მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საჯარო სამსახურის რეფორმის იდეა, რომელიც პროფესიულ განვითარებაზე იყო გათვლილი, იცვლება - ავალიშვილი
საჯარო სამსახურის რეფორმის იდეა, რომელიც პროფესიულ განვითარებაზე იყო გათვლილი, იცვლება - ავალიშვილი

საჯარო სამსახურის რეფორმის იდეა, რომელიც პროფესიულ განვითარებაზე იყო გათვლილი, იცვლება - ავალიშვილი

BM.GE20 მაისი, 2026, 21:30|bm.ge

პარლამენტში „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავენ. დოკუმენტის თანახმად, მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ეძლევათ.

გარდა ამისა, კანონპროექტით საჯარო დაწესებულებებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა (შტატგარეშე თანამშრომლების) მაქსიმალური რაოდენობა 10%-დან 15%-მდე იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის საპარლამენტო მდივანი ცვლილებებს ტექნიკური ხასიათისას უწოდებს, IDFI-ის პროგრამების ხელმძღვანელი ლევან ავალიშვილი, პროცესს საჯარო სამსახურის რეფორმის არსის შეცვლად მიიჩნევს.

კერძოდ, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენლის თქმით, 2018 წელს ევროინტეგრაციისა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დაწყებული რეფორმა საჯარო მოხელეების პროფესიულ განვითარებას, კარიერულ მედეგობასა და პოლიტიკური ნებისგან მათ დამოუკიდებლობას ისახავდა მიზნად, თუმცა მიმდინარე ცვლილებები საპირისპირო ტენდენციაზე მიუთითებს.

ავალიშვილის განმარტებით, დეპარტამენტებისა და სამსახურის უფროსების (ე.წ შუამენეჯერული რგოლის) ხელშეკრულებით დასაქმება მათ მოწყვლადს ხდით.

"2018 წელს დაწყებული ე.წ საჯარო სამსახურის რეფორმა ნაწილი იყო ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესისა, რადგან ასოცირების შეთანხმება, მათ შორის ჩვენი შეთანხმებები ევროკავშირთან მოითხოვდა საჯარო სამსახურის გარდაქმნას, პირველ რიგში, პროფესიული კუთხით, გარანტიების მიცემას მოხელეებისთვის და საჯარო სექტორისთვის, რომ მათ უფრო თავისუფლად ემუშავათ, მათი გაშვება და დაწინაურება ყოფილიყო პროფესიული და არ ყოფილიყო პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული და სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობდა ეს პროცესი.

თავის დროზე, როცა ეს ცვლილება გააკეთეს, ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, პროფესიულმა წრემ გააკეთა შესაბამისი განცხადებები, რომ არ შეიძლება საჯარო სექტორში დასაქმებული დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამსახურის უფროსები იყვნენ შტატგარეშე თანამშრომლები, ანუ ხელშეკრულებით დასაქმებულები. ეს ხომ არასტაბილურობას ქმნის, პირველ რიგში, მათთვის ისინი ხდებიან მოწყვლადები, მათზე ზემოქმედება გაცილებით მარტივია.

ინსტიტუციური მეხსიერება სწორედ ამ ხალხს აქვს, ე.წ შუამენეჯერულ რგოლს, რომლის ცვლილებაც უკვე ამ ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით ძალიან მარტივად ხდება. მათი კონტროლი გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. რეალობა არის ის, რომ მთელი ეს იდეა საჯარო სამსახურის რეფორმისა, რომელიც პროფესიულ განვითარებაზე, კარიერულ მედეგობაზე იყო გათვლილი, სამწუხაროდ, იცვლება ამ მიმართულებით", - განაცხადა ავალიშვილმა "საქმიან დილაში".

