
საგზაო უსაფრთხოების ორგანიზაციები ვიდეოჯარიმებზე ქულების დაკლებისა და ქალაქებში სიჩქარის ლიმიტის 50 კმ/სთ-მდე შემცირებას ითხოვენ
საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე სამი ორგანიზაცია ხელისუფლებას სიჩქარის მართვის პოლიტიკისა და ქულათა სისტემის რეფორმისკენ მოუწოდებს. ერთობლივ განცხადებაში ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ აცხადებენ, რომ მოქმედი სისტემა სიჩქარის გადაჭარბების პრევენციას ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფს.
ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევები კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საზოგადოებრივ გამოწვევად რჩება. მათი ინფორმაციით, 2025 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 8 191 ადამიანი დაშავდა, ხოლო 469 დაიღუპა. მათგან 114 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება გახდა.
განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასაც. ავტორების ინფორმაციით, გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 164 ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა, რაც, მათი შეფასებით, სიჩქარის მართვის არსებული პოლიტიკის არაეფექტიანობაზე მიუთითებს.
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ 2025 წელს ქვეყანაში სულ 3 332 037 ვიდეოჯარიმა გამოიწერა, საიდანაც 1 811 033, ანუ დაახლოებით 54.4%, სიჩქარის გადაჭარბებაზე მოდიოდა. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით, ვიდეოჯარიმით დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლს მართვის მოწმობის ქულები არ აკლდება და პასუხისმგებლობა, ძირითადად, მხოლოდ ფულადი სანქციით შემოიფარგლება.
მათი შეფასებით, არსებული პრაქტიკა განმეორებითი დარღვევების პრევენციას ვერ უზრუნველყოფს. ამის მაგალითად ორგანიზაციებს ოფიციალური სტატისტიკა მოჰყავთ, რომლის მიხედვითაც 2025 წელს ქულათა სისტემის ამოწურვის გამო მართვის უფლება მხოლოდ 560 მძღოლს შეუჩერდა, მაშინ როდესაც წლის განმავლობაში სიჩქარის გადაჭარბების 1.8 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
განცხადებაში ხელისუფლებას რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებისკენ მოუწოდებენ. მათ შორისაა:
• ვიდეოჯარიმებით გამოვლენილი სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევებზე ქულების დაკლების სისტემის გავრცელება; • მოქმედი წლიური ქულების განულების პრაქტიკის გაუქმება და ე.წ. მცოცავი ქულათა სისტემის დანერგვა, რომლის მიხედვითაც თითოეული დაკლებული ქულა მხოლოდ 12 თვის შემდეგ აღდგება; • სიჩქარის კონტროლისას მოქმედი ტოლერანტობის ზღვრის შემცირება — მაგისტრალებზე არაუმეტეს 10 კმ/სთ-მდე, ხოლო დასახლებულ პუნქტებში არაუმეტეს 5 კმ/სთ-მდე; • დასახლებულ ტერიტორიებზე მოძრაობის საერთო სიჩქარის ლიმიტის 60 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე შემცირება.
ორგანიზაციების განმარტებით, აღნიშნული მიდგომა ევროპულ პრაქტიკას შეესაბამება, სადაც დასახლებულ ტერიტორიებზე, როგორც წესი, 50 კმ/სთ-იანი შეზღუდვა მოქმედებს, ხოლო რიგ ქალაქებში მაღალი რისკის ქუჩებსა და საცხოვრებელ უბნებში სიჩქარის ლიმიტი 30 კმ/სთ-მდეც არის შემცირებული.
„სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ტრაგედიების შემცირება შეუძლებელია მხოლოდ ფულადი სანქციების მეშვეობით. აუცილებელია ისეთი სამართლებრივი, ადმინისტრაციული და პრევენციული მექანიზმების დანერგვა, რომლებიც მძღოლების ქცევაზე რეალურ გავლენას მოახდენს, შეამცირებს განმეორებითი დარღვევების რაოდენობას და მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგზაო მოძრაობის ყველა, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველი მონაწილეების უსაფრთხოებას“, — აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“.
BM.GE
წყარო: bm.ge