღლესა და ოჯახს: მე თქვენ მიყვარხართ. ვიცი, რომ ბოდიში მომხდარს ვერ გამოასწორებს. იმედი მაქვს, ჩვენი ოჯახი შეძლებს ჭრილობების მოშუშებას და დროთა განმავლობაში შევძლებ თქვენი ნდობის ხელახლა მოპოვებას.
ჩემს კოლეგებს NVIDIA-ში, მათ შორის მათ, ვის გვერდითაც ათწლეულების განმავლობაში მიმუშავია, და ჩვენს დირექტორთა საბჭოს, პარტნიორებსა და აქციონერებს მთელ მსოფლიოში: თქვენ ჩემგან ბევრად მეტს იმსახურებთ. NVIDIA-ს ხელმძღვანელობა ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივია. ჩემი პასუხისმგებლობაა ვემსახურო თქვენს ინტერესებს და ვიყო თქვენი ნდობის ღირსი. მე ვერ გავამართლე ეს პასუხისმგებლობა. თუმცა NVIDIA-ს მიმართ სრულად ერთგული ვრჩები და ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავიბრუნო თქვენი ნდობა.
რაც შეეხება მედიაში გაჟღერებულ შეშფოთებას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, NVIDIA-ს დირექტორთა საბჭომ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო. მე მხარს ვუჭერ ამ გამოძიებას და სრულყოფილად ვითანამშრომლებ მასთან. მე მიყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი კომპანია. მტკიცედ ვარ მოწოდებული დავიცვა NVIDIA და მხარი დავუჭირო ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას. ვამაყობ და მადლიერი ვარ, რომ ამერიკელი ვარ.
ჩემს ოჯახს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება ჩემს არჩევანზე - პასუხისმგებელი მე ვარ. გთხოვთ, პატივი სცეთ მათ პირად სივრცეს."
აღსანიშნავია, რომ ჰუანგის ამ განცხადებას დირექტორთან საბჭო მალევე გამოეხმაურა. მათი შეფასებით, ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეროვნული უსაფრთხოების ან კომპანიის კომერციული საიდუმლოებები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
საყურადღებოა, რომ Nvidia-ს ხელმძღვანელობა ჰუანგის ლიდერობის მიმართ ნდობას ინარჩუნებს, შესაბამისად, აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ჰუანგი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის სადაზვერვო უწყებები Nvidia-ს ხელმძღვანელთან ურთიერთობაში მყოფ ბიზნესვუმენ ელის ჰუანგს ოფიციალური პეკინის სასარგებლოდ მოქმედ ჯაშუშად მიიჩნევენ. ამერიკული გამოცემების ცნობით, იგი კომპანიის ხელმძღვანელთან დაახლოებას კონფიდენციალური ინფორმაციის მოსაპოვებლად და ჩინეთისთვის მოწინავე AI-ჩიპების მიწოდებაზე არსებული შეზღუდვების შესამსუბუქებლად ცდილობდა.
BM.GE
წყარო: bm.ge