IDFI-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც დაახლოებით 117 ათას საჯარო მოხელეს აჩვენებს, რომ საბიუჯეტო ხარჯები ანაზღაურების მიმართულებით იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ეს მხოლოდ ყოველწლიური, გეგმური 10%-იანი საბაზისო სარგოს მატებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საჯარო ინფორმაციის მიღება საკმაოდ ჭირს და ანალიზიც ჭირს, მით უმეტეს, არასამთავრობო სექტორი საკმაოდ რთულ სიტუაციაშია, ამიტომ ღია წყაროებზე დაყრდნობით ვაკეთებთ მონაცემებს. პირველი, რაც აღსანიშნავია, საქართველოში არავის არა აქვს ოფიციალურად და ზუსტად წარმოდგენა, რამდენი ადამიანია დასაქმებული საჯარო სექტორში. იგივე კვლევა, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, ეს მხოლოდ ცენტრალურ უწყებებს ეხება. აქ არ შედის თვითმმართველობები, ააიპ-ები, სსიპ-ები და ასე შემდეგ, ანუ ესეთი აგრეგირებული მონაცემები, სამწუხაროდ, საკმარისად ხელმისაწვდომი არ არის, რომ რაღაც უფრო დიდი წარმოდგენა შევიქმნათ.

ანუ უფრო ვარაუდების დონეზე ხდება ძირითადად, თუმცა ის მონაცემები, რაც დავამუშავეთ, ძირითადად ეხება დაახლოებით 117 ათას საჯარო მოხელეს, რომელშიც შედის, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სასამართლოები, ანუ ცენტრალური დაწესებულებები, ასე ვთქვათ. აქ აშკარად ჩანს, რომ ეს 2022 წელს დაწყებული სახელფასო ზრდის პოლიტიკა ყოველწლიურად ე.წ საბაზისო სარგო 10%-ით იზრდება აქ, 2026-შიც უკვე გაიზარდა. ეს თანხა, რაც პროპორციულად რაც უნდა გაზრდილიყო, უფრო დიდი თანხით არის გაზრდილი ხელფასებზე გაცემული ანაზღაურება, დანახარჯი ბიუჯეტიდან, ვიდრე ეს უნდა ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ ეს 10%-იანი ზრდა იქნებოდა მხოლოდ. ანუ უსწრებს, გაცილებით უფრო მაღლა ადის საბიუჯეტო ხარჯვა ანაზღაურების მიმართულებით, ვიდრე ეს მხოლოდ ხელფასების ზრდით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული. ანუ რას ვგულისხმობთ აქ: ვგულისხმობთ იმას, რომ ფაქტობრივად შემოდის ეს უზარმაზარი ბიუროკრატია შტატგარეშე თანამშრომლებით. ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ იმ სტრუქტურებში, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ამ ხელისუფლებისთვის, იქ გაცილებით უფრო დიდი ზრდა არის - მაგალითად, როგორ გითხრათ, უზენაეს სასამართლოში და სასამართლოებში 90-დან 100%-მდე ზრდა არის ანაზღაურების მიმართულებით", - ამბობს IDFI-ის წარმომადგენელი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Meta-მ თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი დაიწყო

Meta-მ თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი დაიწყო

BM.GE

რომელ ვალუტაში ვისესხოთ? - "თიბისი კაპიტალის" რეკომენდაციები ბიზნესს

რომელ ვალუტაში ვისესხოთ? - "თიბისი კაპიტალის" რეკომენდაციები ბიზნესს

BM.GE

OpenAI-მ სინგაპურში ხელოვნური ინტელექტის პირველი უცხოური ლაბორატორია დააფუძნა

OpenAI-მ სინგაპურში ხელოვნური ინტელექტის პირველი უცხოური ლაბორატორია დააფუძნა

BM.GE

გერმანული კომპანია Voltares Energy მარნეულში 73-მეგავატიან მზის ელექტროსადგურს აშენებს

გერმანული კომპანია Voltares Energy მარნეულში 73-მეგავატიან მზის ელექტროსადგურს აშენებს

BM.GE