
საინვესტიციო ოქროს მონეტები და ზოდები - ახალი პლატფორმა Gold.ge-ს შეთავაზება მომხმარებელს
Gold.ge - ქართულ ბაზარზე ახალი პლატფორმა გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს საინვესტიციოდ, უმაღლესი სინჯის გერმანული და შვეიცარიული ოქროს შეძენას სთავაზობს. LBMA-ის მიერ აკრედიტებული ქარხნებიდან საუკეთესო საინვესტიციო კლასის მონეტები საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია და მისი შეძენა, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ მაღაზიებშია შესაძლებელი.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური მერყეობისა და ინფლაციის ფონზე ფიზიკური ოქრო კაპიტალის დაცვის და სიმდიდრის შენარჩუნების უალტერნატივო სტანდარტად რჩება. კაპიტალის დივერსიფიკაცია და ქვეყანაში საჩუქრის კულტურის შეცვლა - ასეთია ახალი პლატფორმა Gold.ge-ს საქართველოში შემოსვლის მიზანი. მომხმარებლისთვის საინვესტიციო ოქროს მონეტების შეთავაზებაზე, კომპანიის ხედვებსა და გეგმებზე “საქმიან დილაში” Gold.ge-ს დამფუძნებელმა ნუგზარ ჭაჭიაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ქართული პლატფორმა მომხმარებლებისთვის, ვისაც ოქროში ინვესტირება სურს. ბაზარზე შემოსასვლელად კი კომპანიამ 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ნუგზარ ჭაჭიშვილი განმარტავს, რომ Gold.ge, “ვივა ჯგუფის” ნაწილია, რომლის საქმიანობის სფერო ძირითადად, B2B ბიზნესია, თუმცა მენეჯმენტმა ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტის შეთავაზების საჭიროება დაინახა და პირველი მაღაზიაც გახსნა.
“ჩვენ არ გაგვიხსნია საიუველირო მაღაზია, რომლითაც ძვირფასეულობას ვყიდით, ჩვენ გავხსენით ჩვენი წარმოდგენით აფთიაქი, რომელიც ადამიანს სოციალიზმის ვირუსისგან და ვალუტის გაუფასურებისაგან დაიცავს. ერთადერთი პლატფორმა ვართ, სადაც შვეიცარიაში დამზადებული სერტიფიცირებული ზოდი, უმაღლესი სტანდარტებით ჩამოდის საქართველოში”, - ამბობს ნუგზარ ჭაჭიაშვილი და აღნიშნავს, რომ LBMA-ს აკრედიტებული ქარხნებიდან ოქროს ზოდების ჩამოსხმის, სერტიფიცირების, ტრანსპორტირების დაზღვევის, ფულის ღირებულების პრემიუმი 3.8%-ია.
“გვინდა, ადამიანებს საშუალება მივცეთ ღირებული საჩუქარი გაუკეთონ ერთმანეთს. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ 1-დან 100 გრამამდე და მეტი წონის ზოდების შეძენაა შეიძლება. ასევე შეგიძლიათ მაგალითისთვის 400-500 ლარად ადამიანს სერიოზული საჩუქარი აჩუქო” - აღნიშნავს ნუგზარ ჭაჭიაშვილი.
ახალი პლატფორმის ამოქმედება, კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო ოქრო დღგ-სგან სრულად გათავისუფლდა. ნუგზარ ჭაჭიაშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ამან განაპირობა ბაზარზე ყველაზე დაბალი საოპერაციო პრემიუმი.
“საქართველოში ოქროს დღგ-სგან განთავისუფლება ძალიან გამიხარდა, რადგან ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სადაც პრაქტიკულად ოქრო, დღგ-თი იბეგრებოდა. რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში - ყველა ქვეყანაში ოქრო დღგ-სგან განთავისუფლებული. ეს გადაწყვეტილება გამონათება იყო და შესაძლებლობა რომ დავინახე, პირველი რაც სწრაფად გაკეთების იდეაც მომივიდა ეს პროექტია”, - ამბობს ნუგზარ ჭაჭიაშვილი და დასძენს, რომ მეტი სიცხადისთვის, 100-გრამიანი შვეიცარიული ზოდის შეძენისას პრემიუმი მხოლოდ 3.8%.
“ჩვენთან დახარჯულ ყოველ 100 ლარში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, რომ სახლში წაიღოს უკვე 96 ლარის ღირებულების ოქრო დაახლოებით”, - აღნიშნავენ კომპანიაში.
დღეს, მსურველებს საინვესტიციოდ და სასაჩუქერედ მაღალი ხარისხის ოქროს მონეტებისა თუ ზოდების შეძენა ონლაინ პლატფორმა Gold.ge-ზე და Galleria Tbilisi-ში განთავსებულ ფიზიკურ მაღაზიაში შეუძლიათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველადი ₾15-მილიონიანი ინვესტიცია გაიზრდება და Gold.ge-ს ახალი ფილიალები თავდაპირველად თბილისში, სასტუმრო Radisson-სა და Paragraph-ში გაიხსნება, რაც უახლოესი 2 თვის გეგმაა.
“შემდეგი ფილიალი სასტუმრო Radisson-ში გაიხსნება და უკვე იქ შესაძლებელი იქნება ჩვენი გაყიდული და სხვა ოქროს შევამოწმოთ. ანუ ადგილზე თანამედროვე ლაბორატორია გვექნება, სადაც ყველაფერი შემოწმდება და შევისყიდით, როგორც ჩვენ მიერ გაყიდულ პროდუქციას, ასევე ნებისმიერი სახის ოქროს”, - აღნიშნა ნუგზარ ჭაჭიაშვილმა კომპანიის განვითარების გეგმებზე საუბრისას.
ცნობისთვის, 2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ოქროს ზოდების და მონეტების იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდა. 2025 წლის ნოემბერში მიღებული საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, განმარტებულია საინვესტიციო ოქროს მნიშვნელობა და მითითებულია, რომ ამ კატეგორიის ოქროს ზოდი არანაკლებ 995 სინჯის უნდა იყოს, ხოლო საინვესტიციო ოქროს მონეტა არანაკლებ 900 სინჯის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, სსკ-ის 157-ე მუხლს, რომელიც მოიცავს ტერმინთა განმარტებებს დღგ-ის მიზნებისთვის, ახალი “წ” ქვეპუნქტი დაემატა:
„წ) საინვესტიციო ოქრო − არანაკლებ 995/1000 სინჯის ოქროს ზოდი ან ფირფიტა, აგრეთვე არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსგან დამზადებული ოქროს მონეტა, რომელიც გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოშვების ქვეყანაში ფულად-საგადახდო საშუალებად გამოიყენება/გამოიყენებოდა.შენიშვნა: საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმები და წესი, აგრეთვე იმ ოქროს მონეტების სია, რომლებიც აკმაყოფილებს საინვესტიციო ოქროს კრიტერიუმებს, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“
ამ ცვლილების შედეგად განახლდა ასევე სსკ-ის 172-173-ე მუხლები, რომელთა მიხედვით საინვესტიციო ოქროს მიწოდება და იმპორტი გათავისუფლდა დღგ-ით დაბეგვრისგან ჩათვლის უფლებით.
BM.GE
წყარო: bm.ge