
სახაზინო ობლიგაციებს არ ვიყიდდი - ჯეიმი დაიმონი
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის ხელმძღვანელის აზრით, გლობალური ბაზრები არსებულ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ საფრთხეებს სათანადოდ ვერ აფასებენ, რის გამოც მიმდინარე ფასების პირობებში აქციებისა თუ ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვა გაუმართლებელია.
ჯეიმი დაიმონმა გადაცემა The Master Investor-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ინვესტორები გლობალური რისკების მასშტაბს სათანადოდ ვერ აღიქვამენ. მისი შეფასებით, ბაზარი სრულად ვერ ასახავს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებს, აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებულ დაძაბულობასა და სახელმწიფო დეფიციტის ფონზე გაზრდილ სამხედრო დანახარჯებს.
ამასთან, JPMorgan Chase-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ინფლაციის შემცირების შემთხვევაშიც კი, აშშ-ის 10-წლიანი ობლიგაციების სარგებელი 4%-იდან 4.5%-მდე დიაპაზონში უნდა შენარჩუნდება, რის გამოც გრძელვადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენა ხელსაყრელ ინვესტიციად ვერ მიიჩნევა. როგორ დაიმონის ამბობს, ის სახაზინო ობლიგაციების შეძენაში ვერანაირ აზრს ვერ ხედავს, რადგან ინფლაციის გათვალისწინებით, ბონდების რეალური შემოსავალი 1%-ის ფარგლებშია.
რაც შეეხება საფონდო ბაზარს, დაიმონმა განმარტა, რომ ცალკეული კომპანიების აქციებით შესაძლოა დაინტერესდეს, თუმცა არსებული კაპიტალიზაციის ფონზე ფართო ბაზრის ინდექსების შესყიდვისგან ის თავს შეიკავებს, მათ შორის S&P 500-ის მიმართ.
პარალელურად, მან ხელოვნური ინტელექტის სექტორში არსებული ბუმის შეფასებისას პარალელი ინტერნეტის განვითარების ადრეულ ეტაპთან გაავლო და ხაზი გაუსვა, რომ ინვესტიციები, სავარაუდოდ, მომგებიანი აღმოჩნდება, თუმცა არა იმ ვადებსა და ფორმებში, რასაც ინვესტორები ამჟამად ელიან.
ცნობისთვის, საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უმსხვილესმა ბანკმა, JPMorgan Chase-მა გასულ კვირას კვარტალური ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, სადაც სავაჭრო და საინვესტიციო-საბანკო მიმართულებით შემოსავლების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.
ზოგადად, დაიმონი უოლ-სტრიტზე ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ ბანკირად მიიჩნევა, რომელიც ყოველთვის მაქსიმალურად ემზადება რისკებისა და პოტენციური რეცესიისთვის, სწორედ ამიტომ JPMorgan-ის სარეზერვო კაპიტალს ხშირად "აუღებელ ციხესიმაგრეს" უწოდებენ, რადგან დაიმონის ხელმძღვანელობით კომპანია ყოველთვის ყველა სცენარისთვის 100%-ით მზადაა.
