
უკრაინას ომი ყოველდღიურად $450 მილიონი უჯდება - ანდრიი სიბიჰა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ რუსეთთან მიმდინარე ომის ყოველდღიურ დანახარჯზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კიევს კონფლიქტის ყოველი დღე, დაახლოებით, $450 მილიონი უჯდება.
უწყების ხელმძღვანელმა ამ მონაცემზე ყაზახურ გამოცემა Ulysmedia.kz-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უზარმაზარი ფინანსური ზარალის მიუხედავად, კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო პროცესში დინამიკა არ შეინიშნება. სიბიჰას შეფასებით, მოლაპარაკებების გაჭიანურება და დიპლომატიური აქტივობის დეფიციტი ომის დროულ დასრულებას აფერხებს.
ამასთან, უკრაინული მხარე ცეცხლის უპირობო შეწყვეტის რეჟიმის დასაწესებლად სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. სიბიჰას განმარტებით, კიევი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე სამშვიდობო ინიციატივების ერთგული რჩება და მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმატს, მათ შორის უმაღლეს საპრეზიდენტო დონეზე შეხვედრასაც ემხრობა.
მინისტრის მტკიცებით, საომარი მოქმედებების შესაჩერებლად დიპლომატიურმა პროცესმა ახალი ძალა უნდა შეიძინოს. თუმცა არავითარი გარიგება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და საზღვრების დაცვის საკითხზე ისინი კომპრომისზე არ წავლენ.
BM.GE
წყარო: bm.ge