
საფრანგეთმა მკაცრი რეგულაციებით მხარდაჭერილი ევთანაზიის შესახებ კანონი დაამტკიცეს
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მკაცრ პირობებში სიცოცხლის ნებაყოფლობითი შეწყვეტის (ევთანაზიის) უფლების შემოღებას მხარი დაუჭირა, რასაც წინ მრავალწლიანი დებატები და საკანონმდებლო წინადადებაში არაერთი ცვლილების შეტანა უძღოდა.
პარლამენტის წევრებმა კანონპროექტს მხარი ხმათა თანაფარდობით - 291 ხმა 241-ის წინააღმდეგ - დაუჭირეს. მანამდე აღნიშნული ინიციატივა სამჯერ უარყო პარლამენტის ზედა პალატამ.
პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ გეგმავს, ვიდრე ის კანონად იქცევა, კანონპროექტის გარკვეული ნაწილები განსახილველად საფრანგეთის კონსტიტუციურ საბჭოს გადასცეს.
ახალი კანონი სიცოცხლის ნებაყოფლობითი შეწყვეტის უფლებას საფრანგეთის იმ სრულწლოვან მოქალაქეებს მისცემს, რომლებსაც "სერიოზული და განუკურნებელი" სიცოცხლისთვის საშიში დაავადება "მძიმე ან ტერმინალურ სტადიაში" აქვთ. ამასთან, დაავადება პაციენტს მუდმივ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტანჯვაში უნდა ამყოფებდეს, რომელიც არის გაუსაძლისი ან არ ექვემდებარება მკურნალობას.
პოლიტიკურ წრეებში არსებული სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად, გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობა საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს უჭერს.
პროცედურის დასაწყებად პაციენტმა "თავისუფლად უნდა გამოხატოს თავისი ნება" ექიმის წინაშე, რომელიც გადაწყვეტილებას 15 დღის განმავლობაში, კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს. ორდღიანი დაფიქრების შემდეგ, პაციენტმა ლეტალური ნივთიერება თავად უნდა მიიღოს. თუ ის ამას ფიზიკურად ვერ ახერხებს, პროცედურის ჩატარება ექიმს ან მედდას შეუძლია.
პროცედურის გაგრძელების შესახებ პაციენტის გადაწყვეტილება მკურნალმა ექიმმა უშუალოდ პროცედურის ჩატარების დღეს უნდა გადაამოწმოს.
ევთანაზიის შესახებ მსგავსი ხანგრძლივი დებატები გაერთიანებულ სამეფოშიც მიმდინარეობს. ინგლისსა და უელსში ევთანაზიის ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარე წლის დასაწყისში შეფერხდა და პარლამენტს სექტემბერში დაუბრუნდება.
ნიდერლანდებმა და ბელგიამ სიცოცხლის ნებაყოფლობითი შეწყვეტის ლეგალიზება 2002 წელს მოახდინეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განუკურნებელი დაავადებების გამო გაუსაძლისად იტანჯებიან. ამ ქვეყნებში პროცედურის ჩატარება ექიმის მიერ არის ნებადართული.
მას შემდეგ შესაბამისი კანონმდებლობა ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო, ხოლო შვეიცარიაში დიდი ხანია დაშვებულია ევთანაზია იმ პირობით, რომ დამხმარე პირი ამას პირადი ინტერესის გარეშე აკეთებს.
BM.GE
წყარო: bm.ge